რა არის ქართული ფეხბურთი?

AutoSharing Option
ვითომ პროფები
ფეხბურთის ზოგიერთი სპეციალისტი ამ სახეობის "პრივატიზაციას" ცდილობს. მათ ნერვებს ისიც კი უშლით, სხვა სფეროს წარმომადგენელი ფეხბურთზე მოსაზრებას რომ გამოთქვამს. არადა, ქართული ფეხბურთის სათავეებთან იდგნენ მაშინდელი ინტელექტუალები. მაგალითად, თბილისის "დინამოს" დაარსებაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერმუშაკები, აგრეთვე პირველი პრეზიდენტის, ნოე ჟორდანიას ძმისშვილი ანდრო ჟორდანია.

ამ ხალხმა ქართული ფეხბურთისთვის იმდენი გააკეთა, რამდენიც არც ერთ "პროფის". საერთოდაც, ჩვენს ფეხბურთში "ფეოლებს" დიდი წვლილი მიუძღვით, ბევრმა "პროფესიონალმა" კი კორუფციის ჭაობში გადაჩეხა ჩვენი ფეხბურთი და ტრადიციული ქართული სტილი მათი ბნელი გონების გამოც ამოიძირკვა.

გაიხსენეთ
თუნდაც "მრეტები", რომელიც მხატვარმა ვაჟა ჩხაიძემ ჩამოაყალიბა, საბჭოთა კავშირში პირველი პროფესიული კლუბი, რომელიც თავისი დროის ქართული "ბარსელონა" იყო და ჩვენს ფეხბურთს არაერთი ვარსკვლავი აჩუქა, რომელთაგან საუკეთესო გიორგი ქინქლაძე იყო. ისინი კი არ წვალობდნენ, ნამდვილ, ჩვენს და თქვენს საყვარელ ფეხბურთს თამაშობდნენ. მაგრამ რად გინდა, "მრეტები" ჩაძირეს, მოთამაშეთა უმრავლესობა კი "პროფების" ხელში დამუხრუჭდა და "გაჩერდა". არადა, მსგავსი სანახაობრივი ფეხბურთი საქართველოში "თბილისსა" და გია გეგუჩაძის "დინამოს" თუ უთამაშიათ.

ოპერის მომღერლის სიყვარული
ქართული ფეხბურთის სატკივარზე საოპერო მომღერალი თამაზ ლაფერაშვილი ისე საინტერესოდ გვესაუბრა, ბევრი სპეციალისტი ვერ შეძლებდა - საქართველოს სახალხო არტისტი, ოპერის თეატრის დირექტორის ყოფილი მოადგილე. სხვათა შორის, მისი ვაჟი ლადო მიუნხენის "ბაიერნის" 17-წლამდელთა გუნდში, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში, "ზესტაფონსა" და "ამერში" თამაშობდა, მაგრამ ტრავმისა და ბევრ სხვა მიზეზთა გამო 22 წლის ნიჭიერი თავდამსხმელი არსად თამაშობს.

თამაზ ლაფერაშვილი: ჩემი სამსახური საღამოს 4 საათიდან იწყებოდა, მეც სპექტაკლის დაწყებამდე "ავაზაზე" და სხვა საფეხბურთო სკოლებში დავდიოდი და ბავშვების თამაშს ვუყურებდი, ვმეგობრობდი ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან.

ასე მგონია, რაც ადრე გვაწუხებდა, ახლაც იგივე პრობლემები მოგვეძალა. ვგულისხმობ ქართული ფეხბურთის სტილის წახდენას და ნიჭიერი ბავშვების დაკარგვას.

რატომ იკარგებიან ტალანტები?
ცნობილი რუსი სპეციალისტის, ვალერი ნეპომნიაშჩის ინტერვიუ მახსენდება, რუსეთში მთელი ათი წელი, 1990 წლიდან ძლიერი თაობა არ გაიზარდა და მოთამაშეები სხვა რესპუბლიკებიდან დავიმატეთო. ხომ გახსოვთ, ეს რუსეთში პრობლემური დრო იყო, პერიფერიებში სიღატაკე არავის უკვირდა. ნეპომნიაშჩის აზრით, რუსულმა ფეხბურთმა სწორედ ის ბავშვები დაკარგა, რომელთა ოჯახებსაც არ ულხინდათ და შვილებს ვერ ეხმარებოდნენ. ამის შემდეგ თაობათა შორის წყვეტა მოხდაო და მართალიც არის. ასევეა ახლა საქართველოში - ტრადიციულად, ფეხბურთს გაჭირვებული ოჯახის შვილები თამაშობენ და ჩვენც ბოლო ათლწეულებია, ამ ბავშვებს ვკარგავთ.

მეეჭვება, ფეხბურთი ითამაშოს იმ ბავშვების უმრავლესობამ, რომელთა მშობლებიც 50 დოლარს იხდიან. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ფეხბურთი ღარიბების თამაშია, მათ კი საქართველოში გასაქანი არ აქვთ.

დანიაში ვიყავი, დავინტერესდი და მითხრეს, რომ საფეხბურთო სკოლებს მუნიციპალიტეტები აფინანსებენ. არსებობს ერთიანი სისტემა, რომლის წყალობითაც ბავშვები ფულს არ იხდიან, მწვრთნელებს, მათ შორის, ფიზმომზადების მწვრთნელებსაც, ხელფასით სახელმწიფო უზრუნველყოფს. ჩემი შვილი გერმანიაში ვარჯიშობდა და როდესაც ბავშვი გუნდში აჰყავთ, მის ოჯახს ცენტის გადახდაც არ უწევს, ყველაფრით კლუბი ამარაგებს, ფორმებით, ეკიპირებით, ბურთებით, ბუცებით, აღარაფერს ვამბობ ტრანსპორტირების ხარჯებზე.

სწორედ ამიტომ გამიხარდა, როდესაც ჩვენში სკოლბურთის სისტემა ჩამოყალიბდა. გინდა, სიჭინავამ შეუწყოს ხელი, გინდა, სხვამ. მთავარია, ეს სისტემა ამოქმედდეს და ყველა დარწმუნდება, რამდენი ტალანტი გვყავს.

ჩვენი ფერი ფეხბურთში
მთავარია, სკოლებს მოუმზადონ რაც შეიძლება მეტი "ც" კატეგორიის სპეციალისტი, რათა დასაწყისში მაინც ითამაშონ ბავშვებმა ყოველგვარი სქემებისა და ჩარჩოების გარეშე, ის, რაც იციან და სისხლში აქვთ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბავშვები ნებაზე უნდა მიუშვან და ნიჭი წარმოაჩენინონ. ჩვენს ფეხბურთს სტილს ეს თუ შეუნარჩუნებს. თორემ მოდიან ბავშვები, რომლებსაც თავიდანვე უკრძალავენ ფინტსა და ბუნებრივი ნიჭის გამოვლენას, ამიტომაც ვიღებთ უფერულ თაობებს.

მახსოვს, "ავაზას" დანიაში გავყევი. ბავშვებს თავისუფლება მისცეს და ადგილობრივ გუნდს 7:1 მოუგეს. მერე იყო ფინალი, სადაც ჩვენები ჯერ ვერაფერს აკეთებდნენ, მერე კი ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა - ერთმა დაიწყო "მატაობა", მას სხვებიც აჰყვნენ და 3:0 გაიმარჯვეს, რადგან ის ფეხბურთი ითამაშეს, რაც სისხლში ჰქონდათ, სხვა სტილით ჩვენ ვერასოდეს ვერაფერს მივაღწევთ.

ჩვენი პრობლემა ყოველთვის იყო ქართველისთვის ბუნებრივი სათამაშო სტილის შერჩევა. ვიცნობდი გავრილ კაჩალინს, რომელსაც საინტერესო შეხედულებები ჰქონდა: ერთხელ მითხრა, ქართველმა უნდა "იმატაოს", მესხი ჰუსაინოვივით ვერასოდეს ითამაშებს დაცვაში, ასე ეფექტსა და სასარგებლო თვისებებს კარგავსო.

რა თქმა უნდა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ფეხბურთიც შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა ქართველი კაცის ბუნება და ვფიქრობ, რასაც სხვა აკეთებს, ავტომატურად არ უნდა გადმოვიღოთ, თორემ ღამურასავით მოგვივა, საკუთარი რომ უარყო, სხვა კი ვერ გახდა.

ასეთი ტენდენცია უკვე თვალშისაცემია. თუმცა ვერ დავეთანხმები მათ, ვინც თემურ ქეცბაიას აკრიტიკებს. ამ კაცმა საქართველოს ნაკრებს მაქსიმუმი გამოსწურა.
1952 წელს ბორის არკადიევის ხელმძღვანელობით საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში წააგო და ამის გამო იმ დროის უძლიერესი გუნდი მოსკოვის ცდკა დაშალეს. მალე არკადიევი ბაქოში მიიწვიეს და ჰკითხეს, ცდკა-ში 5 თავდამსხმელით თამაშობდი, აქ მხოლოდ ერთი რატომ გყავსო? იმიტომ, რომ აქ ერთი მყავსო. მგონია, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო დააყენა ქეცბაიამ ხორვატიაში 8 მცველი და არა სამი თავდამსხმელი.

თორემ ჩვენ სხვა ფეხბურთი რომ გვიყვარს და შეგვიძლია, ეს საკამათოც არ არის. კაჩალინი ამტკიცებდა, რომ არსებობს სამი სტილის ფეხბურთი - ბრიტანული, შუაევროპული და ლათინური, ქართველები კი ლათინურს მიეკუთვნებით, თქვენ ევროპელებივით და ბრიტანელებივით მოედანზე ბევრი სირბილი არ შეგიძლიათ, სამაგიეროდ, კარგად გამოგდით მოკლე პასებით თამაში და სხვა სტილით არც უნდა ითამაშოთო.

მას შემდეგ დრო გავიდა, გამოჩნდნენ საკმაოდ ძლიერი აფრიკული და აზიური ნაკრებები, მაგრამ ჩვენ და ჩვენი ბუნება შევიცვალეთ? ქართველი ხომ იგივე დარჩა, ასე რომ, ფეხბურთიც ჩვენი ხასიათისა და სისხლის შესაფერისად უნდა ვითამაშოთ, თორემ სხვა ფეხბურთი არც გამოგვივა და ვერც ავითვისებთ, საუკეთესო თვისებებს კი გავანიავებთ.

სხვათა შორის, სწორედ ამიტომ მომეწონა ალექს გარსიას "დინამო" - გუნდმა ჩვენთვის უფრო ბუნებრივი, ძვალსა და რბილში გამჯდარი ფეხბურთი აჩვენა - ცუდი, მაგრამ მაინც ფეხბურთი და ახალი "დინამოს" სახე გამოჩნდა. გულშემატკივრებს სწორედ ასეთი ფეხბურთი მოგვწონს, თორემ ახლანდელ ვითარებაში ჩემპიონთა ლიგის მოგებას არავის ითხოვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბრავო მაგარია ბრავო
megeli
14:25 05-07-2011
0
ისე, საბავშვო-საფეხბურთო ინფრასტრუქტურას რომ აფინანსებდეს სახელმწიფო თავიდან, კარგი იქნებოდა... მაგალითად: ფეხბურთს იწყებს ღარიბი, უქონელი ოჯახის ბავშვი, დაუფინანსე აღზრდა-განვითარება.. ოღონდ კი ნუ აჩუქებ ფულს, ასესხე. ანუ, ვთქვათ, მისი აღზრდა დაჯდა 1 ლიმონი, გაიზარდა უძლიერესი ფეხბურთელი და გაიყიდა 16-17 ლიმონად, ადექი და დაუკავე იქიდან 2 ლიმონი... ერთის მხრივ ფეხბურთელისთვისაც შვებაა, რომ ფულს არ იხდის გაზრდაში და მეორეს მხრივ, თვითონაც მიიღებს მონაწილეობას 2 მისნაირის აღზრდის საქმეში.. 17 "დარმავოი" ლიმონიდან ვინ არ დასთანხმდება 2-ის ჩადებას საფეხბურთო ინფრასტრუქტურაში? ხოლო თუ, მაგალიტად, მისგან არ დადგა ფეხბურთელი, მაშინ ბიზნესია რა და ჩავარდა ერთი პროექტი, მაგრამ ყველა ხომ არ ჩავარდება?
apokalifsis
13:59 07-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული