შიდა ქართლში "დილა" უხარიათ და ბავშვები ადარდებთ

AutoSharing Option
შიდა ქართლის საფეხბურთო ცხოვრების უმთავრესი საზრუნავი ყოველთვის გორის "დილა" იყო და ასეა დღესაც. მიმდინარე სეზონამდე, ანუ ვიდრე ეს გუნდი უმაღლესიდან ქვედა ლიგებში იყო დაქვეითებული და იქ სამი წელიწადი გაატარა, პირველ თავსატეხად რეგიონის ფეხბურთის მესვეურთ სწორედ "დილას" დაუძლურება მიაჩნდათ.

მას შემდეგ, რაც რეგიონის ხელისუფლების და უშუალოდ გუბერნატორის ძალისხსმევით ფინანსურ სიდუხჭირეს "დილამ" თავი დააღწია და უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურნიც პირველ რიგში ისევ მისით ამაყობენ.

წლეულს გორის მუნიციპალიტეტისავე ინიციატივით გუნდს ქალაქის ბავშვთა საფეხბურთო სკოლა და სტადიონი "ქართლიც" გადაეცა. შესაბამისად, მას ახლა
აქვს არენა, რომელზეც ოფიციალურ მატჩებს მართავს და საკმაოდ კარგი მოედანი რომელსაც მხოლოდ ვარჯიშისთვის გამოიყენებს. მეორე მხრივ, მართალია, ამ გადაწყვეტილებით ცხინვალის "სპარტაკის" პირველ გუნდს საშინაო მატჩების "ქართლის" სტადიონზე გამართვის საშუალება აღარ ეძლვა, ამ კლუბის ბავშვთა გუნდები კვლავინდებურად გორში რჩებიან. ისინი ქალაქის გარეუბანში ივარჯიშებენ.

აქვე დავძენთ, რომ შიდა ქართლს უმაღლესის გარდა მხოლოდ რეგიონალლიგაში ჰყავს გუნდი. ხაშურის "ივერიას" გასულ სეზონში ცოტა დააკლდა პირველ ლიგაში აღზევებამდე, თუმცა იქაურთა მონდომებამ შესაძლოა გაისად გამოიღოს ნაყოფი. რეგიონის კიდევ ორი რაიონი კასპი და ქარელი ჯერჯერობით მხოლოდ ბავშვთა საფეხბურთო სკოლების მუშაობით შემოიფარგლებიან.

საერთოდ, საფეხბურთო სკოლების თემა შიდა ქართლის ფეხბურთში ყველაზე მტკივნეულია. სფფ-ს სალიცენზიო კომიტეტის გადაწყვეტილებით რეგიონის ვერცერთმა ბავშვთა საფეხბურთო სკოლამა დვერ მოიპოვა ლიცენზია, მეტიც მისი მიღების კანდიდატიც ვერ გახდა. რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი გია რევაზიშვილი მიიჩნევს, რომ სავალალო მდგომარეობაში არცერთი საფეხბურთო სკოლა არ არის, თუმცა ლიცენზიის მისაღებადDიდი მუშაობა მართებთ. ინფრასტრუქტურას ისინი, რაიონების ხელისუფალთა დაუხმარებლად ვერ მოაგვარებენ. გადასაჭრელია გასახდელების, ცხელი წყლის, სამედიცინო მომსახურების, მოედნების პრობლემა.

საფეხბურთო სკოლებში მწვრთნელთა კვალიფიკაციას რეგიონალური ფედერაციის ხელმძღვანელობა დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს. მათი ინიციატივით წლეულს ერთხელ უკვე ჩატარდა სამწვრთნელო კურსები "ც" კატეგორიის ლიცენზიის მოსაპოვებლად. ახალა მიმდინარეობს მეორე ნაკადის ჯგუფების დაკომპლექტება შემოდგომიისთვის.

ხვიჩა გაგნიძე ერთადერთი მსაჯია შიდა ქართლიდან, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. რამდენიმე არბიტრი ამ რეგიონიდან პირველ და რეგიონალლიგის გათამაშებებსაც ემსახურება.

ადგილობრივი ფედერაციის ინიციატივით თითქმის ყოველ წელს იმართება ასაკობრივი პირველობები რეგიონის საფეხბურთო სკოლების მონაწილეობით. გამარჯვებული გუნდები თასებით და მედლებით დაჯილდოვდნენ. რამდენიმე ასაკობრივი გუნდი თბილისის პირველობაზეც მონაწილეობს.

გია რევაზიშვილი შვიდი წელიწადია საქართველოში "ღია სახალისო" ფეხბურთის ერთ-ერთი ინსტრუქტორია და წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. 2008 წლის საომარი მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დიდი ლიახვის ხეობს სოფელმა თამარაშენმაც კი უმასპინძლა "სახალისო" ფეხბურთს.

საკმაოდ კარგად მუშაობს ქალთა ფეხბურთის სექციები. ყველაზე გამორჩეული კი ხაშურის გუნდია არა მხოლოდ ქართლში, მთელ საქართველოში. ბევრი თამაშობს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში.

რეგიონის ფედერაციამ წლეულს ნიგერიის დედაქალაქ აბუჯას საფეხბურთო აკადემიის 18 წლამდელთა გუნდის ჩამოიყვანა გორში. შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის ბიუჯეტი მეტად მწირია, სულ 10-15 ათასს შეადგენს. აქედან 10 ათასს სფფ-დან იღებენ. როგორც რევაზიშვილმა გვითხრა მისი რეგიონი სწორედ იმ ოთხეულშია, რომელმაც მხოლოდ ხელფასებისთვის არ გამოიყენა ჩარიცხული თანხა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
დავით ასპანიძის ფოტო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული