ეს ამბავი წლის დასაწყისში მოხდა, თუმცა მაშინ მის მნიშვნელობაზე ვრცლად არ გვისაუბრია და ახლა გაგაცნობთ იმ პერსპექტივებსა და უკვე რეალობად ქცეულ შედეგებს, რაც კონვენციის წევრობას მოჰყვა.
უეფას სამსაჯო კონვენცია სამსაჯო საქმის ორი სფეროსგან შედგება - მსაჯობის ორგანიზებისა და სწავლებისგან. სწავლებაში
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებას მუდმივი კონტაქტი აქვს უეფას ფიზმომზადების ინსტრუქტორთანაც, რომელიც ქართულ მხარეს იმაში დაეხმარება, რომ ჩვენმა მსაჯებმა ნორმატივები დაუბრკოლებლად ჩააბარონ.
უეფას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, რომლის ფარგლებშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ქართულ სამსაჯო კორპუსს ეხმარება როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური და ადამიანური რესურსებით.
ცნობისათვის: უეფას სამსაჯო კონვენცია 2005 წელს შეიქმნა, საქართველომ კი იქ მოსახვედრად განაცხადი 2007 წელს შეიტანა და მას შემდეგ ჩვენი ფედერაცია უეფას სხვადასხვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ზრუნავდა. დღეს კონვენციაში ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილია გაერთიანებული, სულ 40-მდე ფედერაცია და ასოციაცია.
უეფას მსაჯთა კონვენციის პროგრამით გათვალისწინებულია მსაჯთა პროფესიული დონის ამაღლება და ამ მიზნით მათი მივლინება უეფას პატრონაჟით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაზე. უცხოური ვიზიტების გარდა, ქართველი მსაჯები ცოდნას ადგილზეც გაიღრმავებენ. კონვენციის ფარგლებში სხვადასხვა სემინარი თბილისშიც ჩატარდება და უეფა აქ გამოცდილ ინსტრუქტორებს მოავლენს.
უეფას სამსაჯო კონვენციის წყალობით ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაუმჯობესდა ჩვენი სამსაჯო განყოფილების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ლევან ფანიაშვილის უწყებამ უეფასგან მსაჯთა შორის საკომუნიკაციო საშუალებების კომპლექტები მიიღო, რაც ქართველ მსაჯებს საშუალებას აძლევს, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს თანამედროვე სტანდარტებით მოემსახურონ.
არბიტრებმა მიიღეს POLAR-ის ფირმის საათები, რომლებიც სათამაშო დროის უკეთ კონტროლის საშუალებას იძლევა, შეცდომასა თუ უზუსტობას აბსოლუტურად გამორიცხავს, მსაჯს უზომავს და უკონტროლებს პულსს, წნევას და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ყველა თანამსაჯის განკარგულებაშია ელექტრონული ალმები, რაც არბიტრთან კომუნიკაციის ეფექტური საშუალებაა.
ჩვენმა მსაჯებმა კონვენციის ფარგლებში ტესტირებისთვის საჭირო ინვენტარიც მიიღეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ფასეული მოწყობილობაა ელექტრონული კარი, რომელიც ტესტირებისას მსაჯის მიერ დაფიქსირებულ დროს ზუსტად აღნუსხავს.
ასევე კონვენციის წყალობით ჩვენმა სამსაჯო განყოფილებამ საოფისე ინვენტარი, ნოუთბუქები, პროექტორები და თეორიული სწავლებისთვის საჭირო სხვა ხელსაწყოები მიიღო.
იმასაც შეგახსენებთ, რომ წლეულს ქართველი მსაჯების ანაზღაურება საგრძნობლად გაიზარდა, ასე რომ, მათ პროგრესისა და განვითარებისთვის ფინანსური რესურსიც აქვთ და ტექნიკურიც. იმედია, უახლოეს მომავალში მსაჯობის დონის ამაღლების თვალსაჩინო ტენდენციას დავინახავთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"