საქმე ისაა, რომ პროფლიგას, მედიაკომპანია "კოლხიდას", ფეხბურთის ფედერაციასა და ეროვნული ჩემპიონატის ჩვენებით დაინტერესებულ ტელეკომპანიებს საკითხი დღემდე ვერ გაურკვევიათ. ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე და ცნობილი ტელეჟურნალისტი ლაშა დვალიშვილი გვესაუბრება ახალ პროექტზე, რომელიც
- როგორც გავიგეთ, მალე ეროვნული პირველობის რეპორტაჟებსა და მიმოხილვას არა "პირველ არხი", არამედ ტელეკომპანია "მზე" გადასცემს...
- ეროვნული ჩემპიონატი გავა იმ არხზე, რომელიც ამ პროექტის განხორციელებით დაინტერესდება. თუმცა, რეალობიდან გამომდინარე, დღევანდელ ტელესივრცეში ყველაზე მეტი თავისუფალი დრო "მზეს" აქვს. ფორმატი კი, რომელიც ჩვენთვის მისაღებია და რომელიც ჩვენი აზრით დამატებით ინტერესსა და პოპულარობას მოუტანს ეროვნულ პირველობას, სწორედ მეტი საეთერო დროის დათმობას უკავშირდება. ამ ეტაპზე რთულია გადაჭრით იმის თქმა, თუ რომელ არხზე გაშუქდება ეროვნული პირველობა. თუმცა შემოთავაზებების განხილვისას ამ ფაქტორს განსაკუთრებული როლი მიენიჭება. რაც მთავარია - არსებობს ჩემპიონატის გაშუქების ვრცელი და მასშტაბური პროექტი, მაგრამ მასზე ლაპარაკი მხოლოდ იმის შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა პროფლიგა და მედიაკომპანია "კოლხიდა" ურთიერთობებს გაარკვევენ. ეს რთული თემაა და მოლაპარაკება დღემდე გრძელდება.
- ახალ ტელეპროექტზე ვილაპარაკოთ...
- ეს ძალიან ამბიციური პროექტია. მიმაჩნია, რომ მხოლოდ მატჩების ჩვენება და ტურის მიმოხილვა ეროვნულ ჩემპიონატს პოპულარულს ვერ გახდის, გაცილებით მეტი გადაცემა და საეთერო დროა საჭირო. პროექტის თანახმად, მატჩამდე 40-წუთიანი გადაცემა გავა უშუალოდ სტადიონზე მოწყობილი მინი სტუდიიდან, სადაც წამყვანი და სტუმარი პირველობის კონკრეტული ტურს განიხილავენ, ტელემაყურებელი გუნდების წინასამატჩო მზადებაზე მომზადებულ სიუჟეტებსაც იხილავს, იქნება პირდაპირი ჩართვები სხვა ქალაქების სტადიონებიდან...
მერე იქნება რეპორტაჟი, შესვენებაზე ფეხბურთელების ბლიცინტერვიუები, რაზეც პროფლიგა გუნდებს უნდა შეუთანხმდეს. ბუნებრივია, კომენტარებს მატჩის შემდეგაც ვითვალისწინებთ, პლუს შემაჯამებელი გადაცემა. თუმცა მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, მატჩის დროს კიდევ ორი-სამი სტადიონიდან ჩართვით - მაგალითად, სამტრედიიდან, ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, ფოთიდან და ზუგდიდიდან - ხალხი დაინახავს, რომ საქართველოში ფეხბურთი არ მომკვდარა... ეს ფორმატი ცოცხალი და საინტერესოა. ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციას დღევანდელზე მეტი შრომა და ენერგია სჭირდება, თორემ სირცხვილია, რომ გულშემატკივართა დიდი ნაწილი ჩვენი პირველობის საუკეთესო მოთამაშეებსაც ვერ ცნობს. ეს 3-საათიანი გადაცემა კარგად რომ შევფუთოთ, იმ პროდუქტს მივიღებთ, რომელიც მაყურებელსაც დააინტერესებს და სპონსორებსაც და ეს მთავარია.
რუსეთში სხვა კი არაფერი გაკეთდა? იქაური ჩემპიონატიც არ იყო პოპულარული, მაგრამ ნელ-ნელა დაქოქეს, უზარმაზარი შრომა გასწიეს და მშვენიერი შედეგიც მიიღეს. არავინ დავობს, რომ კომერციული თვალსაზრისით წამყვანი ქვეყნების ჩემპიონატები ბევრად უფრო ადვილი გასაყიდია, მაგრამ საკუთარის კომერციალიზაციასა და პოპულარიზაციაზეც ხომ უნდა ვიზრუნოთ? ამ პროექტის განხორციელებას დიდი ფინანსები და სწორი მიდგომა სჭირდება და დაწმუნებული ვარ, ძლიერი კომპანიები პარტნიორობით დაინტერესდებიან. ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციას გაზეთები დიდი ხანია ცდილობენ, მაგრამ უპირველესი როლი მაინც ტელევიზიებს ეკისრებათ. სამწუხაროდ, ახლა ტელეეთერში ჩვენს ჩემპიონატის მცირე დრო ეთმობა.
მე კი მიმაჩნია, რომ მაგალითად - ხიდეშელი, აფციაური, გელაშვილი, კაშია და ასე შემდეგ გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებენ. მეტი ინტერესი ხალხს სტადიონზე მიიყვანს, შევსებული ტრიბუნები კი ფეხბურთელისთვის სერიოზული სტიმულია და უფრო მონდომებით ითამაშებს.
- მშვენიერი პროექტია, მაგრამ "მზე" საქართველოს მთელ ტერიტორიას ვერ ფარავს და ეროვნული ჩემპიონატი მხოლოდ თბილისისთვის გაშუქდება?
- ამის შესახებ უკვე ვილაპარაკეთ და თუ პროექტი "მზეზე" განხორციელდება, არის შეთანხმება, რომ ტელეკომპანია მთელი საქართველოს დაფარვას უზრუნველყოფს.
- პროექტის განხორციელებით ფეხბურთის ფედერაცია და პროფლიგა დაინტერესდნენ?
- ხალხს მთელი წლის განმავლობაში ფეხბურთის ყურება სურს და არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების - ქართული თემა არ უნდა გავაშუქოთ? ეს ფედერაციისა და პროფლიგის პირდაპირ ინტერესშია და თუკი "კოლხიდა" პროექტს არ გააგრძელებს, მაშინ ისინი ჩემს იდეა დაუჭერენ მხარს. ვიმეორებ, ეს ძვირადღირებული, მაგრამ კომერციულად უფრო საინტერესო პროექტია და საერთოდაც - ყველაფერი კარგი ძვირიცაა.
- "მზეზე" თქვენი გადაცემები რატომ აღარ გადის?
- არ ვიცი, ახლა რა იქნება და დაუთმობენ თუ არა ქართულ სპორტს ძველებურ ყურადღებას. არადა, ეს აუცილებელია. "მზეზე" კი მისთვის ყველაზე მძიმე პერიოდში მივედით, როცა ტელეკომპანიის არსებობა ბევრს დაავიწყდა. გვერდში მხოლოდ თემურ უგულავა დაგვიდგა, რისთვისაც მას ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო, სხვებმა თვალები დახუჭეს... ამიტომაც ძალზე მწირი პირობები გვქონდა. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ქართული სპორტისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთეთ და სპორტული არხების ჩამოყალიბებას "მზეზე" გასულმა გადაცემებმა შეუწყო ხელი - კარგად გამოჩნდა, რომ მსგავსი არხის ჩამოყალიბება საქართველოშიც შესაძლებელია. ამიტომაც მინდა, სპორტული ტელევიზიის შექმნის ინიციატორებს წარმატებები ვუსურვო. მთავარია, ეს იდეა ვიღაცამ აიტაცოს და განახორციელოს.