უეფამ ვიდეორეფერიზე უარი გვითხრა

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკაში დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, მსაჯების შეცდომებმა ყველა დააფიქრა, რომ ვიდეორეფერის დანერგვა ფეხბურთს წაადგებოდა. ეს გადაწყვეტილება დროულად რომ მიეღოთ, მსოფლიო ფეხბურთში ბევრი უსამართლობა არ მოხდებოდა და ფიფა-უეფა ბევრად უკეთესი ორგანიზაციის სახელით ისარგებლებდა.

უეფაში უკვე მიხვდნენ, რომ ადამიანური შეცდომებისა თუ მანკიერების აღმოსაფხვრელად ვიდეორეფერი აუცილებელი იყო. ფიფა თავს იკავებდა და ამას ასაბუთებდა იმ მოსაზრებით, რომ ფეხბურთი ადამიანურ შეცდომებს ეყრდნობოდა. არადა, გამარჯვებულის სამართლიან გამოვლენას "მსაჯის შეხედულება" ხშირად ხელს უშლიდა.

ვიდეორეფერის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები მეტად მწირი და გაუგებარია და ყველა ხვდება, რომ მსაჯ
ის "შეხედულება" ის იარაღია, რომელსაც ნებისმიერ დროს უსამართლოდ გამოიყენებს. რატომ უნდა ივარაუდოს მსაჯმა, ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა თუ არა, როდესაც ვიდეოგანმეორება უზუსტეს პასუხს იძლევა? ამიტომაა, მსაჯის "შეხედულების" მიმართ ნდობა რომ დაიკარგა. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, სამხრეთ აფრიკაში გამართულ ფიფას VI კონგრესზე უეფამ პირველ საკითხად კარის უკან მსაჯების დამატების საკითხი გამოიტანა, რასაც ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი შეეწინააღმდეგა.

ერთი თვის წინ ვწერდით, რომ მსოფლიოში წამოწყებული დისკუსიას შესაძლოა, წერტილი საქართველოში დაესვას და პირველი ვიდეომსაჯი საქართველოს ჩემპიონატში დაინერგოსო.

ეს გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა: "ამ საკითხზე მოლაპარაკება ფიფა-უეფასთან დავიწყეთ და ჩვენი დიდი სურვილია, ვიყოთ პირველი ქვეყანა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ, მთელ მსოფლიოშიც, სადაც ექსპერიმენტის სახით, ვიდეორეფერი დაინერგება".

უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის თბილისური ვიზიტის შემდეგ, სიჭინავას კითხვა ამის თაობაზეც დავუსვით – გვაძლევს თუ არა უეფა იმ ექსპერიმენტის ჩატარების უფლებას, რომელიც ჩვენი ფედერაციის ინიციატივა იყო?

~ეს პროექტი გამოირიცხა, უფლებას არ გვაძლევენ", - მოკლე და ლაკონური პასუხით ყველაფერი ცხადი გახდა. უეფა დამატებითი არბიტრების შემოღების მომხრეა და არა ვიდეოთვალის. კარგად რომ დავუკვირდეთ, ჩვენი ფედერაციისა და უეფას წინადადებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. ჩვენებს ვიდეოთვალი სურთ, უეფას კი დამატებითი არბიტრები, ანუ ტექნიკის გამოყენებასაც ისინიც ეწინააღმდეგებიან.

არადა, სამწუხაროა – ვიდეორეფერის საქართველოში გამოყენება მნიშვნელოვანი მოვლენა გახდებოდა არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო ფეხბურთისთვისაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული