კვირის 1000 წვრილმანი: აისიდან დაისამდე

AutoSharing Option
2011 წელს მარგალიტი ბევრი იყო. ამ სოციალურმა ქსელმაც ხომ დანდობა არ იცის, სულ გულსაბნევად გამოჰქონდა ფეხბურთის ჩინოვნიკთა ნარჩევ-ნარჩევი მარგალიტები "შუშანიკით" დაწყებული, "რუსეთ-საქართველოს ომის დღესასწაულით" დამთავრებული. ი

უმორი მართლაც აუცილებელია, გულსა და სულს ახარებს კაცისას. ამ მარგალიტების შეკრება და ხელახლა გამოფენა კი, მგონი, აუცილებელი აღარ არის, ახალი წელი მოდის და მილეთსაც ახალი მარგალიტები სჭირდება. ამ წერილის ავტორიც პირობას დებს, რომ გაისად მარგალიტების ნაკლებობა არ იქნება.

სხვა პროგნოზები კი მეტად ძნელი უნდა იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ჯერაც არ აქვს სტანდარტები, ოღონდაც,
ეს იმას როდი ნიშნავს, რომ უძრაობის ხანაში ვართ - დინამიკა სახეზეა, ქართულ ფეხბურთში, ასე თუ ისე, ფული მოდის და საქმეც ერთ ადგილზე ვერ გაჩერდება. კარგი კალაპოტებიც თუ გამოჩნდა, ავშენდებით და ეგაა.

საქმეს კარგი რეჟისურა და კარგი მოთამაშეებიც სჭირდება. და რა არის რეჟისურა? ალბათ, ისეთი რამის შექმნა, რასაც პუბლიკა ისე შეაცქერდება, რომ თვალს ვერ მოწყვეტს. ასეთი რეჟისორი კი არ ჩანს. მოთამაშეები? ალ პაჩინოს უთქვამს, მსახიობობა იმას ნიშნავს, რომ იცხოვრო რამდენიმე ადამიანის ცხოვრებით და ამის გამო სინდისმა არ შეგაწუხოსო. ვფიქრობ, ასეთი კლასიანი მოთამაშეებიც არ გვყავს. თითქმის ყველა ერთნაირად იქცევა, ერთს ფიქრობს და მეორეს ლაპარაკობს - ეს არც რეჟისურაა და არც ცალკეული ადამიანების კარგი თამაში.

წლის ბოლოს სამწუხარო ამბავი მოხდა - ანატოლი მილჩენკო გარდაიცვალა. მართლაც ამაგდარი კაცი იყო, სხვებისგან გამორჩეული. როცა ის მსაჯთა ხელმძღვანელად მუშაობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში და მსაჯობის თემა ძალიან მწვავედ იდგა, შუკშინის სიტყვები გაიხსენა: ვიმეგობროთ, ასე უფრო ადვილია სიკვდილი!

ხშირად ხდება, რომ ადამიანი რაღაც-რაღაცებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს. ალბათ, მაშინაც ისე ვერ ჩავუღრმავდით მილჩენკოს ნათქვამს, როგორც ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ. ქართულ ფეხბურთში არსებული დაპირისპირება ღირსებას ვერავის შემატებს, სიმართლის თქმა და კარგი საქმის კეთება კი სულ სხვა რამეა.

მე მაინც მგონია, რომ უმნიშვნელო რამეები არ არსებობს და მილჩენკოს ამ სიტყვებსაც ახლა უფრო მომნუსხველი ფასი დაედო.

გაისად ბევრი რამ გაირკვევა. მაგალითად, ვინ რისი მაქნისია საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, მართლაც საღერღელის ამშლელია მოლოდინი, ვინ ვის აჯობებს: "ზესტაფონი", "ტორპედო", "დინამო"...

და რა მოხდება ეროვნულ ნაკრებში? რა კონცეფციას აირჩევს თემურ ქეცბაია და, საერთოდ, იქნება თუ არა კონცეპტუალური მიდგომა.

ქართულმა კლუბებმა ევროსარბიელზე რაღაც გვაჩვენეს, 26 მარტს საქართველოს ნაკრებმა შინ ხორვატიას მოუგო, ფედერაციისთვის და ზოგი კლუბისთვის სახელმწიფო დოტაცია გრძელდება - ვერ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი საახალწლო საჩუქარია, მაგრამ უმნიშვნელო ნამდვილად არ არის.

2011-მა ბევრი რამ გვასწავლა და, ვისაც ათვისების უნარი აქვს, უთუოდ წინ წავა. ბევრი რამ იცვლება, ოღონდ ყველაფერი ვერა - გაისადაც აისიდან დაისამდე ფეხბურთზე ვიფიქრებთ. ფიქრი, ალბათ, ყველაზე დემოკრატიული რამეა, ვერავინ აგიკრძალავს, სადაც და როდესაც მოგინდება, იქ გააკეთებ ამას. აისიდან დაისამდე - მერწმუნეთ, ისევ ასე იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული