პრობლემა ქართული ფეხბურთში: ზევით ცუდია, ქვემოთ - უარესი

AutoSharing Option
"ზესტაფონელთა კარში გატანილი გადამწყვეტი გოლის შემდეგ მოედანზე შეიჭრა მასპინძელთა ახალგაზრდა ქომაგი, რომელმაც მიირბინა სტუმართა გოლკიპერთან, მას ჩამოსართმევად ხელი მიაწოდა, ზეიმი უცენზურო ლექსიკის მდიდარი მარაგის დემონსტრირებით გააგრძელა და მოედნიდან გასვლა, ისე, რომ მისთვის ეს არც არავის მოუთხოვია, საჭიროდ მხოლოდ ამის შემდეგ ჩათვალა", - ამას "ზესტაფონის" ვებგვერდზე ვკითხულობთ. ეს შემთხვევა ფოთში, "კოლხეთისა" და "ზესტაფონის" დუბლშემადგენლობათა მატჩისას მოხდა.

ქართული ფეხბურთის სახე მხოლოდ ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები, უმაღლესი ლიგა, კეთილმოწყობილი და კეთილმოუწყობელი სტადიონები ან ფეხბურთის ფედერაციის შენობა არ არის - ვალდებულები ვართ, უფრო "ქვემოთაც"
ჩავიხედოთ, სადაც ლამაზი სურათი ნამდვილად არ დაგვხვდება. შეიძლება, ზემოთ აღწერილი შემთხვევა მხოლოდ "ორიგინალურობით" გამოირჩეოდეს, თორემ უწესრიგობები ეროვნული ჩემპიონატის ქვედა, დუბლების, ჭაბუკთა და ბავშვთა ლიგებში წესი უფროა, ვიდრე გამონაკლისი.

გასაგებია, რომ ქართულ ფეხბურთში დიდი ფული არ ტრიალებს, უამისოდ კი ვერც სტადიონს მოუვლი და ვერც მატჩის ჩატარებისთვის აუცილებელ ელემენტარულ პირობებს შექმნი, მაგრამ ფული არ ღირს კულტურა და შეგნება, რისი დეფიციტიც ფეხბურთთან კავშირში მყოფ ხალხში აშკარად იგრძნობა.

ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ ზემოხსენებულ გათამაშებებს არ აქვთ იმხელა ბიუჯეტი, რომ მატჩებისთვის უსაფრთხოების სამსახური დაიქირავონ, მაგრამ, როგორ განვითარდება ფეხბურთი იმ ქვეყანაში, სადაც ბევრს უყვარს მოედანზე მატჩის მსვლელობისას შესვლა, თანაც, არა მხოლოდ "სასეირნოდ"?

ფოთში მომხდარი ინციდენტი გამონაკლისი რომ არ გეგონოთ, საკუთარი თვალით ნანახზე გიამბობთ - მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატის მეორე (იგივე რეგიონული) ლიგის რამდენიმე მატჩს დავესწარი და გამუდმებით მეორდება ასეთი სურათი:

- ორივე გუნდის მწვრთნელები მატჩის მსვლელობისას მოედანზე ორი-სამი მეტრის სიღრმეზე შედიან, რაზეც მსაჯთა რეაქცია ნულის ტოლია;

- შეხვედრისას არ ფორმდება შეცვლები, რადგან რეგიონულ ლიგაში სათადარიგო მსაჯი საერთოდ არ არის და არბიტრი მხოლოდ ნამატჩევს, კლუბების წარმომადგენლების მონათხრობის საფუძველზე იწერს შეცვლებს;

- მწვრთნელები მატჩის შემდეგ არბიტრს სთხოვენ, ოქმში ყვითელი ბარათი არ გაუფორმოს მის იმ ფეხბურთელებს, რომლებიც გაფრთხილებების გამო მომდევნო ტურს გამოტოვებენ. ზოგჯერ მწვრთნელი გაძევებულ ფეხბურთელსაც კი აიმედებს, რომ მსაჯთან ყველაფერს "მოაგვარებს" და დისკვალიფიკაციას გადაურჩება;

- ინიშნება ჯარიმა, მწვრთნელი შერბის მოედანზე და საკუთარ ფეხბურთელებს იქ უხსნის, როგორ უნდა შეასრულონ სტანდარტი. მსაჯი აქაც დუმს;

- სტადიონს (უფრო ზუსტად, მოედანს) გასახდელებისა და სათადარიგოთა სკამების პრობლემა აქვს. ფეხბურთელები მოედანზევე, ჩამომსხდრები ან წამოწოლილები ისვენებენ და, გაოფლილები რომ არ გაცივდნენ ან (ზამთრისპირზე ან ნაზამთრალზე) გაიყინონ, ტაიმებს შორის შესვენება არა 13-14, არამედ 7-8 წუთია.

- შესვენებაზე მწვრთნელის გარდა (ან მაგივრად), რჩევა-დავალებებს იძლევიან მშობლები, მეგობრები და ზოგჯერ შემთხვევითი გამვლელებიც;

- არ გაგიკვირდეთ და, გუნდების აბსოლუტურ უმრავლესობას არ ჰყავს არათუ ექიმი, არამედ არ გააჩნია მცირე სააფთიაქო ყუთიც კი. რაღა თქმა უნდა, შეხვედრებს არც სასწრაფო დახმარების ბრიგადა ემსახურება და ღმერთმა დაიფაროს, ფეხბურთელმა სერიოზული ტრავმა მიიღოს - ვინმემ იქვე უნდა აკრიფოს 113.

- ბევრ ფეხბურთელს არ აქვს ისეთი აუცილებელი და არცთუ ძვირადღირებული ნივთი, როგორიცაა წვივსაფარი, ბევრ სათადარიგო ფეხბურთელს აცვია ჩვეულებრივი "ბოტასი" და თუ მოედანზე შევიდა, იცვამს გამოცვლილი თანაგუნდელის ბუცებს. თუ ზომა არ მოერგო, ცდილობს, ბუცები სხვა სათადარიგოებს შორის მოიძიოს.

- რეგიონულ ლიგაში, სადაც ასაკობრივი ცენზი არ არის, უხელფასოდ თამაში ჩვეულებრივი ამბავია, ზოგ კლუბში კი, რომელსაც სპონსორი ჰყავს (ფურცელზე მაინც), ფეხბურთელებისთვის გადასახადია დაწესებული.

აღარაფერს ვამბობთ მსაჯთა ყველა ბრუნვაში მოხსენიებაზე, რაც უმაღლეს ლიგაშიც "სტანდარტია". არბიტრმა მისი ყველა შემგინებელი რომ გააძევოს, მატჩი ჩაიშლება, რადგან, მოგეხსენებათ, არ შეიძლება, გუნდის შემადგენლობაში შვიდზე ნაკლები ფეხბურთელი დარჩეს.

საბედნიეროდ, გამონაკლისიც არსებობს და იმასაც აღვნიშნავთ, რომ ზოგ სტადიონზე ელემენტარული სათამაშო პირობები ნამდვილად არსებობს, და ისეთი გუნდებიც გვინახავს, კეთილსინდისიერი მწვრთნელები რომ ჰყავთ, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში კორექტულად იქცევიან და ამასვე მოუწოდებენ შეგირდებს - ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, რომლებიც ფეხბურთელებს ზედმეტ ფსიქოლოგიურ წნეხში აქცევენ და მსაჯების შეურაცხყოფისკენ აქეზებენ.

მსაჯები ხშირად მართლაც სცოდავენ, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ბევრი მწვრთნელი მარცხის გამო ფეხბურთელებსა და მათ ახლობლებთან (რეგიონულ ლიგაში ქომაგი სანთლითაა საძებარი) თავის გამართლებას სწორედ მსაჯზე აპელირებით ცდილობს.

