ერთი სიტყვით, ამ კაცს არცთუ მწირი საფეხბურთო ბიოგრაფია აქვს, ამ ცოტა ხნის წინათ კი ისეთი რამ შეემთხვა, რომ უმუშევარი დარჩა...
ჩხაიძის ამბავი მეტად დამაფიქრებელი და საყურადღებოა, რა თქმა უნდა, ისიც საინტერესოა, რას იტყვის მეორე მხარე.
მანამდე კი მომხდარზე თვითონ ჩხაიძე გვიყვება, რომელიც დაახლოებით ერთი თვე თავს იკავებდა ინტერვიუზე.
ჩხაიძე ბოლო წლებში "გაგრაში" მუშაობდა დუბლშემადგენლობის
- მაინც რა მოხდა? მასთან ინტერვიუც აქედან დავიწყეთ.
- "გურიას" ვეტერანები ლანჩხუთში შევიკრიბეთ. ჩავედი და სხვათა გარდა ის ადამიანიც ვნახე, რომელმაც დიდი როლი შეასრულა "გურიას" წარმატებაში, ამ გუნდის საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში გადაყვანაში. ამ ამაგდარ კაცს ისევ 1979 წელს, ასე ვთქვათ, თავის ფასში ნაყიდი "დუბლიონკა" ეცვა... გული შემიწუხდა, განვიცადე ის, რომ ასეთ ადამიანს არავინ აფასებდა.
- გასაგებია, თუმცა, სამწუხაროდ ახალი ალბათ არაფერია იმაში, რომ ქართული ფეხბურთის ბევრ ვეტერანს თუ ყოფილ მწვრთნელს ძალიან უჭირს...
- ეს სამწუხარო ფაქტია, არადა, რომ არ ყოფილიყვნენ ლანჩხუთის "გურია", ქუთაისის "ტორპედო", ფოთის "კოლხეთი", სოხუმის "დინამო" და სხვა პერიფერიული გუნდები, ვერ შეიქმნებოდა სასელექციო ბაზა მთავარი გუნდისთვის, თბილისის "|დინამო" ვერ მიაღწევდა დიდ წარმატებებს 70-იანი წლების ბოლოს და 1981 წელს.
დიუსელდორფის ტრიუმფატორ გუნდში მხოლოდ სამი თბილისელი იყო, დანარჩენები კი - პერიფერიებიდან. რომ არ ყოფილიყვნენ ჯემალ ხერხაძე, მერაბ მეგრელაძე და რევაზ ბურკაძე, ქუთაისის "ტორპედოში" ვერ გაიზრდებოდნენ თენგიზ სულაქველიძე, რამაზ შენგელია, თამაზ კოსტავა და ზაურ სვანაძე... ყურადღება ისეთ ხალხსაც სჭირდება, რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდნენ.
- ისევ იმ ამბავს დავუბრუნდეთ, ვეტერანები ლანჩხუთში რომ შეიკრიბეთ.
- შარშან, 12 ნოემბერს 25 წელი შესრულდა, ლანჩხუთის "გურია" პირველად რომ გადავიდა უმაღლეს ლიგაში და ამის აღსანიშნავად შევიკრიბეთ. სწორედ იქ ჩამოვარდა სიტყვა იმაზე, რომ არაერთ ვეტერანს სჭირდებოდა ყურადღება. ჯერ კიდევ ლანჩხუთში ჩასვლამდე ვეტერანებში იყო ლაპარაკი წერილის დაწერაზე ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მხარდასაჭერად. ლანჩხუთში ამ ყველაფერს თავი მოვაბით, წერილს დაახლოებით ოცამდე კაცმა მოაწერა ხელი, მათ შორის მეც. შემდეგ ეს წერილი ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა და ყველაფრის მიზეზიც ეს გამოდგა.
- ფაქტს მკვეთრი რეაქცია მოჰყვა "გაგრას" ხელმძღვანელობის მხრიდან?
- "გაგრას" ერთ-ერთ ვარჯიშზე მკითხეს, მართლა მოაწერე ხელი ამ წერილსო. ცხადია, ვუპასუხე, რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო. ამის შემდეგ კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კრება ჩაატარა და მითხრეს, დროებით დაისვენეო. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ საერთოდ გათავისუფლებული ვყოფილვარ "გაგრადან".
- როცა ამ წერილს ხელს აწერდით, არ დაფიქრებულხართ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს?
- ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, არ მესმის, ცუდი რა გავაკეთე. ბიძინა ივანიშვილი ფეხბურთის ვეტერანებს მანამდეც აქცევდა ყურადღებას, საკმაოდ ბევრს დაეხმარა იმაში, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო და გვინდოდა, მისთვის ეს ღვაწლი დაგვეფასებინა. ამ წერილით არანაირი პოლიტიკური განცხადების გაკეთებას არ ვაპირებდით. ისიცაა, რომ ამ წერილის გამო ნამდვილად არ ველოდი ივანიშვილისგან დახმარებას, უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ამ კაცს შეუძლია, მთლიანად ქართულ ფეხბურთს გაუწიოს უფრო მეტი დახმარება.
- "გაგრას" პრეზიდენტ ბესო ჩიხრაძეს თქვენთვის არაფერი უთქვამს?
- არა, მაგრამ, თქმა რად უნდა, მის გარეშე კლუბი ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.
- არ გაქვთ იმის სურვილი, რომ ესაუბროთ მას?
- ჩიხრაძეს, ალბათ, შეხვდები, მხოლოდ იმისთვის, რომ თვალებში ჩავხედო.
- მხოლოდ? სათქმელი არაფერი გაქვთ?
- ამ ბიზნესმენმა ფეხბურთშიც თუ რამე ფული იშოვა, მეც მიმიძღვის წვლილი. თორნიკე ოქრიაშვილმა, ოვონიკოკომ და შარიქაძემ ჩემს ხელში გაიარეს, ის საინტერესო ფეხბურთელებიც, რომლებიც ჯერ "გაგრაში" არიან, ჩემი შეგირდები იყვნენ: კალანდაძე, ჯერემია, ხუციძე, კვანტალიანი, ტყეშელაშვილი...
- "გაგრადან" ასეთნაირად რომ გაგიშვეს, სხვა ვეტერანებმა სოლიდარობა არ გამოიჩინეს?
- ისინი ჩუმ-ჩუმად მამხნევებენ. რას ვიზამთ, ასეთია რეალობა. კითხვა მაინც მიჩნდება - რა არის აქ საშიში? ორმოცდაათი წელია, ფეხბურთში ვარ და ისეთი რა გავეკეთე, რომ საყვარელ საქმეს ჩამომაშორეს?
- "გაგრას" კოლექტივი როგორ შეხვდა ამ ამბავს?
- გულის სიღრმეში ყველა თანამიგრძნობს, მაგრამ ერიდებიან ხმამაღლა ლაპარაკს. როგორც კი ეს ამბავი მოხდა, რამდენიმე ფეხბურთელი მოვიდა ჩემთან და თანაგრძნობა გამომიცხადა, რა თქმა უნდა, მათ გვარებს ვერ დავასახელებ, რადგან მათაც არ შეექმნათ პრობლემები.
- ზოგადად, როგორ უყურებთ საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლების პოლიტიკაში წასვლას?
ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. ერიკ კანტონას თუ შეუძლია პოლიტიკაში წასვლა, კახა კალაძეს რატომ არ აქვს ამის უფლება?!
რედაქციისგან: თემურ ჩხაიძესთან საუბრის შემდეგ დავუკავშირდით "გაგრას" პრესსამსახურს, გავაცანით ინტერვიუს შინაარსი და კლუბის პოზიციის დაფიქსირება შევთავაზეთ. "გაგრამ" დაიტოვა უფლება, რომ ჩხაიძესთან ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ გააკეთოს კომენტარი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"