ვლადიმერ ბოისა: უკმაყოფილო ვარ!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში ყველაზე გამოცდილი ვლადიმერ ბოისაა, რომელიც ეროვნულ გუნდში 1998 წლიდან თამაშობს. მას საკლუბო კარიერაც მრავალფეროვანი აქვს - სლოვენიის "ოლიმპიასთან" ერთად ევროლიგაზე წარმატებითაც უთამაშია და სლოვენიის ჩემპიონიც არაერთხელ გამხდარა, ხოლო "მონტეპასკის" მაისურით იტალიის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასიც აღუმართავს.

მიმდინარე სეზონში იგი ჯერაც არსად თამაშობს, ამიტომ გადავწყვიტეთ ბოისასთან დაკავშირება, საკლუბო ამბების გამოკითხვა და სანაკრებო პერიპეტიების გახსენება.

- სლოვენიაში ვარ, ჯერჯერობით "ჰელიოსში" ვვარჯიშობ. თუმცა არ ვთამაშობ, რადგან სხვა ვარიანტს ველი.

- კარიერის "ჰელიოსში" გაგრძელებას გამორიცხავ?
- ამის მცირე შანსი არსებობს, თუმცა "ჰელიოსში" მხოლოდ
იმ შემთხვევაში დავრჩები, თუ ისეთ კონტრაქტს გავაფორმებ, რომლის მიხედვით სხვა ვარიანტის გამოჩენის შემთხვევაში "ჰელიოსის" დატოვების უფლება მექნება. თუმცა, არის ერთი ნიუანსიც - მსგავსი ხელშეკრულებებისას ხელფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე სეზონის ბოლომდე გარანტირებული კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში. "ჰელიოსმა" სეზონი ცუდად დაიწყო, უკვე ხუთი მატჩი წააგო და კლუბის ხელმძღვანელობა გაძლიერების მიზნით კალათბურთელს ეძებს.

- "ოლიმპიაში" რა სიტუაციაა?
- შარშანდელთან შედარებით ფინანსურად უარესი მდგომარეობაა, თან გუნდი უკვე შევსებულია და კარიერის "ოლიმპიაში" გაგრძელება გამორიცხულია.

- ევრობასკეტის მერე არაერთი ქართველი კალათბურთელი დარჩა უკლუბოდ. დღეს ნიკა ცქიტიშვილს ველაპარაკე, ისიც მსგავს სიტუაციაშია.
- საკალათბურთო თვალსაზრისით ახალგაზრდა აღარ ვარ. ვფიქრობ 3-4 წელი კიდევ ვითამაშებ, თუმცა საკითხავია რა დონეზე. ეს მეც ძალიან მაინტერესებს, ამიტომაც მინდა "ჰელიოსზე" ძლიერი გუნდი, რომელშიც სათამაშო დროც მექნება და საკუთარ გამოცდილებას სათანადოდ მოვახმარ. არადა, მეც მეგონა, ევრობასკეტის შემდეგ ქართველ კალათბურთელებს შესაფერისი კლუბების მოძებნა არ გაგვიჭირდებოდა.

- ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების გამოსვლით რამდენად კმაყოფილი ხარ?
- მიღწეულით კმაყოფილი არასოდეს უნდა იყო. მითუმეტეს, რომ ჩვენს ნაკრებს ლიტვაში უკეთესი შედეგის მიღწევა შეეძლო - ფინეთისა და მაკედონიის ძლევა რეალური იყო, მაგრამ არის მიზეზი, რამაც მიზნის მიღწევაში ხელი შეგვიშალა: სასტარტო ხუთეულის ორი კალათბურთელი დაგვემტვრა. მჯერა, ზაზა ფაჩულია და გიორგი ცინცაძე რომ გვყოლოდა, საბერძნეთს თუ არა, ფინეთს მაინც მოვუგებდით. ზაზა წლების განმავლობაში გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა, მასზე კომბინაციათა უმეტესობა აეწყო და ფაჩულიას არყოფნაში თამაშის სწრაფად გადაწყობა ვერ მოხერხდა.

- როგორ გაიხსენებ სლოვენიასთან მატჩს, რომელსაც დიდი ხანი ელოდი.
- ჯერ აღვნიშნავ, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის დებიუტანტი გახლდათ, მთავარი ამოცანა ჯგუფიდან გასვლა იყო. ამისთვის კი პირველი ნაბიჯი ევრობასკეტის სადებიუტო მატჩის მოგება უნდა ყოფილიყო. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად წარიმართა, ბელგია დავამარცხეთ და საბოლოოდ მეორე ეტაპზეც გავედით. საერთოდ, ყველა მატჩში ბოლომდე ვიბრძოლეთ, ნებისმიერ მეტოქეს, მათ შორის ფავორიტებს დიდი თავსატეხი გავუჩინეთ. სლოვენიასთანაც კარგად გავისარჯეთ. ნამდვილად შეგვეძლო გამარჯვება, მაგრამ სლოვენიელებმა სამქულიენები მაინცდამაინც ჩვენთან ისროლეს მაღალი პროცენტული სიზუსტით - 15 ჩააგდეს. არადა, სამიანების რეალიზების საერთო მაჩვენებლით სლოვენიის ნაკრები ევრობასკეტის ერთ-ერთი აუტსაიდერი იყო.

- საქართველოს ნაკრების გამოსვლას სლოვენიელებმა რა შეფასება მისცეს?
- აქაურები ჩვენს გუნდს კარგად იცნობენ, მე, ნიკა ცქიტიშვილს, მანუჩარ მარკოიშვილს, გიორგი შერმადინს, ზაზა ფაჩულიას... ამიტომ, ნამდვილად არ გაჰკვირვებიათ, რომ მათ ნაკრებთან ერთად მეორე ეტაპზე გავედით. ამას თავად სლოვენიელი კალათბურთელებიც ამბობენ. შესაძლოა, საქართველოში გუნდის გამოსვლით ზოგი უკმაყოფილოა, მაგრამ სლოვენიაში ყველა მილოცავს - ევრობასკეტზე კარგად ითამაშეთო.

- ლიტვაში საკუთარი თავისგან ალბათ მეტს ელოდი.
- ასეა. მეტი უნდა გამეკეთებინა, საკუთარი თამაშით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. სწორედ ამიტომ მინდა წლეულს რომელიმე კარგ კლუბში სათანადოდ ვითამაშო, რომ მომავალ წელს ნაკრებს მეტად გამოვადგე.

- ბოლოს შენი ძმის, ანატოლის გუნდზე გკითხავ. "არმია" ევროჩელენჯის მატჩებისთვის სლოვენიაში ემზადებოდა. რა შთაბეჭდილება დატოვა საქართველოს ჩემპიონმა?
- "არმია" ლაშკოში ვარჯიშობდა. მისი ამხანაგური მატჩები ვნახე და მომეწონა. ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი და შეხვედრებიც კარგად ჩაატარა. ევროჩელენჯზე გაცილებით სერიოზული მეტოქეები ეყოლება, გერმანული "გოტინგენი", თურქული "ბეშიქთაში"... ჯგუფიდან გასვლა იოლი არ იქნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ "არმიას" ეს შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
როოოოგორც იქნა! ბოისაზე რაღაც გავიგე, იმედია ამის შემდეგ უფრო მეტი დაიწერება მასზე. ნიკა ცქიტიშვილის ან გამყრელიძის შესახებ რა ისმის იქნებ მაგაზეც რამე გვითხრათ
levani
15:00 02-11-2011
0
მქონდა საშუალება ვოვასთან გუნდში ერთად მეთამაშა ბავშვთა ლიგაში, სადაც რუსთავის გუნდში მაშინ სულ 8 მოთამაშე ვიყავით,მაგრამ ნახევარ ფინალში გავედით და მაშინაც კი გამორჩეული იყო როგორც თამაშის სტილით ასევე სპორტული სულით. მეც ვადევნებდი თვალყურს ევრო ბასკეტს და ვფიქრობ მას რაღაც სხვა დავალება ჰქონდა და თავის თავზე არ იღებდა თამაშს, თორემ დარწმუნებული ვარ ბევრად მეტი შეეძლო. მინდა აქედან მოვიკითხო თუ ნახავს ამ კომენტარს და უთხრა, რომ შენ მეტი შეგიძლია და გააკეთე. ირაკლი
irakli kikonishvili
10:36 03-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული