რამაზ მუმლაძე - ფრაგმენტი ჩემი კარიერიდან

AutoSharing Option
ბევრია ფეხბურთში ისეთი ფაქტი, როცა მდიდარ, კარგი პირობების მქონე კლუბს შედარებით მომჭირნედ მომუშავე კლუბი ჯობნის? ვფიქრობ, ძალიან ცოტაა. ასეთი მაგალითები ფეხბურთს ამდიდრებს და დოგმებისგან ცოტათი მაინც ათავისუფლებს.

2008-09 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონობისთვის ერთმანეთს თბილისის "დინამო" და "ვიტ ჯორჯია" ეპაექრებოდნენ. გაიმარჯვა "ვიტ ჯორჯიამ", რომელიც პირობებით მართლაც ჩამოუვარდებოდა მოწინააღმდეგეს.

ვიტელებს მაშინ რამაზ მუმლაძე თავკაცობდა, რომელიც დღეს "დინამოს" ერთ-ერთი მწვრთნელია. მუმლაძე "ვიტ ჯორჯიას" ხერხემალი იყო და მისმა ფაქტორმა დიდად განაპირობა გუნდის მაშინდელი წარმატება.

მაინც როგორ მოახერხა მუმლაძემ "დინამოსთან" გამკლავება? რა თქმა უნდა, საამისოდ
მხოლოდ მწვრთნელის ფაქტორი ვერ იკმარებდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ "დინამოს" "ვიტ ჯორჯიაზე" დიდი ბიუჯეტი ჰქონდა, კარგი ლეგიონერები და უფრო მეტი რეკლამირებული ფეხბურთელი ჰყავდა და ბევრად უკეთესი სავარჯიშო პირობები ჰქონდა.

მაშ, რა დაუპირისპირა ამ ყველაფერს "ვიტ ჯორჯიამ"? ეს ვერ იქნებოდა ილუზიონისტის ფოკუსი, ეს ხომ მართლა მოხდა...

მოკლედ, "ვიტ ჯორჯიას" იმ საჩემპიონო სეზონზე რამაზ მუმლაძე გვიყვება.

* * *
2008-09 წლები - ეს "ვიტ ჯორჯიაში" ჩემი მუშაობის მეოთხე სეზონი იყო. მანამდე ორჯერ გავედით მეორე ადგილზე და შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონობისთვის მომწიფებულები ვიყავით, სეზონის დაწყების წინ დავისახეთ კიდეც პირველ ადგილზე გასვლა. ეს არ იყო მხოლოდ ერთ სეზონში მიღწეული წარმატება, ამისთვის წლობით ვემზადებოდით.

სეზონი კარგად დავიწყეთ, თამაშს თამაშზე ვიგებდით, თუმცა პირველ წრეში ერთი მატჩი მაინც დავთმეთ - თბილისის "ლოკომოტივს" 1:0-ს ვუგებდით, მატჩის ბოლოს კი თითქოს კონცენტრაცია დავკარგეთ და რატი ალექსიძის გოლებით მეტოქემ გვაჯობა - 1:2 წავაგეთ. სხვა დასანანი წარუმატებლობა იმ სეზონში არ გვქონია.

არაერთხელ უკითხავთ, რა იყო "ვიტ ჯორჯიას" მაშინდელი წარმატების მთავარი ფაქტორი? სამი წელი გავიდა და ისევ იმ აზრისა ვარ, რომ მთავარი გუნდის ერთიანობა იყო - კლუბის პრეზიდენტით დაწყებული, ავტობუსის მძღოლით დამთავრებული, ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი ვიყავით, ცალკე არავინ იყო, არანაირი დაჯგუფებები არ არსებობდა. ეს ყველაფერი კლუბის პრეზიდენტ გურამ რუხაძეს რომ არ ნდომებოდა, ვერც მოხდებოდა.

ჩემპიონობისთვს ბრძოლაში ჩვენი მთავარი კონკურენტი "დინამო" იყო. რა დასამალია, როგორც კლუბი, "დინამო" ჩვენზე წინ იყო, მაგრამ არც ჩვენ ვყოფილვართ უმოტივაციოდ - ხელფასები დროულად რიგდებოდა, გვქონდა კარგი პრემიალური სისტემა, სეზონში ორი უცხოური შეკრება - გუნდის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყო.

"ვიტ ჯორჯიას" ჰყავდა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც დღეს საქართველოს თუ უცხოეთის კლუბებშიც კარგად თამაშობენ - ალექსანდრე კვახაძე, ლუკა რაზმაძე, ირაკლი კლიმიაშვილი, ჯაბა ლიპარტია... მოდიოდნენ კარგი ახალგაზრდებიც, მაგალითად, გიორგი ჯანელიძე, ვინც დღეს უკვე "ვიტ ჯორჯიას" კაპიტანი და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია.

როგორც კი "ვიტ ჯორჯიაში" მივედი სამუშაოდ, დავინახე, რომ გამორჩეულად ბრძოლისუნარიანი ფეხბურთელები ჰყავდათ შეკრებილი, განსაკუთრებული აურა ტრიალებდა, გუნდში ბრძოლის კოდი უკვე ჩადებული იყო და ამან ძალიან გამიადვილა საქმე - არასდროს დამჭირვებია ფეხბურთელებისთვის იმის თქმა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოთ, თამაშში ყველაფერი უნდა ჩადოთ-მეთქი.

"დინამოსთან" ყოველთვის რთული იყო თამაში, საჩემპიონო სეზონშიც და მანამდეც. მერწმუნეთ, როცა "დინამოს" სტადიონზე გადიხარ, უჩვეულო ატმოსფეროში ექცევი, ასე რომ, "დინამოსთან" სტუმრად თამაშისას სპეციფიკურად უნდა მიუდგე საკითხს. პირველ რიგში ვცდილობდით, კარი მშრალად შეგვენახა და ზონების გადაკეტვას მართლაც ვახერხებდით, მერე კი სწრაფ შეტევებზე ვაკეთებდით აქცენტს და საამისო ფეხბურთელებიც გვყავდა - ნიკა გელაშვილისა და ზაზა სახოკიას გამკლავება ნებისმიერ დაცვას უჭირდა, ერთხელ სწორედ ეს გავთვალეთ და "დინამოს" სტუმრად 1:0 მოვუგეთ.

საჩემპიონო სეზონისთვის გელაშვილი და სახოკია "ვიტ ჯორჯიაში" აღარ იყვნენ, თუმცა შეტევა ისევ ძლიერი გვყავდა - ვახტანგ კვარაცხელია, რომელიც ჩვენი გუნდიდან მოხვდა ახლგაზრდულ ნაკრებში, გიორგი ბერიაშვილი და ჯაბა ლიპარტია. კარს გრიგოლ ბედიაშვილი იცავდა, დაცვის ცენტრს კვახაძე და ლომაია ამაგრებდნენ, საყრდენ ნახევარმცველად რაზმაძე გვყავდა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 12 მატჩი ითამაშა. მოკლედ, სერიოზული გუნდი იყო. კარგი მწვრთნელებიც მეხმარებოდნენ - ზურაბ ბერიძე და არჩილ ღურწკაია.

მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მართლაც კარგი პლეადა იყო "ვიტ ჯორჯიაში", რომელიმე ფეხბურთელის გამოყოფა არ ივარგებს, ისეთი ნიჭიერი და თვალისმომჭრელი მოთამაშე, როგორიც ოთარ მარცვალაძე იყო, აღარ გვყავდა.

"დინამოს" კი ჰყავდა გიორგი მერებაშვილი, რომელსაც მარტოს შეეძლო მატჩის ბედის გადაწყვეტა, ის ერთ-ერთი უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელია. მის გარდა "დინამოს" განკარგულებაში იყვნენ ჩინებული მეკარე დიდიე ოვონო, საკმაოდ კარგი თავდამსხმელი ჯორჯ აკირემი...

ჩვენ მაშინ მცხეთის მოედანზე ვვარჯიშობდით, საშინაო მატჩებს კი გორში ვთამაშობდით, უამინდობისას სავარჯიშო მოედანი საძებნი გვქონდა. "დინამოს" კი მაშინაც ჰქონდა ბაზა ორი მინდვრით და ერთი ხელოვნური საფარით, სატრენაჟორო დარბაზითა და საძინებლებით. მოკლეთ, ჩვენ აქეთ-იქეთ გვიწევდა წოწიალი, "დინამო" კი ამ მხრივაც ჩვენზე გაცილებით უკეთეს პირობებში იყო.

ვიცი, რომ ბევრს ლაპარაკობდნენ მაშინდელი "ვიტ ჯორჯიას" სათამაშო სტილზე. ტაქტიკური მონახაზი ისე შევადგინეთ, რა მონაცემების ფეხბურთელებიც გვყავდა. ბევრი ვიმუშავეთ ბურთის გაგორებასა და შენარჩუნებაზე, თუმცა, ეს რომ უმაღლეს დონეზე აგვეყვანა და ჩვენი თამაში უფრო სანახაობრივი გამხდარიყო, ამას მეტი დრო სჭირდებოდა, რისი საშუალებაც აღარ დამრჩა - საჩემპიონო სეზონის შემდეგ "ვიტ ჯორჯიადან" მალე წამოვედი.

კარგად გვქონდა მოგვარებული ვიტამინიზაციის საკითხი. რა თქმა უნდა, მხოლოდ ვიტამინებით ჩემპიონი ვერ გახდები, მაგრამ, როცა მაღალი მიზნისთვის იბრძვი, ფარმაკოლოგიას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

საჩემპიონო გზაზე იყო დაბრკოლებაც - სეზონის ბოლოს ჩვენმა ფეხბურთელებმა, ცოტა არ იყოს, ნაადრევად ირწმუნეს ჩემპიონობა და გაუთვალისწინებელი ქულებიც დავკარგეთ, რაც კინაღამ ძვირად დაგვიჯდა. "დინამოსთან" კი იმ სეზონში ერთი მატჩიც არ წაგვიგია.

ამ ყველაფრის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში სლოვენიურ "მარიბორს" შევხდით. პირველი მატჩი თბილისში გაიმართა. თუ ევროსარბიელზე წარმატება და რამდენიმე ეტაპის გადალახვა გვინდოდა, ამისთვის უკვე სხვა გზა, სხვა საშუალებები იყო საჭირო. გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერების გარეშე ევროპაში რაიმე წარმატებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

"მარიბორთან" თბილისში მოგება შეგვეძლო, ბოლო წუთებზე მსაჯმა საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო და ბექა ზაქრაძის წაქცევისთვის 11-მეტრიანი არ დანიშნა. 1:0 რომც მოგვეგო, ვფიქრობ, მომდევნო ეტაპზე მაინც "მარიბორი" გავიდოდა, რომელიც ყველა პარამეტრით ჩვენზე წინ იდგა.

ისიც სათქმელია, რომ თბილისურ მატჩს ცოტა მაყურებელი დაესწრო, სლოვენიაში კი სტადიონი გუგუნებდა. მერწმუნეთ, ამ დონის შეხვედრებში ასეთი "დეტალიც" ძალიან მნიშვნელოვანია. ამის მიუხედავად, სლოვენიაში არ "ჩავმჯდარვართ", იქაც ფეხბურთი ვითამაშეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული