"მეტალურგი": აგრესია და მშრალკარა!

AutoSharing Option
რუსთავის " მეტალურგისა" და პავლოდარის "ირტიშის" დაპირისპირება დღეს,14 ივლისს "ფოლადზე" 18 საათზე დაიწყება. მატჩის ორგანიზატორები უეფას დაეკითხნენ და აღმოჩნდა, რომ სავალდებულო არ ყოფილა ბილეთის მინიმალურ ფასად ერთი ფრანკის ეკვივალენტური თანხის დაწესება, თუ გინდათ, უფასოდ შეუშვით ხალხიო და რუსთაველმა გულშემატკივარმა საჩუქარი მიიღო - ბილეთები უფასოდ დაურიგდებათ.

გუშინ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა სტადიონზე პრესკონფერენცია გამართეს და გუნდებიც ავარჯიშეს.


აგრესია და მშრალკარა
არმაზ ჯელაძე, "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელი:
- ყაზახეთში ახლა ჩემპიონატია და "ირტიში" სათამაშო ფორმაშია, მაგრამ ჩვენ წარმატების მისაღწევად აგრესიულ და შემტევ ფეხბურთს
ვითამაშებთ. ვეცდებით, გავიტანოთ, კარი კი მშრალად შევინახოთ და შემდეგ ეტაპზე გასვლას საფუძველი აქვე ჩავუყაროთ.

- "ბანანცთან" რუსთავული მატჩის მეორე ტაიმი ჩააგდეთ, მოთამაშეებმა კი დაღლა კონდიციებს დააბრალეს. ახლა როგორ მდგომარეობაში არიან?
- იმ დღეს ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო და ამან ბიჭების თამაშს დაღი დაასვა. გოლმაც იმოქმედა, გავიტანეთ და ცოტა მოვეშვით, ზედმეტად თავდაჯერებულად ვითამაშეთ. რაც შეეხება გუნდის ფიზიკურ მზადყოფნას, ამ მხრივ საკმაოდ ნორმალური ვითარებაა.

- მეტოქეზე რა იცით, მათი მატჩების ვიდეოჩანაწერი თუ ნახეთ?
- არ გვინახავს, მხოლოდ ინტერნეტით მოვიძიეთ "ირტიშის" მატჩების მომენტები, მაგრამ არა ბოლოდროინდელების. გავიგეთ, რომ გასვლაზე უჭირთ, სახლში კი კარგად თამაშობენ. ამას გავითავლისწინებთ.

- ახლები თუ დაიმატეთ, მაგალითად, ტატანაშვილი?
- ტატანაშვილის უეფას განაცხადში შეყვანა წინა მატჩზე ვერ მოვასწარით, ახლა კი დავიმატეთ. ირაკლი ქობალიას დისკვალიფიკაციის ვადა ამოეწურა, დობროვოლსკი და მურველაშვილი ვარჯიშობენ, მაგრამ ამ ეტაპზე სათამაშოდ მზად არ არიან.

- "ბანანცთან" მოდებაძეს ფლანგზე უწევდა თამაში, ახლაც იქ გამოიყენებთ?
- მაშინ გუნდში ერთი ფორვარდი გვყავდა და ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, ახლა, სავარაუდოდ, ორი ფორვარდით ვითამაშებთ, რადგან თავდასხმაში მეტი არჩევანი გვაქვს.

- მოწინაააღმდეგე ფიზიკურად ძლიერია?
- ტანმაღალი ფეხბურთელები ჰყავთ - მათი საშუალო სიმაღლე 184 სანტიმეტრია, ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ, ჰყავთ რამდენიმე ლეგიონერი, აქცენტს სტანდარტულებზე აკეთებენ.

"ირტიშმა" ყაზახეთის ჩემპიონატში ბოლო მატჩი ორშაბათს ჩაატარა, მეორე დღეს საქართველოში გამოფრინდა და, ალბათ, ცოტა დაღლილები იქნებიან. ეს ფაქტორიც იმოქმედებს. ჩვენთან მატჩის შემდეგ კი, 3 დღეში ისევ ჩემპიონატის ტური აქვთ.

- კლუბს მეპატრონე შეეცვალა. ახალი მფლობელი უკვე გამოჩნდა?
შოთა შერმადინი, "მეტალურგის" პრესატაშე:
- ბოდიში, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ საფეხბურთო თემით შემოვიფარგლოთ.

- მატჩის 18 საათზე გამართვა გაუმართლებელი ხომ არ არის, ახლა საკმაოდ ცხელა……
- ასეთ დროს თამაშს განათების პრობლემის გამო ვიწყებთ. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი ეროვნულ სტადიონზე ვითამაშებთ.


ლექსო კვახაძე: "ირტიში" "აქტობეზე" ძლიერი არ არის
ყაზახებთან მატჩამდე კომენტარი ჩამოვართვით რუსთავის "მეტალურგის" ცენტრალურ მცველ ლექსო კვახაძეს.

"გასულ წელს ყაზახეთის ჩემპიონ "აქტობესთან" კი წავაგეთ, მაგრამ ამას ჰქონდა მიზეზები: საჩემპიონო შემადგენლობიდან მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი დარჩა, ბევრი ახალი მივედით, შეთამაშებაც ვერ მოვასწარით, დასვენებისა და ძალების აღსადგენად დრო არ გვეყო. თუ გახსოვთ, ამის გამო მეორე ტაიმში "აქტობესთან" ძალიან დავიღალეთ, ყაზახეთში კი ჩემპიონატი მიმდინარეობდა და მეტოქე ფორმაში იყო. არადა, პირველივე ტაიმში შეგვეძლო თამაშის ბედის გადაწყვეტა, მაგრამ ოთხი რეალური საგოლე მომენტიდან მხოლოდ ერთი გამოვიყენეთ.

ვფიქრობ, "ირტიში" "აქტობეზე" ძლიერი გუნდი არ არის და უნდა მოვიგოთ. ჯერ საუკეთესო ფორმაში არ ვართ, ყაზახეთში ახლაც გახურებული ჩემპიონატია, რაც მათი უპირატესობაა, მაგრამ ამჯერად მოუმზადებლებიციც არ გვეთქმის. სლოვენიაში საკონტროლო მატჩები ვითამაშეთ, მერე "ბანანცს" შევხვდით, ასე რომ, შარშანდელზე უკეთეს ფორმაში ვართ.

"ირტიში" ცუდი გუნდი არ არის, მაგრამ მთავარია, საკუთარი თავის რწმენა გქონდეს. მართალია, მათ უკეთესი პირობები აქვთ, მაგრამ ყაზახების დამარცხების ძალა შეგვწევს", - თქვა კვახაძემ.


რასაა რომ ამბობ, ყაზახო, არ გვატირო ესესერი
პავლოდარის "ირტიშის" მთავარი მწვრთნელი ტალგატ ბაისუფინოვი საპრესკონფერენციო დარბაზში ქარბორბალასავით შემოვარდა, თან უჩვეულოდ სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა. ჯერ ქართულად მოგვესალმა, მერე კი დაიწყო... "საიუზ ნერუშიმი":

- სიმართლე გითხრათ, მიხარია, ქართული გუნდი რომ შეგვხდა და აქ ჩამოსვლის საშუალება მოგვეცა. საქართველო მომენატრა. რაც უნდა იყოს, ჩვენ მაინც ერთი დიადი ქვეყნის შვილები ვიყავით. ჩვენ გვყავდა ჩვენი, ყაზახური ფეხბურთის ლეგენდები, ასევე მახსენდება ვიტალი დარასელია, ალექსანდრე ჩივაძე, რომელიც ჩემი კერპი იყო, თენგიზ სულაქველიძე... გვინდა, განახოთ ახალი ყაზახური ფეხბურთი და ვიხილოთ ასევე ახალი ქართული ფეხბურთი. მინდა, შემდეგ ეტაპზე ღირსეული გავიდეს და საბჭოთა ფეხბურთი ახალ ევროპულ ფორმატში წარმოვაჩინოთ.

- "მეტალურგზე" რა იცით?
- ინფორმაციასაც ვფლობთ და დისკზე თამაშიც ვნახეთ, პირველ ეტაპზე მეზობლები რომ დაამარცხეთ. "მეტალურგმა" ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. აღსანიშნავია, რომ გუნდში მხოლოდ ადგილობრივები თამაშობენ, რაც კლუბის დიდ პოტენციალსა და პატრიოტიზმზე მეტყველებს.

ყაზახებს ქართულ გუნდებთან ადრეც გვითამაშია და გამოცდილება გვკარნახობს, რომ ქართველებს ბურთით თამაშის საშუალება არ უნდა მისცე, რადგან უბურთოდ თამაში არ უყვართ. ისე, მძიმე მატჩი გველის, რადგან "მეტალურგს" ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს.

- "ირტიში" ოპტიმალური შემადგენლობით ჩამოიყვანეთ?
- ყველა მწყობრშია, მაგრამ ადამიანები ვართ და არა რობოტები, პოლონელებთან თამაშის მერე, 11 ივლისს ჩემპონატის მატჩი ვითამაშეთ და საქართველოში გამოვფრინდით. შესაძლოა, ამის გამო ფიზიკურად ცოტა გაგვიჭირდეს. 17 ივლისსაც ჩემპიონატის ტურია, 21-ში კი "მეტალურგს" ვუმასპინძლებთ.

- თუ ასეა, მადლობა ყაზახეთის ფედერაციას, რომ არ დაგასვენათ.
- თქვენ ხუმრობთ, ასეთი გრაფიკით თამაში კი რთულია.

- როგორია თქვენი საფეხბურთო ფილოსოფია?
- მე პავლოდარული ფეხბურთის აღზრდილი ვარ და ამიტომ აგრესიული, შემტევი ფეხბურთი მიყვარს, მასზე არასოდეს ვამბობ უარს. ჩემი აზრით, ყველაფერი მარტივია, გოლი უნდა გაიტანო და არ გაუშვა, ან ერთით მეტი მაინც გაიტანო. გვინდა, სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენოთ, რათა გულშემატკივრები სტადიონზე მოვიყვანოთ, მაგრამ, ცხადია, ტაქტიკას მეტოქიდან გამომდინარე ვარჩევთ. სულ კი მხოლოდ "ბარსელონა" უტევს.

- ალბათ, ყველაფერი მაინც პავლოდარში გადაწყდება...
- რა თქმა უნდა, ყველაფერი 21 ივლისს გადაწყდება. გვინდა, რომ ინტრიგა შენარჩუნდეს, რათა პავლოდარში ბევრი გულშემატკივარი მოვიდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბოდიში, მაგრამ ბატონ მწვრთნელს საკმაოდ არაპროფესიონალური დამოკიდებულება ჰქონია საკუთარ საქმესთნ, მსჯელობა საბუკმეკერო კანტორის მოთამაშის დონეზეა| "დაღლილები იქნებიან ორშაბათის თამაშის შემდეგ", "ინტერნეტში მოვიძიეთ მომენტები", "ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ" ... რაც ნიშნავს რომ მეტოქის შესწავლისათვის ფაქტიურად არაფერი გაკეთებულა. დარწმუნებული ვარ მეტოქე გუნდის სამწვრთნელო შტაბმა გაცილებით მეტი იცის მეტალურგზე.
ცოტა პროფესიონალიზმია საჭირო, დრო იცვლება და არ უნდა ჩამოვრჩეთ.
Giorgi
16:26 14-07-2011
0
Giorgi 100% მართალი ხარ,გამოჩნდა კიდეც აჰა დამთავრდა აქ 1-1 ყაზახეთში ერთი 3-0 დაგვადებენ და ეგაა რა,იძახონ კიდე მერე youtube-ზე ვნახეთ მეტოქის თამაშის ვიდეოებიო :D:D
MMerk
21:45 14-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული