სკოლაში ვარჯიშობს 160-მდე პერსპექტიული ბავშვი, რომელთაც ავარჯიშებს 11 მწვრთნელი, ჩამოყალიბებულია 8 გუნდი. მარტვილელთა ინიციატივა სამაგალითო გახდა სამეგრელოში: ამ საკითხით დაინტერესება გამოთქვეს ხობის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა.
ჯესი სურმავა (საფეხბურთო სკოლის დირექტორი): "2011 წლის დასაწყისში ჩამოვაყალიბეთ საფეხბურთო სკოლა, რომელიც სრულად გაემიჯნა სპორტსკოლას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გავიარეთ კონსულტაცია, შევქმენით საკუთარი
მიზანი და ამოცანა, რასაკვირველია, ქართული ფეხბურთის განვითარება, ტალანტების მოძიება და მათი სწორად აღზრდაა. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ჩამოვაყალიბოთ ინტერნატის ტიპის სკოლა, რომელიც სისტემატურად მოამარაგებს კადრებით საფეხბურთო კლუბ "მერანს".
რაიონის ხელმძღვანელთა ხელშეწყობით დაგეგმილია სოფელ სერგიეთის ყოფილი კოლმეურნეობის შენობის ევროპულ დონეზე, ყველა სტანდარტის დაცვით რესტავრირება. ვაპირებთ ორი დიდი და ერთი მინიმოედნის მოწყობას".
სერგო კვარაცხელია (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის ინიციატივითა და სახელმწიფოს ხელშეწყობით ქართული ფეხბურთი ახალ სტრუქტურულ მოწყობაზე გადადის, ბევრი რამ კეთდება მის ასაღორძინებლად. სამეგრელოში ამ მხრივ აქტიურობაა.
მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა მარტვილში, სადაც, ფაქტობრივად, ხორციელდება საფეხბურთო სკოლის დამოუკიდებლად მართვა. გვსურს, ყველა რაიონი დავაინტერესოთ ამ სიახლით, რათა ფეხბურთი რეგიონში უფრო მასობრივი და პოპულარული გახდეს - უმაღლეს ლიგაში ხომ სამი გუნდით ვართ წარმოდგენილნი და, ცხადია, წინ უნდა გავიხედოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"