ვლადიმერ გუცაევი - ფრაგმენტი ჩემი კარიერიდან

AutoSharing Option
ლეგენდარულ ფეხბურთელებს მოსაყოლი ბევრი აქვთ. ვლადიმერ გუცაევიც ასეთი იყო, ხალხი მის სანახავად დადიოდა სტადიონზე და ტაშს საზღვარგარეთაც უკრავდნენ.

გუცაევი გარემარბი იყო და მცველის გაცურების გარდა, გატანაც კარგად ეხერხებოდა. დღევანდელ თაობას მისი თამაში არ უნახავს, მაგრამ ვისაც ფეხბურთი უყვარს, მას უთუოდ ეყვარება ისეთი მოთამაშე, რომლის ფინტებსა და გოლებზე ლეგენდებს ჰყვებიან.

გუცაევმა რამდენიმე საინტერესო ისტორია გაიხსენა, მოგონებები კი მარიო კემპესთან შეხვედრით დაიწყო...

კემპესი? არა, მაინც კიგანი!
"ვალენსია" თბილისში მოსკოვის "სპარტაკთან" სათამაშოდ ჩამოვიდა. ადრიან გაზაფხულსა თუ გვიან შემოდგომაზე რუსეთსა და უკრაინაში საერთაშორისო მატჩების
ჩატარება საცივის გამო ჭირდა და საევროტურნირო შეხვედრებს რუსულ-უკრაინული გუნდები ზოგჯერ თბილისში მართავდნენ.

"ვალენსია" სასტუმრო "აჭარაში" ცხოვრობდა. მარიო კემპესს ინტერვიუზე დავით ქლიბაძე შეუთანხმდა და მეც დამირეკა, არ გაინტერესებს კემპესის გაცნობა და მასთან საუბარიო. ეს ფოტოც მაშინ არის გადაღებული. კემპესს 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვესაუბრე, მის არგენტინელ თანაგუნდელებზე, ქლიბაძე კი ასეთ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდა და კემპესი მარადონაზეც ბევრი ალაპარაკა. სხვათა შორის, კემპესი თბილისის "დინამოზეც" გვესაუბრა, სასიამოვნო იყო, რომ ჩვენს გუნდზე არცთუ ცოტა ინფორმაცია ჰქონდა.

Sportall.Ge

1978 წლის მუნდიალზე კემპესმა ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ჩემიონატის შემდეგ თავი დიდად აღარ გამოუჩენია. ვფიქრობ, 70-იანი წლების ბოლოს მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელი კევინ კიგანი იყო. 1979 წელს ჩემპიონთა თასზე "ჰამბურგთან" რომ დავმარცხდით, გერმანელთა რიგებში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობდა - ფელიქს მაგათი, მანფრედ კალცი, ჰორსტ ჰრუბეში... თუმცა სხვებისგან მკვეთრად გამორჩეული კიგანი იყო, რომ არა ის, დარწმუნებული ვარ, "დინამო" მაშინ "ჰამბურგს" მოუგებდა. კიგანი გუნდის სული და გული იყო, იმ პერიოდში ზედიზედ ორჯერ მოიპოვა "ოქროს ბურთიც".

საშა, რას მერჩოდი?
1979 წელს საბჭოთა კავშირის თასის ფინალში პენალტების სერიით მოსკოვის "დინამოს" მოვუგეთ. შეხვედრა მოსკოვში, "ლუჟნიკებზე" გაიმართა. ძალიან ცხელოდა, შინაარსიანი თამაში ვერ გამოვიდა. 11-მეტრიანი ჩვენგან მე და დათო ყიფიანმა ვერ გავიტანეთ. მოსკოველთა მეკარე ნიკოლაი გონტარმა ჩემი დარტყმული მოიგერია.

მიმაჩნია, რომ პენალტი იღბალია - შეიძლება, კარგმა მოთამაშემ ვერ გაიტანოს, მასზე კლასით ნაკლებმა კი უკეთესად შეასრულოს, ანუ 11-მეტრიანს უფრო კარგად დაუჭიროს მუღამი. პენალტებს მანამდე შედეგიანად ვარტყამდი, ფინალის შემდეგ კი რაღაც პერიოდი ვერიდებოდა 11-მეტრიანის ნიშნულთან მისვლას. ის ფინალი მას მერე მოვიგეთ, რაც ოთარ გაბელიამ პირჯვარი გადაიწერა და ვალერი გაზაევის დარტყმული აიღო.

მოსკოველთა ერთ-ერთი მცველი იმ პერიოდში ნოვიკოვი იყო. არ იყო ცუდი ბიჭი, მაგრამ მოედანზე სულ მეუხეშებოდა. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ კვიპროსზე შევხვდი და ვკითხე, საშა, რას მერჩოდი-მეთქი. მიპასუხა, მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი სევიდოვი თამაშის წინ მავალებდა, რადაც უნდა დაგიჯდეს, მოედანზე გუცაევის არსებობა ყველამ უნდა დაივიწყოსო. ნოვიკოვი კლასიანი მცველი არ იყო და ისღა რჩებოდა, უხეში თამაშით გასულიყო ფონს. მაშინ სხვანაირი მსაჯობა იყო, ყვითელ და წითელ ბარათებს ასე ხშირად და ადვილად არ არიგებდნენ, თორემ მატჩის დასაწყისშივე კაცნაკლულს დავტოვებდი მოსკოვის "დინამოს".

მე და ყიფიანი სტუმრები ვიყავით
იმავე 1979 წელს თბილისში ამხანაგური მატჩი გაიმართა და დასავლეთგერმანელებმა საბჭოთა ნაკრებს 3:1 მოუგეს. გერმანიას მაშინაც სერიოზული გუნდი ჰყავდა, მაგრამ წაგებას მხოლოდ ამას ვერ დავაბრალებ. საბჭოთა ნაკრების მწვრთნელები, ვალერი ლობანოვსკი თუ კონსტანტინ ბესკოვი ახირებულად იქცეოდნენ - როცა ბესკოვი ინიშნებოდა ნაკრების მწვრთნელად, 22 კაციდან დაახლოებით 15 "სპარტაკიდან" მიჰყავდა, ლობანოვსკის დანიშნავდნენ და, კიევის "დინამოდან" მიიყვანდა დაახლოებით ამდენივეს, მერე კი ბესკოვიც და ლობანოვსკიც საკუთარ სიას დაუმატებდნენ ხორენ ოგანესიანს, ალექსანდრე ჩივაძეს, თენგიზ სულაქველიძეს და რამაზ შენგელიას - მეტწილად ასე ხდებოდა ხოლმე.

მე და დავით ყიფიანი ნაკრებში თავს სტუმრებად ვგრძნობდით, არადა, ჩვენს "დინამოს" იმ დროს ყველაზე ძლიერი თავდასხმა ჰყავდა საბჭოთა კავშირში: ყიფიანი, შენგელია და გუცაევი. ამ სამეულს, რა თქმა უნდა, ოლეგ ბლოხინი უნდა დამატებოდა და მართლაც სოლიდური წინა ხაზი გამოვიდოდა.

გამონაკლისი მოხდა მაშინ, როცა ნაკრები ნიკიტა სიმონიანს ჩააბარეს და ის მართლაც ვარსკვლავურ შემადგენლობას უყრიდა თავს, მაგრამ სიმონიანი ცოტა ხანს გააჩერეს ნაკრების თავკაცად. მისი ხელმძღვანელობით ევრო 1980-ის შესარჩევში საბჭოთა ნაკრები თბილისში უნგრეთს 2:2 ეთამაშა და, მგონი, მაშინ ყველაზე მეტი ქართველი იყო საბჭოთა ნაკრებში, სხვათა გარდა, მოედანზე იყვნენ ვახტანგ ქორიძე და მანუჩარ მაჩაიძეც.

რაც შეეხება გფრ-სთან თბილისურ შეხვედრას, მოედანზე ვიყავი. გერმანიის ნაკრების ფლანგებზე კალცი და ჰანს-პეტერ ბრიგელი თამაშობდნენ, ლიბერო კი ბერნარდ კულმანი გახლდათ. დაცვას რომ თავი დავანებოთ, ნახევარდაცვაში და თავდასხმაში სტუმრებს მთელი თანავარსკვლავედი ჰყავდათ: ჰანსი მიულერი, ბერნდ შუსტერი, კლაუს ფიშერი, კარლ-ჰაინც რუმენიგე... მოკლედ, ასეთ გუნდთან გამკლავება ძნელი იყო, თუმცა სწორი სამწვრთნელო პოლიტიკით ასეთ მეტოქესთანაც შევძლებდით ტოლსწორად თამაშს.

Sportall.Ge

რა დაემართა ბლოხინს
ჩემი ფეხბურთელობისას საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში სხვა გარემარბებიც გამოდიოდნენ, თუმცა სპექტრი ფართო არ იყო. მოსკოვის ცსკა-ში თამაშობდა იური ჩესნოკოვი, სიწრაფე არ დაეწუნებოდა, მაგრამ მთლიანობაში დიდი ვერაფერი გარემარბი იყო, ტექნიკა აკლდა, თუმცა მაინც იწვევდნენ ნაკრებში. საუკეთესო ფლანგელი ოლეგ ბლოხინი გახლდათ, ალბათ, გახსოვთ მისი სოლორეიდი და საოცარი გოლი მიუნხენის "ბაიერნის" კარში 1975 წელს. მე და ბლოხინი საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრებიდან ერთად მოვდიოდით და მის შესაძლებლობებს ძალიან კარგად ვიცნობდი. როცა ვარსკვლავი გახდა, თავისებურად გათამამდა და თავდასხმის რამდენიმე პოზიციაზე დაიწყო თამაში, ხანდახან ძალიან იხევდა უკან და ამ ყველაფრით დაკარგა ის ხიბლი, რაც ადრე ჰქონდა.

რატომ ვერ წავედით გერმანიაში
1974 წელს დასავლეთ გერმანიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის კარგი შანსი გვქონდა. შესარჩევი ციკლის შემდეგ ჩილესთან მოგვიწია პლეი ოფში თამაშმა. ჩილეში მაშინ პინოჩეტის რეჟიმი იყო და საბჭოთა კავშირის მთავრობამ გადაწყვიტა, შეხვედრა დახურული, ანუ უმაყურებლო ყოფილიყო. ერთი სიტყვით, "ლუჟნიკებზე" უგულშემატკივრებოდ ვეთამაშეთ ჩილეს. მატჩი 0:0 დასრულდა.

საპასუხო შეხვედრა ჩილეში უნდა გამართულიყო, მაგრამ იქ აღარ გაგვიშვეს, ალბათ, იფიქრეს, რადგან პირველი მატჩი ვერ მოიგეს, სტუმრად შანსი არ ექნებათო. მთავრობის ამ გადწყვეტილების გამო მუნდიალზე წასასვლელი გზა მოგვეჭარა, არადა, ჩილე სულაც არ იყო ის გუნდი, რომლის სტუმრად დამარცხება ჩვენს ძალებს აღემატებოდა.

ბუნტისთავი ბრაიტნერი
1981 წელს, დიუსელდროფის ტრიუმფის შემდეგ, მადრიდში სანტიაგო ბერნაბეუს თასზე მიგვიწვიეს, ტურნირში "დინამოს" გარდა კიდევ სამი გუნდი იყო: "ალკმაარი", "რეალი" და "ბაიერნი".

ნოდარ ახალკაცი მართლაც დიდი მწვრთნელი იყო, ნებისმიერ საკითხზე საკუთარი შეხედულება ჰქონდა. ყოველი თამაშის წინა დღეს შეგვკრებდა და მეტოქეზე გველაპარაკებოდა. მაშინ ძალიან ძნელი იყო უცხოურ გუნდებზე ფასეული ინფორმაციის მოპოვება, თუმცა ახალკაცი ამას რაღაცნაირად მაინც ახერხებდა.

პირველი მატჩი "რეალთან" გვქონდა. შენგელიას გოლით დავწინაურდით, შემდეგ გაგვითანაბრეს, მერე პენალტი მოვიპოვე და შენგელიას დარტყმით ისევ დავწინაურდით.

მსაჯობა ვერ იყო ხეირიანი და "რეალმა" საბოლოოდ 4:2 გაიმარჯვა, ფინალში კი ჰოლანდიელები დაამარცხა.

ჩვენ კი მეორე მატჩი "ბაიერნთან" ვითამაშეთ. კვლავ შენგელიას გოლით დავწინაურდით, გამთანაბრებელი რუმენიგემ შეაგდო, შემდეგ ისევ "ავიკიდე" 11-მეტრიანი და ისევ შენგელიამ გაიტანა.

43-ე წუთზე ჩვენი საჯარიმოს სიახლოვეს გია თავაძე და ერთ-ერთი ბაიერნელი შეეჯახნენ ერთმანეთს, მსაჯმა ჩვენს სასარგებლოდ დანიშნა ჯარიმა, რამაც გერმანელები აღაშფოთა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მათ მოედანი დატოვეს, ამ დემარშის მოთავე კი პაულ ბრაიტნერი იყო. გასახდელისკენ მიმავალ ბაიერნელებს მადრიდელმა მაყურებელმა "კოკა-კოლას" ქილები დაუშინა. მერე ჩვენც შევედით გასახდელში.

დაახლოებით ნახევარი საათი ველოდით, რომ გერმანელები გადაწყვეტილებას შეცვლიდნენ და მოედანზე დაბრუნდებოდნენ, შემდეგ შხაპი მივიღეთ, ჩავიცვით, სტადიონიდან გამოსასვლელად მოვემზადეთ და ასეთ დროს მოვიდა ჩვენთან "ბაიერნის" წარმომადგენელი, თამაში გავაგრძელოთო. ნოდარ ახალკაცმა ის, რა თქმა უნდა, უარით გაისტუმრა.

ტურნირის ოთხი ჯილდოდან სამი "დინამოს" ერგო - საუკეთესო ფეხბურთელად მე დამასახალეს, ბომბარდირი შენგელია გახდა, ყველაზე ტექნიკური გუნდის პრიზი "დინამოს" ერგო.

ვოლგა რა მანქანაა?
ტურნირის დასრულების შემდეგ "რეალში" გადასვლა შემომთავაზეს, ამ ამბის ერთ-ერთ მომსწრე დღესაც ცოცხალია - ომარ სიამაშვილი, მაშინ ის პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი იყო და მადრიდში გვახლდა. "რეალის" წარმომადგენლებს ჩემზე უთხრეს, გუცაევი სამშობლოშიც კარგ პირობებშია, ბინაც აქვს და "ვოლგაცო", ესპანელს უკითხავს, ბინა გასაგებია, ოღონდ ეს "ვოლგა" რა მანქანააო?

სატრანსფერო თანხის გარდა, საიჯარო გაცვლაზეც იყო ლაპარაკი - გუცაევი იჯარით გამოუშვით "რეალში", სანაცვლოდ კი ხუანიტოს და სანტილიანას გამოვუშვებთ "დინამოშიო".

შემოთავაზების შემდეგ, საღამოს,სასტუმროში უშიშროების წარმომადგენლის ოთახის კარი არ დაკეტილა, მოსკოვში ჩასვლის შემდეგ მან მითხრა, გდარაჯობდი და კარგი ჰქენი, იქ რომ არ დარჩიო. ვუთხარი, ღამე რომ მდარაჯობდი, დღისით რომ მომენდომებინა წასვლა, მერე რას იზამდით-მეთქი.

დავით თავართქილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ სტატიისთვის დიდი მადლობა და გთხოვთ ხშირად დადეთ ხოლმე ჩვენს ლეგენდარულ ფეხბურთელებთან ინტერვიუები 50ჯერ წავიკითხე და არ მბეზრდება
Vicky
20:33 28-12-2011
0
ჟრუანტელი მივლის როცა ვოვას თამაშებს ვიხსენებ...რომელი ერთი ვთქვა...ნუთუ არ შეიძლება მისი, დათოს, მიშას თამაშების ამონარიდი გაკეთდეს და დღევანდელ თაობას ვაჩვენოთ, არც ბებრები ვიტყვით უარს ...არქივში არ არსებობს ჩანაწერები?
Jigaro
02:08 29-12-2011
0

სიახლეები პოპულარული