თბილისის "დინამოს" ახალი ტაქტიკა და ძველი შეცდომები

AutoSharing Option
ესპანურ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" მორიგი, მეექვსე მატჩი ჩაატარა - ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდის მეტოქე შვეიცარიული "იანგ ბოიზი" იყო.

შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრამდე "დინამომ" ესპანეთში ჯერ სპარინგ-მატჩები ითამაშა (ალჟირულ "კაბილიეს" 1:0 მოუგო, ესპანური გუნდები, ესპანიოლი" და "ტერასა", შესაბამისად, 2:0 და 5:2 დაამარცხა), შემდეგ კი "მარბელას თასის" გათამაშებაში ჩაერთო. ამ ტურნირის პირველ მატჩში "დინამო" პოლონურ "კრაკოვიასთან" 2:3 დამარცხდა, შემდეგ ნორვეგიულ "სტრომსგოდსეტს" 2:1 აჯობა, ტურნირის ბოლო დღეს კი ზემოთნახსენებ "იანგ ბოიზს" დაუპირისპირდა.

დინამოელთა მეტოქე "მარბელას თასის" ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მოიაზრებოდა (კიევის
"დინამოსთან" ერთად) - შვეიცარიის ერთ-ერთი უძველესი კლუბი (1898 წელს დაარსდა) ქვეყნის 11-გზის ჩემპიონი და 6-გზის თასის მფლობელია. ბოლო ოთხ სეზონში "იანგ ბოიზი" მუდამ საპრიზო ადგილებზე გადიოდა, ორჯერ კი ცოტა დააკლდა ოქროს მედლებამდე. მიმდინარე სეზონშიც მესამე ადგილზეა და თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ამ ზაფხულს, ტრადიციულად, ევროტურნირებზე იასპარეზებს.

"იანგ ბოიზის" შემადგენლობაში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს: 29 წლის მეკარე მარკო ვოლფლი, მცველები - 33 წლის კრისტოფ შპიხერი, 25 წლის ელსად ზვეროტიჩი (ჩერნოგორია), ნახევარმცველები - 27 წლის ალექსანდერ ფარნერუდი (შვედეთი), 28 წლის დავიდ დეგენი, 23 წლის მორენო კოსტანცო, თავდამსხმელი - 20 წლის ნასიმ ბენ ხალიფა. "იანგ ბოიზმა" ახლახან 24 წლის არგენტინელი ფორვარდი რაულ ბობადილა დაიმატა, ბოლო დროს მიონხენგლადბახის "ბორუსიაში" რომ თამაშობდა.

გუნდში მრავლად არიან პერსპექტიული ახალგაზრდებიც - ნასიმ ბენ ხალიფას გარდა უნდა აღვნიშნოთ 19 წლის ნახევარმცველი ფრედი მვენგი (კამერუნი) და 18 წლის ფორვარდი ჯოზეფ მარტინესი (ვენესუელა). თუმცა "იანგ ბოიზის" ყველაზე ცნობილი პერსონა გუნდის მთავარი მწვრთნელი, 57 წლის კრისტიან გროსია, რომელიც სხვადასხვა დროს წარმატებით მუშაობდა "გრასჰოპერსა" და "ბაზელში" (6-ჯერ გახდა შვეიცარიის ჩემპიონი და 5-ჯერ - თასის მფლობელი), წვრთნიდა "ტოტენჰემსა" და "შტუტგარტს".

სხვათა შორის, "დინამო"-"იანგ ბოიზის" მატჩის წინ ძველი ნაცნობები შეხვდნენ ერთმანეთს: ქართული კლუბის სპორტული დირექტორი გიორგი ნემსაძე "გრასჰოპერში" მაშინ თამაშობდა, როცა ამ გუნდის თავკაცი გროსი იყო.
ახლა კი, შაბათის მატჩის შესახებაც, გუნდებმა ასეთი შემადგენლობით რომ დაიწყეს:

"დინამო": ლორია - ოდიკაძე, კვეკვესკირი, ლომიძე - ჯიღაური, კოშკაძე, პაპავა, მერებაშვილი - კოტო, ჩისკო, გოგუა.
"იანგ ბოიზი": ვოლფლი - ზვეროტიჩი, ნეფი, ვეშკოვაცი, შპიხერი; დეგენი, მვენგი, ფარნერუდი, ნუცოლო - კოსტანცო - მარტინესი.

მატჩის მიმოხილვამდე ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს გვინდა ხაზი გავუსვათ: უკვე მეორე მატჩია, "დინამოს" ესპანელმა თავკაცმა ალექს გარსიამ გუნდი ახალი ტაქტიკური სქემით (3-4-3) ათამაშა. ერთი მხრივ, ტაქტიკური განლაგების ცვლილება ცუდი არ უნდა იყოს - ბოლოს და ბოლოს, სხვადასხვა მეტოქესთან დაპირისპირებისას ტაქტიკური მრავალფეროვნებით სასურველი შედეგის მიღწევა ბევრად უფრო შესაძლებელი იქნება.

თუმცა, ნუ გამოვრიცხავთ, რომ ასეთ ნაბიჯზე გარსია საკადრო პრობლემების გამო წავიდა: გიორგი რეხვიაშვილმა, ლევან კაკუბავამ და გულვერდ თომაშვილმა (ამპლუით სამივე მცველია) უკვე მერამდენე მატჩი გამოტოვეს ესპანურ შეკრებაზე. ასეა თუ ისე, ძლიერ მეტოქესთან მატჩში "დინამომ" შემტევი ტაქტიკით ითამაშა, თუმც შეხვედრის დასაწყისი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მე-9 წუთზე მორენო კოსტანცომ პენალტი ზუსტად შეასრულა.

"დინამოს" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამის შემდეგ ქართული გუნდი საგრძნობლად გააქტიურდა, მაგრამ ჯაბა ჯიღაურის, გიორგი მერებაშვილისა და გოგიტა გოგუას მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. ამასობაში დინამოელთა შემადგენლობაში ცვლილება მოხდა - მამუკა ლომიძის ნაცვლად მოედანზე ირჟი ჰომოლა შევიდა, ხუთიოდ წუთში კი მეორე გოლიც გავუშვით: მარტინესმა თავისიანები ორი ბურთით დააწინაურა. პირველი ტაიმის ბოლომდე შვეიცარიელებს კიდევ ორი ხელსაყრელი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ გიორგი ლორიამ ჩინებულად ითამაშა.

შესვენების შემდეგ "დინამომ" რამდენიმე იერიში მიიტანა მეტოქის კარზე, მაგრამ ვერც გოგუამ და ვერც ჩისკომ გატანა ვერ მოახერხეს. 67-ე წუთზე დინამოელთა შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა: გოგუას ნაცვლად მოედანზე რობერტინიო შევიდა. შემადგენლობა მკვეთრად გადაახალისა გროსმაც, მეორე ტაიმში თავის გამოჩენის შანსი ექვს ახალ ფეხბურთელს მისცა: ალექსანდერ გონსალესს, მატიას ვიტკევიჩს, პასკალ დუბაის, მარიო რაიმონდის, იან ლესიაკსა და ნასიმ ბენ ხალიფას.

"დინამოს" ვებგვერდის ცნობით, ჩვენს ფეხბურთელებს ცდა არ დაუკლიათ ანგარიშის შესაცვლელად და 85-ე წუთზე რობერტინომ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო, თუმცა შეხვედრის მიწურულს მარტინესმა მეორე გოლიც გაიტანა და თავის გუნდს ორბურთიანი სხვაობით გაამარჯვებინა - 3:1.

მატჩის შემდეგ
ალექს გარსია: "თამაშში ჩართვა გაგვიჭირდა და პირველი ტაიმი ცუდად ვითამაშეთ. სამწუხაროდ, მონდომება არ ჩანდა. წინა მატჩის მსგავსად, ჩვენს კარში ამჯერადაც პენალტი დაინიშნა. მეორე ტაიმი შედარებით უკეთესი იყო, თუმცა ძალიან საწყენია, რომ გოლებს საკუთარი შეცდომების გამო ვუშვებთ".

"მარბელას თასის" გამარჯვებული კიევის "დინამო" გახდა, ფინალში პოლონური "კრაკოვია" რომ გაანადგურა (7:2); რაც შეეხება თბილისის "დინამოს", გუნდი კვლავაც მარბელაში აგრძელებს მზადებას და ხვალ მორიგ საკონტროლო მატჩსაც ჩაატარებს ჩინეთის ჩემპიონ "გუანჯოუსთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული