მარტვილელთა მყარი საფუძველი და ქართულ-აფრიკული პარალელები

AutoSharing Option
მართალია, ახლა მთელ ევროპაში სანაკრებო პერიოდია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც რამდენიმე დღეში განახლდება.

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბოლო დროის ერთ-ერთი გამოსარჩევი მოვლენა მარტვილის "მერანის" წარმატებული ასპარეზობაა. მალხაზ ჟვანიას გუნდმა ხომ ჩემპიონატის ბოლო სამი მატჩი მოიგო, მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა და არც უკეთეს პოზიციებზე მყოფ გუნდებს ჩამორჩება დიდი სხვაობით.

მალხაზ ჟვანიასთან ინტერვიუში განვლილი შეხვედრები გავიხსენეთ, "მერანის" სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ და სხვა საინტერესო თემებსაც შევეხეთ.

- რა არის თქვენი წარმატების საფუძველი?
- ყველაფრის თავი
და თავი შრომაა. ერთ მუშტად შეკრული და ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავს, ბიჭები საკუთარ თავზე გამუდმებით მუშაობენ და შედეგიც ამას მოაქვს. ახლა მართლაც წარმატებული დრო გვიდგას, მაგრამ ამაზე შეჩერებას არ ვაპირებთ და მეტის მიღწევა გვინდა.

- "მერანის" შედეგიანი თამაში, ალბათ, იმანაც განაპირობა, რომ დიდი ხანია, გუნდის ბირთვი უცვლელია.
- შემადგენლობის განახლება ყოველთვის საჭიროა, მაგრამ ყველაფერში ზომიერების გრძნობაა საჭირო. დიახ, წლებია, "მერანის" სამწვრთნელო შტაბსა და შემადგენლობაში მხოლოდ მცირედი ცვლილებები ხდება. მყარი საფუძველი უკვე ჩავყარეთ და ახლა მიზანმიმართულად ვმუშაობთ გამძლე სახლის მშენებლობაზე.

- სეზონის წინ თუ ელოდით, რომ უმაღლეს ლიგაში ასეთი შედეგიანი დებიუტი გექნებოდათ?
- საქართველოს ჩემპიონატი იმდენაც სპეციფიკური ტურნირია, რომ აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მზად ვიყავით წარმატებისთვისაც და სუსტი სტარტისთვისაც, თუმცა იმაში კი ნამდვილად არ გვეპარებოდა ეჭვი, რომ ჩვენი შრომა ადრე თუ გვიან ნაყოფს გამოიღებდა. ჯერ განსაკუთრებული არაფერი გაგვიკეთებია, თუმც მჯერა, რომ უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვებები გველის.

- ბოლო მატჩებიდან რომლებში ითამაშა "მერანმა" ყველაზე ხარისხიანი ფეხბურთი?
- მიხარია, რომ გამართულ ფეხბურთს უკვე სტაბილურად ვთამაშობთ და არა - ალაგ-ალაგ. მაღალ დონეზე ვითამაშეთ "ბაიასთან", "კოლხეთთან", თასზე "სპარტაკთან";  "დინამოსთან" წაგებულ მატჩშიც ნორმალურად გამოვიყურებოდით.

- ბოლო პერიოდში "მერანის" რომელმა ფეხბურთელებმა მიაღწიეს დიდ პროგრესს?
- უპირველესად, მეკარე ჯონი შეროზიას გამოვარჩევ, რომელმაც უმოკლეს დროში გაიარა მანძილი პირველი ლიგიდან ახალგაზრდულ ნაკრებამდე. დღეისთვის სწორედ იგი მიმაჩნია "მერანის" საუკეთესო ფეხბურთელად. გამოვყოფ ელგუჯა გრიგალაშვილის პროგრესსაც. იგი მოედნის ხედვისა და სწრაფი აზროვნების შესანიშნავი უნარითაა დაჯილდოებული და დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია. მოუმატეს ფლანგის მცველებმა, რომლებიც შეტევებში ეფექტურად ერთვებიან. ძალიან კმაყოფილი ვარ ვეტერანების, გივი დიდავასი და გიორგი მანწკავასი, რომლებიც მოედანზეც და მის მიღმაც ახალგაზრდა თანაგუნდელებისთვის სამაგალითონი არიან.

- ყველა ახალწვეულის თამაშით ხართ კმაყოფილი?
- ყველასი არა, მაგრამ უმრავლესობამ ჩვენი იმედები გაამართლა. წარმოუდგენელია, ყველა გათვლამ გაამართლოს, მთავარია, რომ უმრავლეს შემთხვევაში სწორი საკადრო გადაწყვეტილებები მივიღეთ.

- ორი ლეგიონერიდან მხოლოდ ერთს ათამაშებთ.
- ტაპე ბევრს მუშაობს და პროგრესირებს კიდეც, იატრომ კი ფეხბურთზე ფიქრს მოუკლო და, შეიძლება ითქვას, "მერანში" მისი კარიერა დასრულებულია. გული მწყდება, ასე რომ მოხდა - საკმაოდ ნიჭიერია და წინა სეზონში ძირითადში სისტემატურად ხვდებოდა, ტაპე კი ამ სეზონში ჩამოყალიბდა ჩვენი გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშედ. ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება - მხოლოდ ნიჭის ხარჯზე ვერაფერს მიაღწევ. აფრიკელებში კი, ისევე, როგორც ქართველებში, მრავლად არიან როგორც შრომისმოყვარე, ისე არასერიოზული ფეხბურთელები.

- შესაძლოა, "მერანის" რამდენიმე ფეხბურთელი უახლოეს მომავალში ძლიერი ქართული თუ უცხოური კლუბების სამიზნედ იქცეს. მზად არის თუ არა იურიდიულად თქვენი კლუბი იმისთვის, რომ ტრანსფერებიდან მოგება ნახოს?
- ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ და ყველანაირად ვეცდებით, "მერანმა" მოთამაშეთა ტრანსფერებით შემოსავალი მიიღოს. დაბრკოლება გვაქვს გრიგალაშვილის შემთხვევაში, რადგან იგი ბათუმის "დინამოდან" იჯარით გვყავს აყვანილი და ახლა ვცდილობთ, ბათუმელებთან კომპრომისულ შეთანხმებას მივაღწიოთ.

- არ გაქვთ ა კატეგორიის ლიცენზია, რის გამოც ფორმალურად "მერანის" მთავარი მწვრთნელი არ ხართ. ალბათ, უახლოეს მომავალში ამ ხარვეზის გამოსწორებას აპირებთ.
- მე კი ვაპირებ, მაგრამ დიდი ხანია, საქართველოში ა კატეგორიის ლიცენზიის სემინარი არ ჩატარებულა და, თუ არც უახლოეს პერიოდში ჩატარდა, კურსებზე საზღვარგარეთ გავემგზავრები. მართალია, ა ლიცენზიის უქონლობა მუშაობისას განსაკუთრებულ დისკომფორტს არ მიქმნის, მაგრამ მას აუცილებლად მივიღებ.

-შემადგენლობის გაძლიერებას თუ აპირებთ?
- ამ კითხვაზე მკაფიო პასუხს რამდენიმე დღეში, "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩის შემდეგ გაგცემთ. ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში ჩემპიონატის რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრისკენ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ და თუ მიზანს მივაღწიეთ, კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს შემადგენლობის გასაძლიერებლად. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ვიტყვით იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც ამჟამად "მერანისთვის" დიდი სარგებლობა მოაქვთ.

- ალბათ, თასის გათამაშებაზეც მაქსიმალურად დაიხარჯებით.
- რა თქმა უნდა. თასი ჩვენთვის ჩემპიონატზე არანაკლებ პრიორიტეტული ტურნირია. "გაგრა" ძლიერი მეტოქეა, მაგრამ კარგად ვიცით მისი ძლიერი და სუსტი მხარეები და სისუსტეების საჩვენოდ გამოყენებას შევეცდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული