"ზესტაფონი" ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადასარწმუნებლად ძალებს არ იშურებს. უეფაში კლუბმა საგარანტიო წერილი გაგზავნა, სადაც პირობას დებს, რომ უბილეთოები სტადიონზე ვეღარ მოხვდებიან და "დავით აბაშიძეზე" არც სხვა სახის უწესრიგობები მოხდება. საქმეში ჩართულია იმერეთის გუბერნიაც, რომელიც უეფაში გაგზავნილ
"ზესტაფონი" მხოლოდ წერილებით არ კმაყოფილდება და ნიონშივე ცდილობს სასურველი შედეგის მიღწევას. შვეიცარიაში იმყოფება კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია, რომელიც ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრას დაესწრო, რის შემდეგაც საშეჯიბრო კომიტეტთან კონსულტაციები წამოიწყო.
დაველოდოთ, რა მოხდება და იმედი დავიტოვოთ, რომ ზესტაფონი დიდი ფეხბურთის გარეშე არ დარჩება. საკუთარ სტადიონსა და ქომაგს "ზესტაფონის" ისტორიაში ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა და თუკი ზოგიერთი კლუბისთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა, სად ჩაატარებს საშინაო მატჩებს, საქართველოს ჩემპიონები სხვა სტადიონზე თავს მასპინძლებად ვერ იგრძნობენ. როცა ძლიერი ხარ და ევროტურნირებზე ასევე ძლიერ მეტოქეს ებრძვი, დაპირისპირების ბედი ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება გადაწყვიტოს, მშობლიური კედლები კი "ზესტაფონისთვის" წვრილმანი კი არა, ნაღდი მეთორმეტე მოთამაშეა და მის გარეშე დარჩენა გუნდისთვის ძალიან მტკივნეული იქნება.
შეიძლება, ბევრი შემოგვედავოს, "ზესტაფონს" ქომაგი არც თბილისში მოაკლდებაო, მაგრამ გრანდიოზული "ბორის პაიჭაძისგან" განსხვავებით, პატარა და კოხტა "დავით აბაშიძე" კლუბისთვის ნაცნობი და შესისხლხორცებულია, და თუ ერთხელ მაინც დასწრებიხართ "ზესტაფონის" საშინაო მატჩს, დაგვერწმუნებით, რომ ამ გუნდს ფრთებს ისე ვერაფერი შეასხამს, როგორც საკუთარი ქალაქის სტადიონის სავსე ტრიბუნები.
"ზესტაფონს" ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპის შემდეგ ისედაც თბილისში მოუწევს თამაში (ეს დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი) და დიდი უსამართლობა იქნება, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული პატარა ქალაქი დიდ ფეხბურთს ნაადრევად თუ დაემშვიდობება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"