პირველი გოლები, გამარჯვება და კარგი სალიგო განწყობა

AutoSharing Option
ზესტაფონი-უნივერსიტატია 3:2
ზესტაფონი: რ. კვასხვაძე - თ. ღონღაძე, გ. ონიანი (31. კობახიძე), ხიდეშელი (80. გაგოშიძე), ელიავა (88. სარდალიშვილი) - დაუშვილი (68. როსტომ გეწაძე), ძარია (59. ბაბუნაშვილი), აფციაური (67. ჭანკოტაძე), გრიგალაშვილი (67. ბენაშვილი) - დვალი (67. ლომია), გელაშვილი (59. წინამძღვრიშვილი).
უნივერსიტატია: ბოსნეაგი, ბუსკა, შილაგი, შუშუი, ნიკოლა, ბაზი, ტობა, ვოიკანი, ე. კასტრო, მორარი, ნ. ტონი.
შეცვლაზე შევიდნენ: მატაჩე, პოპა, შუკალა, გ. მენდი, ს. პელე, აბრუდანი, მენასელი, ნიკოლესკუ, პასურარი, მაჩადო.
გოლები: 0:1 ნ. ტონი (8), 1:1 თ. ღონღაძე (14), 2:1 აფციაური (20), 3:1 გელაშვილი
(34), 3:2 ნ. ტონი (71)

"ზესტაფონმა" ავსტრიულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა და როგორც იქნა, გოლებიც გაიტანა და გამარჯვებასაც მიაღწია. საქართველოს ჩემპიონებმა დაძაბულ ბრძოლაში რუმინეთის ჩემპიონატის მერვეადგილოსან კლუჟის "უნივერსიტატიას" სძლიეს.

გია გეგუჩაძემ ავსტრიულ შეკრებაზე პირველად გაიყვანა ოპტიმალური შემადგენლობა და ფეროელთა პროგრესიც უპირველესად ამას უნდა მივაწეროთ. ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა ნიკა გელაშვილი და, საბედნიეროდ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის გამოჯანმრთელება "ზესტაფონს" წინა ხაზში არსებულ პრობლემებს მოუგვარებს. ერთადერთი, რაც გუშინდელ შეხვედრაში არ მოგვეწონა, მეკარისა და დაცვის არადამაჯერებელი თამაშია, მაგრამ "ზესტაფონის" ამ ორ რგოლს წინა სეზონში ყველაფერი რიგზე ჰქონდა და იმედია, ჩემპიონთა ლიგაზე უხეშ შეცდომებს აღარ დაუშვებენ.

გუშინ, 4 ივლისს "ზესტაფონმა" გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი პირველივე ტაიმში გადადგა, როცა რუმინელთა სწრაფი გოლის შემდეგ ვითარება უმალ შეცვალა სათავისოდ და შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ნახევარში "კლუჟი" უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო და "ზესტაფონის" წევრები ევროსეზონს კარგი განწყობით შეხვდებიან.

გეგუჩაძის გუნდი საქართველოში დღეს, 5 ივლისს დაბრუნდება და 13 ივლისის შეხვედრისთვის ზესტაფონში მოემზადება.

შეგახსენებთ, "ზესტაფონმა" ავსტრიის ალპებში ორი კვირა გაატარა და გუშინდლამდე სამი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა - რუმინულ "სტიაუასთან" 0:1 დამარცხდა, უკრაინულ "კარპატისთან" 0:0 ითამაშა, შვეიცარიულ "ბაზელთან" კი 0:4 განადგურდა. ახსნა ასეთი დიდი ანგარიშით მარცხსაც შეიძლება მოეძებნოს - ამ შეხვედრას "დაჩიას" მზვერავი ესწრებოდა და "ზესტაფონმა" არცთუ საუკეთესო შემადგენლობით ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ფოტო და ვიდეო: fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული