გიგა ბეჭვაია, სპარტაკ გოგია, როინ ონიანი, ლევან ვართაგავა და კახა კირთაძე - ისინი უკვე ამნისტირებულები არიან და ფეხბურთში დაბრუნება შეუძლიათ.
მათგან ზოგიერთმა მთელი ცხოვრება ფეხბურთს შესწირა, ნაწილი კი ახლა იწყებდა საფეხბურთო კარიერას, რაც განსაკუთრებით ამძიმებდა საფეხბურთო ოჯახიდან მათი მოკვეთის ფაქტს. სწორედ ამიტომ, სფფ-ს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და გამოაცხადა უპრეცედენტო ამნისტია - იუწყება ფეხბურთის ფედერაციის
ამ ხუთი ამნისტირებულიდან ყველაზე მზარდი ფეხბურთელი 25 წლის ბეჭვაიაა. როცა ის ამ ცუდ ამბავში გაეხვია, "ვიტ ჯორჯიას" ლიდერი და კაპიტანი იყო, ეროვნული ნაკრების კანდიდატადაც მოიაზრებოდა, რადგან საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.
ბეჭვაიას გუშინვე დავუკავშირდით. მაშ ასე, ჩვენს კითხვებს ამნისტირებული ფეხბურთელი პასუხობს.
- ასეთ გადაწყვეტილებას არ ველოდი, ძალიან გახარებული ვარ, უძვირფასესი საახალწლო საჩუქარია. დიდი მადლობა ბატონ სიჭინავას, მთლიანად ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ფეხბურთში ჩემს დაბრუნებაში.
- ძნელია, იყო ფეხბურთელი საქართველოში?
- ძალიან ძნელი არ არის, თუმცა ადვილიც ვერ იქნება იმ პირობებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს.
- საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშეთა ანაზღაურებას გულისხმობ?
- მხოლოდ ხელფასს ან ადამიანურ მხარეს არ ვგულისხმობ. სავარჯიშო პირობები, ცუდი მოედნები, საქმისადმი მიდგომა და ის, რომ სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი არ დადის, თორემ იმ აზრისგან შორს ვარ, რომ საქართველოში ფეხბურთი არ უყვართ.
- ცუდ ამბავში რომ გაეხვიე, ამ პრობლემებს აბრალებ?
- ყველაფერი ჩემი ბრალია და მიზეზებს სხვაგან არ ვეძებს.
- მაშ, რა მოხდა, რამ გიბიძგა ამისკენ?
- დაუფიქრებელი, უაზრო ნაბიჯი გადავდგი.
- კლუბში ანაზღაურებით ძალიან უკმაყოფილო იყავი?
- არა, "ვიტ ჯორჯიაში" ურიგო ხელფასს ნამდვილად არ მიხდიდნენ, ჩემნაირი ანაზღაურება საქართველოში მოთამაშეთაგან ბევრს არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, ისეთებიც იყვნენ, ჩემზე მეტს რომ აძლევდნენ.
- როცა ეს ამბავი გახმაურდა და სამუდამო დისკვალიფიკაცია მოგისაჯეს, ფსიქოლოგიურად როგორ დააღწიე თავი ამ ყველაფერს?
- მართლაც რთული პერიოდი მქონდა, ბევრი ადამიანი ჩამომშორდა. სამაგიეროდ, ოჯახი და ახლობლები დამიდგნენ გვერდში.
- დეპრესიაში არ ჩავარდნილხარ?
- არა, დისკვალიფიკაციიდან ერთ კვირაში ინდივიდუალურად დავიწყე ვარჯიში. ერთი წამითაც არ მქონდა იმედი დაკარგული, რომ ფეხბურთში აუცილებლად დავბრუნდებოდი. უბრალოდ, მოხდა ის, რომ ჩემს გარშემო სიტუაცია შეიცვალა.
- ტოტალიზატორში მანამდე თამაშობდი?
- არა, ტოტალიზატორის ბილეთი არასდროს შემივსია. ტოტალიზატორის თამაშს არავის ვურჩევ.
- ის ადამიანი თუ ნახე, ვინც წამოგიკიდა ამ საქმეში?
- არა და არც მქონია ამის სურვილი.
- საკუთარი გამოცდილებით რას იტყოდი - როგორ უნდა მოერიო ასეთ მაცდუნებელ წინადადებას?
- რა თქმა უნდა, მეტი ნებისყოფაა საჭირო, მთავარი კი მაინც ფიქრია - ყველას ვურჩევ, სანამ ასეთ ნაბიჯს გადადგამს, კარგად დაფიქრდეს.
- არცთუ ცოტა ახალგაზრდა ფეხბურთელი თავისუფალ დროს ტოტალიზატორში ატარებს.
- მათ იმას ვეტყოდი, რომ სხვანაირად, დამსახურებული შრომით უფრო მეტ ფულს იშოვნიან. ისე კი, ადვილი არ არის ეშმაკის დამარცხება.
- საქართველოში და, ალბათ, არა მარტო აქ, ტოტალიზატორის ბუმი გრძელდება.
- ფეხბურთი ტოტალიზატორის გამო არ უნდა უყვარდეთ. ვფიქრობ, ფეხბურთი პირველ რიგში სპორტია და მერე ფულის შოვნის საშუალება. დისკვალიფიკაციის შემდეგ უხელფასოდ დავრჩი, მაგრამ მერწმუნეთ, ხელფასზე უფრო ფეხბურთის თამაში მენატრებოდა.
- როგორ ფიქრობ, ქართული კლუბები მიგიწვევენ?
- არ ვიცი, საქართველოს ჩემპიონატში კი ისევ სიამოვნებით ვითამაშებდი. იმედია, ჩემში ისევ ფეხბურთელს დაინახავენ.
- ფიზიკური კონდიციებით მზად ხარ, ახლავე რომ მიხვიდე რომელიმე გუნდში?
- ინდივიდუალური ვარჯიშის შემდეგ სტუ-ს გუნდში ვვარჯიშობდი, რისთვისაც ამ კლუბს და მთავარ მწვრთნელ გოჩა ჟორჟოლიანს დიდ მადლობას ვუხდი. კარგ ფორმაში ვარ, ოღონდაც სათამაშო პრაქტიკა მაკლია.
- ვატყობ, კიდევ გსურს რაღაცის თქმა.
- მომხდარის გამო ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს, ფეხბურთში მოსაქმე ყველა ადამიანს, "ვიტ ჯორჯიას" იმედი მაქვს, შევლენ ჩემს მდგომარეობაში და როცა მოედანზე გავალ, სტვენას არ დამიწყებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სანამ ინაპლანეტელები და მარადმწვანე ჩინოვნიკები იღებენ გადაწყვეტილებებს, მანამდე არ ელოდოთ შედეგს!
სანამ მთავრობა ფეხურთში უხეშად ჩარევას არ შეწყვეტს, მანამდე არაფერი ეშველება ქართულ ფეხბურთს!
ანუ, კარგა ხანი არ ეშველება ქართულ ფეხბურთს, რადგან ისინი ვინც დასასჯელები არიან, არ ისჯებიან!
უფრო მეტიც, არათუ არ ისჯებიან, ხალხს თვალებში უყურებენ და უნამუსოდ იძახიან რომ გარიგებებს თურმე მხოლოდ რამდენიმე კაცი აკეთებდა. გამრიგებლები სამუდამოდ დასაჯეს და 5 თვეში "უპრეცედენტო" ამინისტია შეეხო! ჭირი იქა, ლხინი აქა! ანუ, თავად სფფ-ს ხელმძღვანელობამ აღიარა ამ გადაწყვეტილებით რომ თავად ისინიც არიან ამ გარიგებების ნაწილი!
უპრეცედენტო უნამუსო მაიმუნები ხართ ფედერაციაში! ყველანი გასაყრელები ხართ! ყველანი, იმიტომ რომ არცერთ თქვენგანს ნამუსი და ვაჟკაცობა არა გაქვთ რომ თქვენივე ნებით ჩამოშორდეთ სფფ-ს და თქვათ სიმართლე! ფრანგიშვილი დროზე გაეცალა მაქაურობას, თქვენც, ვისაც ადამიანობა შეგრჩათ გაეცალეთ მაგ წუმპეს სანამ შანსი გაქვთ! სფფ-ს ატამანებს კი მალე ვნახავთ გისოსებს მიღმა!