შაბათს გორის სასტუმრო "ვიქტორიაში" კლუბის პრესატაშე ზურაბ კარტოზიას თაოსნობით გაიმართა "დილას" განახლებული ხელმძღვანელობის, მწვრთნელთა შტაბისა და ფეხბურთლთა შეხვედრა გუნდის ასამდე ერთგულ გულშემატკივართან. კლუბის მესვეურები ქომაგებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუხეს.
კიდევ ერთხელ ითქვა,
გუნდის განვითარების თაობაზე ქომაგებს თავისი მოსაზრება გააცნო ახალმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ.
"ჩემი ხელმძღვანელობით "დილამ" უკვე ოთხი მატჩი ჩაატარა, სასიხარულოა, რომ საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე გავედით. ახლა ძალიან ახლოს ვართ თასის მოგებასთან და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წარმატებული სათასო სვლა ბოლომდე მივიყვანოთ. ნუ იოცნებებთ ნახევარფინალში სასურველ მეტოქეზე, იქ შემთხვევით არავინ მოხვედრილა და ყველასთან გაჭირდება ბრძოლა.
პარალელურად, ჯერჯერობით ისევ რთული ვითარება გვაქვს ეროვნულ ჩემპიონატში. რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა ძალიან ძნელი იქნება, ვინაიდან იქ დაახლოებით ექვს გუნდს ადგილი უკვე თითქმის მოპოვებული აქვს. ჩვენ, ფაქტობრივად, დანარჩენი ორი პოზიციისთვის მოგვიწევს უშუალო კონკურენტებთან პაექრობა. "დილას" ფეხბურთელებზე კარგი წარმოდგენა ჩამომიყალიბდა, ვფიქრობ, მათ დიდი პოტენციალი აქვთ, თუმცა, რაც უნდა ძლიერი იყოს გუნდი, შემადგენლობის გაძლიერება მაინც არ აწყენს. ჩვენც, დასახული მიზნებიდან გამომდინარე, ზამთრის სატრანსფერო სეზონისას შევეცდებით, ყველა სათამაშო რგოლი გავაძლიეროთ. არ გამოვრიცხავ ლეგიონერების დამატებასაც", - თქვა მახარაძემ.
გულშემატკივარს ასევე წარუდგინეს მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იური გაბისკირია და ჩვენი ქვეყნის ნაკრებისა და აწ უკვე "დილას" ექიმიც დიმიტრი ზაალიშვილი. ტექნიკურ დირექტორად იმუშავებს ვანო თაყაძე, რომელსაც გორელებისთვის წარდგენა არ სჭირდება. იგი "დილაში" ჯერ თამაშობდა, შემდეგ კი მწვრთნელობდა, მისმა სამივე ვაჟმა ითამაშა "დილაში" და ერთ-ერთი, რომან ახალკაცი ახლაც წამყვანი ფიგურაა გუნდში.
სხვა საინტერესო სიახლეებზე ილაპარაკეს კლუბის პრეზიდენტმა ზურაბ დალაქიშვილმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო ხორგუაშვილმა. მათი ინფორმაციით, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე მოედნის საფარის შეცვლის სამუშაოები მცირე ნაწილია იმ სასიკეთო ცვლილებებისა, რასაც კლუბის მეპატრონენი გეგმავენ. საფარის შეცვლის და გუნდის მშობლიურ არენაზე დაბრუნების შემდეგ იქ ეტაპობრივად გაგრძელდება მუშაობა გასახდელების, საპატიო სტუმართა და პრესის ლოჟების, ტაბლოს, განათების მოსაწესრიგებლად. გარემონტდება სტადიონი "ქართლიც", სადაც ამჟამად ასპარეზობს გუნდი. მალე "დილას" კომფორტული ავტობუსი და საკუთარი ვებგვერდიც ექნება.
გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა ილაპარაკეს ქომაგობის ფორმების დახვეწასა და ფანებთან ფეხბურთელების ურთიერთობაზე. გუნდის ფანკლუბს სათავეში "დილას" ყოფილი ფეხბურთელი არჩილ ოლგესაშვილი ჩაუდგა. კლუბის ხელმძღვანელობა ფანებს დაჰპირდა, რომ სამომავლოდაც ყველაფერს გააკეთებს სტუმრად გამართულ მატჩებზე მათ დასასწრებად.
დარჩენილი პრინციპული მატჩებისთვის მოსამზადებლად "დილა" შეკრებას სასტუმრო "ვიქტორიაში" გადის. ცნობილი გახდა, რომ ზამთრის შესვენებისას გუნდს შეკრებებს მოუწყობენ ჯერ საქართველოში, შემდეგ კი უცხოეთში.
დაგვეთანხმებით, "დილას" გამართულ, თანამედროვე და წამყვან ქართულ საფეხბურთო კლუბების რიგში ჩადგომა არა მხოლოდ გორელებს გაახარებს. კიდევ ერთი ძლიერი კლუბის გამოჩენა ჩვენს ფეხბურთში ყველასთვის სასურველი ამბავია.
დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"