იმერლების ლაზარეთი იცლება

AutoSharing Option
ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი "ზესტაფონი" დღეს, 27 ივნისს მეორე საკონტროლო მატჩს ჩაატარებს – დაბა კუნდლში ლვოვის "კარპატის" გაეჯიბრება. შეგახსენებთ, გია გეგუჩაძის გუნდი ლვოველებს შარშან ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გადაეყარა და ორივე მატჩი 0:1 დათმო. "კარპატის" კვლავაც ბელარუსი ოლეგ კონონოვი წვრთნის, იქვეა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ალექსანდრე გურულიც.

ბუქარესტის "სტიაუასთან" სპარინგის (0:1) მეორე დღეს კი "ზესტაფონის" ფეხბურთელებს აღდგენის დღე ჰქონდათ - დილით სარეაბილიტაციო პროცედურები საუნასა და აუზში, დღის მეორე ნახევარში გუნდმა დაისვენა, ხოლო საღამოს მსუბუქად ივარჯიშა.

სასიამოვნოა, რომ ფეროელთა ლაზარეთი ნელ-ნელა
იცლება. მიკროტრავმა მოიშუშა ძირითადმა მეკარე როინ კვასხვაძემ და დღეს აუცილებლად ითამაშებს, ნიკოლოზ გელაშვილი, ზაალ ელიავა და ალექსი ბენაშვილი კი დღეს თუ ვერა, "ზესტაფონს", სავარაუდოდ, შემდეგ სპარინგში დაეხმარებიან. უფრო რთულადაა ზურაბ მენთეშაშვილისა და გოგი ფიფიას საქმე, რომლებიც "ზესტაფონს" ავსტრიაში არც გაჰყოლიან.

30 ივნისს კი "ზესტაფონი" თავს შინაურ გარემოში იგრძნობს. საქმე ის არის, რომ მისი და შვეიცარიული "ბაზელის" ამხანაგურ მატჩს გერმანიაში მცხოვრები ქართველები დაესწრებიან. ეს შეხვედრა ავსტრიის ქალაქ კუფშტაინში გაიმართება, რომელიც გერმანიის საზღვართან ახლოს მდებარეობს და მიუნხენიდან მატარებლით საათისა და 20 წუთის სავალზეა.

ბოლო ავსტრიულ სპარინგს საქართველოს ჩემპიონები 5 ივლისს გამართავენ, მეტოქის ვინაობა მალე გაირკვევა. "ზესტაფონი" საქართველოში ამ მატჩის დასრულებისთანავე გამოეშურება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული