ალექსანდრე კვახაძე: ერთი ეტაპის გადალახვა არ დაგვაკმაყოფილებს

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგმა" ერევანში გამარჯვებით ევროპის ლიგის მეორე ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. გუნდის 26 წლის კაპიტან ალექსანდრე კვახაძეს განვლილი მატჩისა და "მეტალურგის" საევროთასო პერსპექტივების შესახებ გავესაუბრეთ.

- უპირველესად, გამარჯვებას გილოცავ. ერთი შეხედვით, ეს შედეგი "მეტალურგის" გულშემატკივრებს დამშვიდების საშუალებას აძლევს.
- გამარჯვებამ ძალიან გაგვახარა, თუმცა კარგად გვესმის, რომ 7 ივლისსაც დიდი ბრძოლა გველის. გული იმაზეც მეთანაღრება, რომ უფრო სოლიდური სხვაობით მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, მეორე ტაიმი თითქმის მთლიანად კაცნაკლულად ვითამაშეთ და იძულებულები ვიყავით, მთელი ძალები დაცვაში გადაგვესროლა.

ყველამ ბევრი იბრძოლა და, საბედნიეროდ,
კარი მშრალად შევინახეთ. მთელმა გუნდმა მაღალ დონეზე ითამაშა, ჩვენს დაცვასა და ნახევარდაცვას უდიდესი ჯაფა დაადგა, დიდი საქმე გააკეთა თავდასხმაში მარტოდ დარჩენილმა ირაკლი მოდებაძემ, რომელიც მასპინძელთა შეტევების შეფერხებას გამუდმებით ცდილობდა.

- საგოლე შანსები "ბანანცსაც" ჰქონდა და "მეტალუგსაც".
- ასე იყო, მაგრამ მატჩი, ალბათ, მაინც ლოგიკური ანგარიშით დასრულდა. ერთ ეპიზოდში ბედმაც გაგვიღიმა, როცა მეტოქის მიერ ჩამოწოდებული ბურთი ჩვენი კარის ძელს მოხვდა.

- "მეტალურგისა" და საკუთარი თამაშის ხარისხს როგორ შეაფასებ?
- იქიდან გამომდინარე, რომ ეს სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი იყო, გუნდის თამაშს უდავოდ დადებითად შევაფასებ. საკუთარ თავზე ლაპარაკი მიჭირს, მაგრამ ვფიქრობ, მეც უშეცდომოდ ვითამაშე. სლოვენიაში ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ და წარმოუდგენელი იქნებოდა, ეს ფაქტორი გუნდის თამაშზე დადებითად არ ასახულიყო.

- როგორი დავალებები მიიღეთ მწვრთნელებისგან მატჩამდე?
- რაკი მეტოქეს კარგად არ ვიცნობდით, თავიდან ფრთხილად უნდა გვეთამაშა და მასპინძელთა ძლიერი და სუსტი მხარეები დაგვანეხა, მოგვიანებით კი შეტევაშიც უნდა გვეცადა ბედი, რასაც თავი წარმატებით გავართვით.

- სტადიონზე გულშემატკივრები "მეტალურგს" როგორ შეხვდნენ?
- ძალიან თბილად. სტადიონზეც, სასტუმროშიც და, საერთოდ, ერევანში ყოფნისას იქაურები დიდი პატივისცემით გვეპყრობოდნენ. როგორც იცით, სომხეთში მატჩამდე სამი დღით ადრე ავტობუსით ჩავედით და დასვენებაც მოვასწარით და იქაურ კლიმატთან შეგუებაც. ერევანში ძალიან ცხელოდა და კიდევ კარგი, რომ თამაშამდე ძალების მოკრებისთვის დრო გვქონდა. სხვათა შორის, იქაური საფეხბურთო ინფრასტრუქტურაც ძალიან მომეწონა.

- უკვე ცნობილია "მეტალურგის" სავარაუდო მეტოქეები ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე.
- ამაზე ჯერ ბევრს არ ვფიქრობთ, სჯობს, ჯერ "ბანანცთან" მოვამთავროთ საქმე. თუმცა, ბუნებრივია, მხოლოდ ერთი ეტაპის გადალახვა არ დაგვაკმაყოფილებს და შემდეგ რაუნდშიც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. "იაგელონიაც" და "ირტიშიც" ძლიერი კლუბები არიან, მაგრამ გადაულახავი ბარიერი არც ერთი მათგანი არ არის.

- წელიწადზე მეტია, "მეტალურგის" ფეხბურთელი ხარ. რა მოგცა ამ კლუბში გატარებულმა პერიოდმა და განვითარების რა პერსპექტივა აქვს მას?
- ამ ერთი წლის განმავლობაში კლუბში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი კი ახალი ხელმძღვანელობის მოსვლა იყო, რაც "მეტალურგს" უთუოდ წაადგა. თუკი ადრე "ოლიმპში" ყოველ ნახევარ წელიწადში ახალ-ახალი გუნდი იქმნებოდა, ახლა სიტუაცია გაცილებით საიმედო და სტაბილურია. შემადგენლობაშიც დიდი ცვლილებები აღარ ხდება, გუნდის ბირთვი ჩამოყალიბდა, რაც წარმატებების მისაღწევად აუცილებელი წინაპირობაა.

დღეს "მეტალურგი" უკვე ის კლუბია, სადაც თამაში დიდი პატივია. ბედნიერი ვარ, რომ "მეტალურგის" კაპიტანი ვარ. აქ გატარებულმა პერიოდმა როგორც ფეხბურთელს ბევრი რამ შემძინა. მიხარია, რომ ვარ ამბიციური კლუბის წევრი, სადაც სპორტული ინტერესიც დიდი მაქვს და მატერიალურადაც ყველაფერი მაკმაყოფილებს. "მეტალურგთან" კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და აქ მომავალ სეზონს დიდი სიამოვნებით გავატარებ, რადგან სერიოზული მიზნებისთვის ვაპირებთ ბრძოლას.

- რა დააკლდა "ოლიმპს" წინა სეზონში ტიტულის მოსაპოვებლად?
- ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში "მეტალურგი" გაცილებით ძლიერი გუნდი იქნება - საქართველოს ჩემპიონობისა და თასისთვის ვიბრძოლებთ. კარგად გვესმის, რომ სერიოზული კონკურენტები გვყავს და ტიტულის მოგება ურთულესი ამოცანაა, მაგრამ საკუთარი თავის საფუძვლიანი იმედი გვაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული