"ზესტაფონი": ბაზა მშვენდება, გელაშვილი ბრუნდება

AutoSharing Option
როგორც იცით, ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე სერიოზული სარეკონსტრუქციო სამუშაოები იგეგმება, რის შემდეგაც ამ არენაზე საერთაშორისო მატჩების ჩატარება ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე იქნება შესაძლებელი.

აგვისტოს ბოლოს ზესტაფონს უეფას წარმომადგენელი ეწვია, რომელმაც კლუბის ხელმძღვანელობას საჭირო რჩევები მისცა. მალე "ზესტაფონი" ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან წერილობით რეკომენდაციებსაც მიიღებს და რეკონსტრუქციის პროცესიც დაიწყება. სამუშაოები სწრაფი ტემპით წარიმართება და მომავალი ზაფხულისთვის "დავით აბაშიძე" დაახლოებით ისეთ სახეს მიიღებს, როგორსაც ფოტოზე წარმოდგენილ მაკეტზე ხედავთ.

"ზესტაფონის" საწვრთნელი ბაზის მშენებლობა კი ასევე სწრაფი ტემპით გრძელდება. უკვე საკმაო ხანია, დასრულდა პირველი
მინდვრის დაგება და გუნდი ბაზაზე ვარჯიშობს. ფაქტობრივად, დასრულებულია მეორე მოედანიც და საჭიროების შემთხვევაში, გუნდი წვრთნებს იქაც გამართავს, მესამე მოედნის დასაგებად კი უკვე ყველაფერი მზადაა და მალე ისიც სრულ მზადყოფნაში იქნება.

სულ კი "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ხუთი მოედნის მოწყობაა გათვალისწინებული. ამ ხუთიდან ხელოვნურსაფრიანი მხოლოდ ერთი იქნება. დღეისთვის ბაზის ტერიტორია 5 ჰექტარია, მაგრამ, სავარაუდოდ, ამ ფართობს 3 ჰექტარი დაემატება.

საფუძველი ჩაეყარა სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობას, სადაც გუნდი იცხოვრებს. შენობის დასრულების შემდეგ ბაზა უკვე სრულყოფილ სახეს მიიღებს. ტერიტორიას ჩოგბურთის კორტებიც დაამშვენებს და თანამედროვე ბაზისთვის საჭირო ყველა ატრიბუტიც – ტრენაჟორების დარბაზი, სამედიცინო პუნქტი, კვების ბლოკი და ა. შ.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ გუნდში მიმდინარე ამბებს: გამოჯანმრთელდა და ვარჯიში განაახლა ნიკოლოზ გელაშვილმა. მოარული ხმებით, იგი სულ მალე "ზესტაფონიდან" სხვა კლუბში (უფრო საზღვარგარეთ) უნდა გადასულიყო. მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში მას ერთი წუთითაც არ უთამაშია, რამაც ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ გელაშვილის არყოფნის მიზეზი მხოლოდ ტრავმა იყო.

ახლა საქართველოს წინა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ინდივიდუალურად ვარჯიშობს "ზესტაფონის" ფიზმომზადების მწვრთნელის, ივან ვუჩეტიჩის ხელმძღვანელობით და მოედანზეც უახლოეს მომავალში გამოჩნდება. 17 სექტემბერს "ზესტაფონი" ბოლნისის "სიონს" სტუმრობს და თუ გელაშვილმა ბოლომდე მომჯობინება ამ დროისთვის ვერ მოასწრო, მომავალ ტურს, ალბათ, აღარ გამოტოვებს.

შეგახსენებთ, ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ წინა ტურში მოედანს გოგი ფიფია დაუბრუნდა, სამწუხარო კი ის არის, რომ ჯერ ვერ ბრუნდება ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც "ზესტაფონს" ზამთარში შეუერთდა და ახალი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჯერ არ ჰქონია. მისი მდგომარეობა მთლად საგანგაშოც არ არის, მაგრამ გამოცდილ ნახევარმცველს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები კვლავ შეექმნა და თამაშს ჯერ ვერ განაახლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული