"დინამო" ასეულის მიჯნაზე

AutoSharing Option
ევროპის ლიგის პირველ ეტაპზე მოლდოვურ "მილსამისთან" მოპოვებულმა გამარჯვებამ თბილისის "დინამო" ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ყოველთვიურ საკლუბო რეიტინგში ერთბაშად 22 საფეხურით დააწინაურა და ალექს გარსიას გუნდი დღეს მსოფლიოში 102-ეა.

"ზესტაფონი", რომელიც წინა თვეში 161-ე იყო, დღეს 168-ე პოზიციაზეა და იმედია, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპსაც გადალახავს და ამით რეიტინგშიც იხეირებს.

ყველაზე დიდი წინსვლა კი რუსთავის "მეტალურგს" აქვს, რომელმაც ერევანში "ბანანცის" დამარცხებით 420-ედან 295-ე ადგილზე გადაინაცვლა. საუკეთესო 350-ეულში საქართველოდან მხოლოდ ეს სამი კლუბია წარმოდგენილი.

აქვე ჩვენი საევროთასო მეტოქეების მდგომარეობასაც
გადავხედოთ. "ზესტაფონის" საჩემპიონთალიგო მოწინააღმდეგე "დაჩია" ფეროელთა მეზობლადაა, 172-ე ადგილზე; "დინამოსა" და "მეტალურგისგან" ძლეულები, "მილსამი" და "ბანანცი" 350-ეულში საერთოდ არ არიან, "გაგრას" მომავალი მეტოქე "ანორთოსისი" კი 159-ე პოზიციაზეა.

რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, პირველ ორ ადგილზე ესპანური გრანდები რჩებიან, ევროპის ლიგის გამარჯვებული "პორტუ" მესამეა, ლიბერტადორესის თასის მოგებით ბრაზილიური "სანტოსი" ათეულში შევიდა, გამოსარჩევია კიევის "დინამოს" შედეგიც.

IFFHS-ის ზეათეული კი ასეთია: 1. ბარსელონა (ესპანეთი), 2. რეალი (ესპანეთი), 3. პორტუ (პორტუგალია), 4. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი), 5. მანჩესტერ სიტი (ინგლისი), 6. ვილიარეალი (ესპანეთი), 7. ინტერი (იტალია), 8. ველეს სარსფილდი (არგენტინა), 9. სანტოსი (ბრაზილია), 10. დინამო (უკრაინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული