გადასახადი მოიტანე? - ჰკითხა მწვრთნელმა ბავშვს

AutoSharing Option
გადასახადი მოიტანე? - ჰკითხა მწვრთნელმა ბავშვს, რომელიც სავარჯიშოდ ემზადებოდა და ცდილობდა, რაც შეიძლება მაგრად მოეჭირა ნახევრადდახეული კეტების ზონარი. ბავშვმა თავი დახარა.

მსგავსი სიტუაცია არაერთ "საფეხბურთო მოედანზე" შეგხვდებათ. რატომ ვწერ ბრჭყალებში? მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ადგილებს, სადაც ბავშვები ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამენ, იშვიათად შეიძლება ვუწოდოთ "საფეხბურთო მოედანი".

უსწორმასწორო, მიმოფანტული ქვები, ზოგან ეკლიანი, მუხლამდე ბალახი... რბილად რომ ვთქვათ, ეს ყოველივე ნაკლებად შეესაბამება საფეხბურთო გარემოს. სუფთა გასახდელიც კი პრობლემაა, რომ აღარაფერი ვთქვათ საშხაპეზე
და სხვა პირობებზე...

ბოლო ხანს საგრძნობლად მომრავლდა ხელოვნურსაფარიანი მოედნები,რაც ჩემი და სხვათა აზრითაც, უფრო მეტი უარყოფითის მატარებელია (ტრავმიანობა, ძვალხრტილოვანი და კუნთური სისტემის არასწორი განვითარება, ტექნიკური ელემენტების შესწავლა-დახვეწა-გამოყენების პრობლემა), ვიდრე დადებითისა. აღარაფერს ვამბობ, მოედნის მდგომარეობაზე, სადაც თითქმის მთელი ზედაპირი ქვიშის სქელი ფენითაა დაფარული, მოძველებული და დეფორმირებულია.

ზოგიერთ საფეხბურთო სკოლას ეს პრობლემა არ აწუხებს. მეტიც, თითქმის ყველა პირობას უქმნიან მწვრთნელს და ბავშვს მაქსიმალურად კარგად განვითარებისთვის. მაგრამ ასეთი ძალიან ცოტაა.

ამას წინათ, ინტერნეტით საბავშვო საფეხბურთო ვარჯიშებს დავეძებდი. მწვანე მოედნები, ბევრი ბურთები, ერთნაირად ჩაცმული პატარები და მრავალფეროვანი ინვენტარი (დიდ-პატარა დგარები, სანიშნები, ბარიერები) საამო საცქერი იყო. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რამდენიმე სკოლას სავარჯიშო ინვენტარი გადასცა საჩუქრად.

რას ერჩი, ეხმარება და ზრუნავს ბავშვთა ფეხბურთზე! მაგრამ მაინც მეწყინა. "პიარ-აქციას" წააგავდა. უპრიანი იქნებოდა, რამდენიმე ისეთ სკოლაშიც მიეტანათ, სადაც მართლა არ გააჩნიათ ელემენტარული პირობები.
კიდევ ბევრი რამის თქმა, თხოვნა და მოთხოვნა მინდა ჩვენი ფეხბურთის თავკაცისთვის, მაგრამ საიდან დავიწყო, არც კი ვიცი. მარტო იმას ვხედავ და მესმის, რომ სახლს ვაშენებთ, დიდ სახლს, მაგრამ ყველამ დავივიწყეთ ან არ გავითვალისწინეთ, რომ საძირკველია საჭირო, თანაც კარგი და გამძლე.

სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთა მთავარი პრობლემა კადრების სიმწირეა. ქართული უფულობის და დაუსრულებელი სიდუხჭირის გადამკიდე ბევრ ტალანტს, ნიჭიერსა და უბრალოდ ბურთაობის მოსურნეთა დიდ მასას ვკარგავთ "ფასიანი" ბავშვთა ჩემპიონატების გადამკიდე.ახლა ყოველთვიური გადასახადებიც დაუმატეთ სკოლებში, შემდეგ ფორმა...ეჰ, სია გრძელია...

მთავარი კი მაინც მწვრთნელია. ადამიანი, რომელიც დიდწილად განაპირობებს პატარა ფეხბურთელის გზას და ასევე "ბუღალტრის" პროფესიასაც ითავსებს. მან ხომ გადასახადი უნდა აკრიფოს (ან გადახდილი ქვითრები) და ა.შ.
ზოგი ლიცენზირებულია, ზოგიც არა...

ზოგს-კი კვალიფიკაციის ასამაღლებლად ფინანსების არქონა უშლის ხელს. ამ გახსენებაზე: ლიცენზირებისადმი ფედერაციამ დამოკიდებულება აშკარად შეცვალა. სამწუხაროდ, კურსების გავლის საფასური თითქმის გაორმაგდა. ძნელია, მწვრთნელი გაამტყუნო, მთელი თვის, ზოგისთვის კი ორი თვის ხელფასი (ლიცენზიასაც გააჩნია) განათლებას მოახმაროს, მათ უკან ხომ ოჯახები დგანან. არადა, კარგი რამეა ეს კურსები.

ნოვატორული იდეები, ახალი ვარჯიშები, ახალი აღმოჩენები და მიღწევები, ვიზუალური და პრაქტიკული მონაწილეობა საწვრთნელ პროცესში, უცხოელი სპეციალისტები და მათი გამოცდილების გაზიარება. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება მწვრთნელს, მასთან მოვარჯიშე ბავშვსა და მთლიანად ქართულ ფეხბურთს.დროა "გავეკიდოთ" მაინც მსოფლიო ფეხბურთს, თორემ ნამეტანი წინ წავიდნენ.

ალბათ სიტყვა გამიგრძელდა, სიტყვა რომელიც პესიმიზმითაა გაჯერებული. მინდა "კარგად" დავამთავრო. არის რამდენიმე საფეხბურთო სკოლა, სადაც უვლიან და ზრდიან ნიჭიერებს. მაგალითად? "ლოკომოტივი" პირველ ლიგაშია, სადაც უკვე ორი ტური ჩატარდა და არცერთი თამაში არ უთამაშიათ ჯერ. მიზეზი ისაა, რომ მათი 7! ფეხბურთელი U 17-ში არიან გამოძახებულნი. ადგილობრივი სკოლის კადრებით იბრძვის და თანაც როგორ, ზუგდიდის "ბაია"...

დევდარიანის ჩვიდმეტწლამდელებით ვამაყობდით, გაგვახსენეს გამარჯვებაო, ნახევარი გუნდი "საბურთალოდან" იყო. და კიდევ, მთავარი პოზიტივი მაინც ისაა, რომ ადამიანები ვართ, თანაც ჭკვიანი ერი, რომელსაც გონივრული გადაწყვეტილებითა და ქმედებით, მთელი სულით და გულით საქმის კეთებით ხშირად შეგვიცვლია საკუთარი ისტორია.

ჰოდა, მოდით, ცოტა ხნით შევეშვათ ამ სახურავიდან შენებას, უახლოეს მომავალში წყალი აღარ ჩამოვა... და ერთი მაგრად გავამაგროთ საძირკველი... მერე ავდგეთ და ვაშენოთ კედლები ნაირ-ნაირი ჩუქურთმებითა და თაღებით...

მანუჩარ მანჯავიძე
ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელი,
რუსთავი
"ლელოს" სტაჟიორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ ავტორის გამბედაობას არ მეგონა ესეთი სტატიის საჯაროდ გამოქვეყნებას თუ მოვესწრებოდი,ყველაფერში მართალი ხარ ავტორო,მე ჩემი მხრიდანაც თუ შეიძლება დავამატებ 1-2 რაღაცას რაც ვიცი.ძალიან კარგი პირობებია ზესტაფონში,ნორჩ დინამოელში,იმავე ბაიაში თუნდაც,ამ გუნდებში თუ მოხვდა ბავშვი ის მიაღწევს იმას რისი მიღწევაც შეუძლია,აი სტატიაში ნახსენები ჩვენი უკურნებელი სენი კი თავს იჩენს ხოლმე თითქმის ყველა დანარჩენი გუნდის ახალგაზრდულებში,უბრალოდ არ მინდა სახელებითა და გვარებით ლაპარაკი,არ იქნება ჩემი მხრიდან კარგი მაგრამ რო იცოდეთ სადღაც 4-5 წლის წინ ვინც ბრწყინავდა აი ასეთი გუნდების ახალგაზრდულებში დღეს 99% ფეხბურთს აღარ თამაშობს სხვადასხვა მიზეზების გამო,მაგალითად ერთს მოვიყვან მარტო,რა თქმა უნდა სახელების და გვარების გარეშე,ერთ-ერთმა გუნდმა ნორჩ დინამოელს 5-1 მოუგო გასვლაზე,და 5ივე ამან გაიტანა,1 წლით დიდებში კაპიტანი იყო,მერე დაუკავშირდნენ ამ გუნდის ხელმძღვანელობას სხვადასხვა კლუბები (ბარსა და რეალი არა რა თქმა უნდა მაგრამ ისეთი გუნდები სადაც ის მოახერხებდა კარიერის გაგრძელებას) და მწვრთნელმა ყველა უარით გაისტუმრა,თან ისე გააკეთა ეს რო არც გაუგია ამ ბიჭს თუ დაინტერესებული იყო ვინმე,რამოდენიმე წლის შემდეგ სუფრაზე ერთად მოხვედრილან ამ ბიჭის გუნდელის მამა და ის ტრენერი,და სიმთვრალეში წამოცდენია რა იმასთან ეგ ყველაფერი,ჩვენც მანდედან გავიგეთ,ეს ერთი მარტო ისე ძალიან ბევრი ვიცი მსგავსი შემთხვევა,ძალიან ბევრი ტალანტი გვყავს დაკარგული უფულობის და ტრენერების მეტიჩრობის გამო და იქნება მიხედოს ვინმემ ამ ყველაფერს,კაი ფულს ჭამ ჯანდაბას,ჭამე მარა გააკეთე რა ის რისთვისაც ხელფასს გიხდიან
12345
12:33 13-09-2011
0
ნორჩ დინამოში რა ხდება ხალხო გვითხარით,გაურკვევლობაში ვართ.
brasi
12:14 13-09-2011
0

სიახლეები პოპულარული