მოედანზე სამი მსაჯია, ფეხბურთელი კი გაცილებით მეტი და თუ ვინმეს "შავოსნებზე" ანგარიშსწორების სურვილი გაუჩნდა, მსაჯთა საქმე მართლაც შავად წავა, რადგან მათი დამცველი იქ არავინაა.

ვერ ვიტყვით, რომ ზემოთ აღწერილი მძიმე სურათი მხოლოდ ტურნირის ორგანიზატორის ბრალია. ელემენტარულ მოთხოვნებს არც კლუბები ასრულებენ. მასპინძელი მხარის ვალდებულებებს ბევრი არღვევს. სხვა რომ არაფერი, ხშირად არ სრულდება ისეთი ელემენტარული მოთხოვნა, როგორიცაა ბურთების საჭირო რაოდენობა - არცთუ იშვიათად, როცა ბურთი მოედნის ფარგლებს დატოვებს, სანამ რომელიმე სათადარიგო არ მოიტანს ან გამვლელი არ შეიწუხებს თავს, თამაში შეფერხებულია.

მასპინძელი გუნდი ვალდებულია, სტუმარს გასახდელი (საშხაპე დაბალ ლიგებში თითქმის ყველასთვის ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება) და რამდენიმე ბურთი დაახვედროს მატჩამდელი მოთელვის ჩასატარებლად. ეს მოთხოვნაც მხოლოდ შიგადაშიგ სრულდება.

სამართლიანობა იმის აღნიშვნასაც მოითხოვს, რომ რეგიონული თუ ბავშვთა ლიგების ორგანიზატორები ერთ ტაფაში მოქცევას არ იმსახურებენ. ამქვეყნად ყველაფერი შედარებითია და უნდა ვთქვათ, რომ თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებული ტურნირები შედარებით ორგანიზებულია - სხვა თუ არაფერი, აქ გუნდებს ის მაინც მოეთხოვებათ, რომ ფეხბურთელებს ერთნაირი სათამაშო ფორმები ეცვათ და ნომერი ყველას ეწეროს. სხვათა მიერ გამართულ პირველობებზე კი ზოგი გუნდის მოთამაშეები სხვადასხვა ფერის მაისურებით გამოდიან მოედანზე, ზოგს ნომრები არ აწერია, ზოგი კი მხოლოდ გადასაცმელებს სჯერდება.

მოკლედ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქართული ფეხბურთი საყოველთაო ყურადღებას მოკლებული არაერთი შრისგან შედგება და თუ იქ არსებულ პრობლემებს არ შევეხეთ და მათი მოგვარების გზები ვერ ვიპოვეთ, ვერასდროს გვეღირსება ვერც კარგი ნაკრებები და ვერც - ძლიერი ეროვნული ჩემპიონატი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მარტალია ეს კაცი
zaza,zaza
14:04 24-11-2011
0
ყოჩაღ ბატონო ლევან, საკითხის ასე ფართოდ გაშუქებისთვის! რა გვეშველება? ეს ეტყობა არც ფედერაციაში ადარდებთ დიდად, სპორტის სამინისტროზე რომ არაფერი ვთქვათ...არადა ვინ ზარალდება? ისევ ჩვენი შვილები, ჩვენი ფეხბურთი, ფედერაცია, სამინისტროც და ცვენ ყველა ერთად... იქნებ გაიხსნას ერთობლივი ფონდი, ან ცალკეული ქალაქის ცალკე? ითაოს რომელიმე ბანკმა, გაიხსნას ანგარიში და ჩვენ ყველამ ერთად, იქნებ შევძლოდ რაღაც თანხების გადარიცხვა და პატარა ხელი შევაშველოთ? ყველანი ერთად ამოვუდგებით გვერდში, ქართული ფეხბურთის თუ ჩვენი შვილების მომავალს...აბა რა ვქნათ? იქნებ კიდევ დაგეწერათ მსგავსი სტატიები...?
დევიდ აირონს
05:39 24-11-2011
0

სიახლეები პოპულარული