ევრომეტოქეები - "დაჩიამ" სკამზე კაცი გამოიძახა

AutoSharing Option
საევროთასო ციებ-ცხელება გრძელდება და სანამ ქართული კლუბები იქ ბრძოლას აგრძელებენ, სისტემატურად მოგაწვდით ინფორმაციებს მათზეც და მათ მეტოქეებზეც.

ვნახოთ, რა ხდება "დაჩიას", "ლანელისა" და "ირტიშის" ბანაკებში. მათგან განსხვავებით, "ანორთოსისს" თავი ქუდში აქვს და ვფიქრობთ, მასზე ყურადღების გამახვილება არც ღირს.


სრულიად საიდუმლოდ და ყველას გასაგონად: მგლები კუპრს ხარშავენ
ზესტაფონში ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე "დაჩიამ" განცხადებით მიმართა მასმედიის წარმომადგენლებს, ამხანაგურ მატჩებს დახურულ კარს მიღმა ვატარებთ და ძალიან გთხოვთ, ჩვენს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდეთო. როგორ არგო კიშინიოველებს მზადების ამგვარმა მეთოდმა, ეს "დავით აბაშიძეზე" კარგად გამოჩნდა.
ამის მიუხედავად, "დაჩია" პრესასთან დისტანცირებას განაგრძობს და ამჯერად ახალ განცხადებას ავრცელებს.

"13 ივლისს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში "დაჩია" "ზესტაფონთან" დამარცხდა. ჩვენი მეტოქე ჩვენზე მოტივირებული აღმოჩნდა. 4-ათასიანმა სტადიონმა მასპინძელთა გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა და დავრწმუნდით, რომ ზესტაფონი ფეხბურთითა და ამ კლუბის ცხოვრებით ცხოვრობს.

თითქმის ყველა სპორტული გაზეთი და საიტი ასეთი სათაურით გამოვიდა - "მეორე მატჩი ფორმალობაა". დიახ, 3:0-ით "ზესტაფონმა" შემდეგი ეტაპისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა და არ გამოვრიცხოთ, რომ 20 ივლისს "დაჩიამ" მართლაც დაასრულოს ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა, მაგრამ ამ ეტაპის გადალახვისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

ასეთი მარცხი შეიძლება სასარგებლოც აღმოჩნდეს და ბევრი რამ გვასწავლოს. მასმედიას კი ასეთი თხოვნით მივმართავთ: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "ზესტაფონთან" განმეორებითი მატჩისთვის ბოლომდე კონცენტრირებულები ვიყოთ, საამისოდ კი საჭიროა, "დაჩიას" ფეხბურთელებმა პრესასთან კონტაქტი არ იქონიონ. თქვენს ცნობისმოყვარეობას 19 ივლისის პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარი მწვრთნელი იგორ დობროვოლსკი და "დაჩიას" ერთ-ერთი ფეხბურთელი დააკმაყოფილებენ.

გამარჯვება ძალიან გვინდა და ამ საქმეში გულშემატკივრებმა დიდი როლი უნდა ითამაშონ. რა შეუძლია ერთგულ ქომაგობას, ეს ზესტაფონში კარგად დავინახეთ.

დედაქალაქის მცხოვრებნო! "ზესტაფონმა" საკუთარი ტრიბუნების თვალწინ სამი გოლი გაიტანა, რატომ ვერ უნდა ვუპასუხოთ იგივეთი? გთხოვთ, მობრძანდეთ "ზიმბრუს" სტადიონზე, რათა 90 წუთის განმავლობაში "ყვითელ მგლებთან" ერთად ქართველ ფეხბურთელებს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოვუწყოთ! მხოლოდ თქვენთან ერთად გავიმარჯვებთ!"

ამჯერად "დაჩიას" განცხადების კომენტირებისგან თავს შევიკავებთ და გირჩევთ, ვებგვერდ moldfootball.com-ზე "ზესტაფონი"-"დაჩიას" შეხვედრის მიმოხილვაზე მიბმულ კომენტარებს გაეცნოთ. მოლდოველ გულშემატკივართა უმრავლესობა "დაჩიას" მწარედ დასცინის და მის ერთგულ ქომაგებს ნიშნისმოგებით მიმართავს, თუ სეპარატისტული "შერიფის" ჩემპიონობა და ევროწარმატებები მოგბეზრდათ, ახლა ნაღდი მოლდოვური კლუბის ყურებით დატკბითო...

ჩვენ კი "დაჩიას" დაცინვისგან მაინც თავი შევიკავოთ და განმეორებით დაპირისპირებას დაველოდოთ, სადაც "ზესტაფონი" სოლიდური ფორით ჩადის, მაგრამ მაინც ბრძოლა ელის.

"დაჩია"-"ზესტაფონი" 20 ივლისს თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება და მას სლოვენიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის მატეი იუგის ხელმძღვანელობით.


წინასწარ დიდი მადლობა, მაგრამ ასე ვერ გაგიშვებთ
"ისტორიული გამარჯვება" - ასე უწოდა "ლანელი"-"დინამოს" მატჩის კომენტატორმა თამაშის შედეგს. იმედია, საპასუხო შეხვედრის შემდეგ "ლანელის" წევრებს საზეიმო აღარაფერი ექნებათ.

თბილისში კი ეს უელსური კლუბი მხოლოდ ფეხბურთით არ მოექცევა ჩვენი ყურადღების ცენტრში. როგორც "ლანელის" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, თამაშის წინა დღეს გუნდი სრული შემადგენლობით ეწვევა მიუსაფარ ბავშვთა სახლს და მის ბინადრებს საჩუქრებს გადასცემს. დაგვეთანხმებით, ბრიტანელებს საქებარი გადაწყვეტილება მიუღიათ.

"დინამოს" მეტოქეთა ქველმოქმედებას თუ გავიხსენებთ, მეხსიერებაში, უპირველესად, ლევერკუზენის "ბაიერის" სტუმრობა ამოტივტივდება. "ფარმაცევტებმა" საქართველოსთვის შავბნელ 90-იანებში დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანეს, სადაც საკვებსა და მედიკამენტებთან ერთად სპორტული ამუნიციაც იყო. ალბათ გახსოვთ, იმ პერიოდში თბილისში ძალიან ბევრი პატარა ბიჭი დადიოდა "ბაიერის" შავ-წითელი მაისურით...

"დინამო"-"ლანელი" 21 ივლისს ეროვნულ სტადიონზე 21 საათზე დაიწყება და მას შვედები გაუძღვებიან, არბიტრი - მარტინ სტრომბერგსონი.


ირტიში ყინჩობს: ვიფრთხილებთ, ოღონდ გავიტანთ
რუსთავში მიღწეული 1:1 პავლოდარელებს შემდეგ რაუნდში გასვლის შესანიშნავ შანსს უქმნის. ყაზახურ პრესაში "ირტიშის" მთავარი მწვრთნელის, ტალგატ ბაისუფინოვის კომენტარი გამოქვეყნდა: "როცა სტუმრად ფრედ თამაშობ და თანაც გოლი გაგაქვს, ეს უკვე დიდი უპირატესობაა. წყვილის ფავორიტებად ვიქეცით, მაგრამ ეს ფაქტი მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. "მეტალურგი" საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ პრობლემები პავლოდარშიც შეგვიქმნას და მაქსიმალური სიფრთხილით თამაში გვმართებს".

"ირტიშის" თავკაცმა იქვე დასძინა, რომ 0:0-ზე თამაშს არ აპირებს და მისი გუნდი გოლის გატანას შინაც შეეცდება.

"ირტიშისა" და "მეტალურგის" განმეორებითი მატჩი 21 ივლისს თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება, თამაშს ბულგარელ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება გეორგი იორდანოვის მეთაურობით.

იმავე დღეს, 21 საათზე, "გაგრა" ზესტაფონში "ანორთოსისს" უმასპინძლებს. შეხვედრის არბიტრი გერმანელი პეტერ ზიპელი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული