მალე ისიც გახდება ცნობილი, თუ რა ოდენობის თანხას გამოუყოფს "ბაიას" ახალი სპონსორი, თუმცა კლუბში დადებითი ძვრები კონტრაქტის გაფორმებამდეც შეინიშნება. კერძოდ, ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და პერსონალს უახლოეს დღეებში გაუსტუმრებენ ორთვიან სახელფასო დავალიანებას, უკვე გამოინახა შეკრების
ბოლოდროინდელმა ამბებმა "ბაიადან" წასვლა გადააფიქრებინა გამოცდილ მეკარე გიორგი სომხიშვილს, რომელიც ზუგდიდელებთან ხელშეკრულებას ახანგრძლივებს; ფაქტობრივად, გადაწყვეტილია "ბაიაში" ახალგაზრდა ნახევარმცველის, გიორგი ცხადაიას გადასვლა, რომელიც გასულ სეზონში ჯერ "ზესტაფონის", შემდეგ კი "სამტრედიას" ღირსებას იცავდა; მოსალოდნელია გამოცდილი მცველის, ლევან აკობიას დაბრუნებაც, ოღონდ ეს მოგვიანებით თუ მოხდება, რადგან დღესდღეობით აკობია სომხური "ულისის" ფეხბურთელია და ერევნულ კლუბთან ერთად ევროპის ლიგის პირველ ეტაპზე ითამაშებს.
უკვე გაცნობეთ, რომ "ბაიას" დაუბრუნდა ნახევარმცველი ლუკა გუგუჩია, რომელმაც გასული სეზონი განათხოვრებით ქუთაისის "ტორპედოში" გაატარა. "ლელოს" მიერ სეზონის საუკეთესო დებიუტანტად დასახელებული ირაკლი ქობალია კი, რომელიც ევროპის ლიგისთვის რუსთავის "მეტალურგმა" ინათხოვრა, აუცილებლად დაბრუნდება.
სხვა მხრივ, "ბაიას" შემადგენლობაში განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. გუნდი კვლავაც ახალგაზრდული იქნება, მწვრთნელები ნიჭიერ ჭაბუკებს არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ სამეგრელოს სხვა რეგიონებშიც ეძებენ.
"ბაიას" მოსამზადებელ გეგმებში ცვლილებებია. ელგუჯა ქომეთიანის გუნდი ბაკურიანულ შეკრებაზე აღარ წავა და უახლოეს პერიოდს საკუთარ ბაზაზე გაატარებს, სადაც ორჯერად ვარჯიშებთან ერთად ამხანაგურ მატჩებსაც გამართავს. საწვრთნელი პროცესი რამდენიმე დღის წინ დაიწყო, პირველ საკონტროლო შეხვედრას კი "ბაია" პარასკევს ან შაბათს ჩაატარებს.
ბაკურიანისგან განსხვავებით, კვლავაც დღის წესრიგშია თურქეთში გამგზავრება, ოღონდ ადრე ნათქვამი შავიზღვისპირეთისგან განსხვავებით, "ბაიას" სამწვრთნელო შტაბი სამთო კურორტ ბოლუში გამგზავრებას გეგმავს. ისევე, როგორც სხვა თურქულ კურორტებზე, იქაც შესანიშნავი საფეხბურთო ინფრასტრუქტურაა და ზუგდიდელებს არც სპარინგ-პარტნიორების მოძიება გაუჭირდებათ. გეგმის მიხედვით, ათდღიანი თურქული შეკრება 20 ივლისს უნდა დაიწყოს.
მოკლედ, "ბაიას" წევრები სეზონს იმედიანი განწყობით ხვდებიან და ჩვენც ვიქონიოთ იმედი, რომ ახალი სპონსორი ნაკისრ ვალდებულებას პირნათლად შეასრულებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"