გია გეგუჩაძე "ზესტაფონს" დაემშვიდობა

AutoSharing Option
"ჩვენი პროგრამა-მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა, პროგრამა-მინიმუმი კი - ევროპის ლიგის ჯგუფურ რაუნდში თამაში", - ივლისში "ლელოსთვის" მიცემულ ინტერვიუში ასე ჩამოაყალიბა გია გეგუჩაძემ "ზესტაფონის" საევროტურნირო ამოცანა.

ავსტრიულ "შტურმთან" მარცხით საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ, თუმცა ევროპის ლიგის პლეი ოფში გადაინაცვლა, საიდანაც ჯგუფამდე ერთი ნაბიჯია გადასადგმელი. "ზესტაფონი" კი გეგუჩაძის მიერ პროგრამა-მინიმუმად განსაზღვრული მიზნისთვის უკვე მის გარეშე იბრძოლებს.

გუშინ თავად გეგუჩაძემ განაცხადა, რომ "ზესტაფონი" საკუთარი სურვილით დატოვა და ამასვე აცხადებს კლუბიც. ახალმა ამბავმა "ზესტაფონის" და მთლიანად ქართული ფეხბურთის ქომაგებში დიდი მითქმა-მოთქმა
გამოიწვია და გაჩნდა კითხვებიც - იყო კი ეს გეგუჩაძის გადაწყვეტილება? ან თუ წასვლა თვითონ გადაწყვიტა, რამ მიიყვანა ამ ნაბიჯამდე?

"კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან სრულ ნდობასა და მხარდაჭერას ვგრძნობდი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის გამო საკუთარი თავი დავსაჯე", - ესეც გეგუჩაძის სიტყვებია, ოღონდ გუშინდელი. კარგია, რომ იგი ბევრი ქართველი კოლეგისგან განსხვავებით, მარცხზე პასუხისმგებლობას არ გაურბის, მაგრამ ვერაფრით გაგვიგია, რატომ თქვა გეგუჩაძემ უარი თუნდაც პროგრამა-მინიმუმისთვის ბრძოლაზე.

"ზესტაფონის" ჩემპიონთა ლიგაში თამაში მთელი საქართველოსთვის უდიდესი ზეიმი იქნებოდა, მაგრამ განა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპს ჩვენი დასაწუნი სჭირს რამე? დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ხომ ჩვენი კლუბი ჯგუფამდე მხოლოდ ერთხელ მივიდა - 2004 წელს თბილისის "დინამომ" ამ წარმატებას სწორედ გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მიაღწია.

ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში "ზესტაფონი" ქუთაისს გეგუჩაძის გარეშე ეწვია. ოფიციალური ინფორმაციით, გუნდის მაშინდელი მთავარი მწვრთნელი შეუძლოდ იყო, რამაც ეჭვი გააჩინა - საქართველოში ხომ მწვრთნელის "შეუძლოდ" ყოფნა მის წასვლას (ან გაშვებას) მოასწავებს...

ფეხბურთში მწვრთნელის შეცვლა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია, რატომ დარჩა კლუბი მთავარი მწვრთნელის გარეშე მაინცდამაინც ახლა, უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო მატჩამდე ორი დღით ადრე. ნუ ვიდავებთ იმაზე, რომ მსგავსი ფაქტი დიდ გავლენას ახდენს ნებისმიერი გუნდის როგორც სპორტულ, ასევე, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიურ მომზადებაზე.

ძალიან გვინდა, "ზასტაფონმა" ბელგიური ბარიერი გადალახოს, მაგრამ მთავარი მწვრთნელის ასეთ დროს წასვლა გუნდის წისქვილზე წყალს ვერაფრით დაასხამს. წესით, ბიჭები მომხდარით გაოგნებულები უნდა იყვნენ და არ გვინდა, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ კიდევ მეტად დავთრგუნოთ. ასე რომ, დაველოდოთ "ბრიუგესთან" შეხვედრას, რომლის შესახებაც, იმედია, დადებითზე მოგვიწევს წერა.

შეგახსენებთ, სწორედ გეგუჩაძის ხელმძღვანელობით "ზესტაფონი" პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. ეს სპეციალისტი ფეროელებს 2008 წლის მიწურულიდან წვრთნიდა და ევროტურნირებზე ყოველწლიურად უკეთეს შედეგებს აღწევდა.

"ზესტაფონის" საევროთასო სტატისტიკას კი უკომენტაროდ შემოგთავაზებთ:

გეგუჩაძემდე:
2007 - დამარცხდა ყაზახურ "ტობოლთან" და ინტერტოტოს თასს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა
2008 - დამარცხდა უნგრულ "დიორი ეტოსთან" და უეფას თასს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა

გეგუჩაძესთან ერთად:
2009 - დაამარცხა ჩრდილოირლანდიური "ლისბურნი", დამარცხდა შვედურ "ჰელსინგბორგთან" და ევროპის ლიგას მეორე ეტაპიდან გამოეთიშა
2010 - დაამარცხა სანმარინოული "ფაეტანო", სლოვაკური "დუკლა", დამარცხდა უკრაინულ "კარპატისთან" და ევროპის ლიგას მესამე ეტაპიდან გამოეთიშა
2011 - ჩემპიონთა ლიგაზე დაამარცხა მოლდოვური "დაჩია", დამარცხდა ავსტრიულ "შტურმთან" და ევროპის ლიგის პლეი ოფში (ანუ მეოთხე ეტაპზე) ბელგიურ "ბრიუგეს" შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვეთანხმები აზრს რომ აქ რაგაც სხვა იმალება. ტუ არადა - ეს ტიპირი არასერიოზული ნაბიჯია. გასამხნევი ის არის რომ - გია მარტო არ არის და არასერიოზული ადამიანებით სავსეა სქარტველო.
eddy
19:57 18-08-2011
0
გადადგა კაოჩე!
levani
11:38 17-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული