არის თუ არა ასეთი კლუბი "დინამო თბილისი"? შესასაძლოა ამ კითხვის დასმა უხერხულიც კი იყოს, მაგრამ ინტერნეტმა მოგვცა "გუანჯაო" - "დინამოს" ცოცხლად ყურების საშუალება და ვნახეთ, თუ როგორ ბილწსიტყვაობდნენ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ფეხბურთელები. ეს არ მომხადარა მხოლოდ "გუანჯაოსთან", ეს "დინამოს" ესპანური შეკრების სხვა შეხვედრებშიც ნახეს.
რა მოხდა ასეთი, სხვა თამაშებზე და სხვა გუნდის ფეხბურთელებისგან არ გინახავთ ასეთები და უარესები? რა
ახალი თაობისთვის "დინამო" მხოლოდ კარგი პირობები და ტიტულებია, რადგან "დინამოს" დიდების პერიოდში მათ არ უცხოვრიათ. კლუბი კი ყველაფერი ერთად არის - ძველი დიდებაცა და აწმყოც.
"დინამოს" სტადიონი და დიღმის ბაზა - იქ არის ისეთი ნივთები, რომლებიც მუნჯად გადმოგვცემენ ძველ ამბებს, ანუ ლაპარაკის გარეშეც ასისხლხორცებენ იმას, თუ რა არის "დინამო".
რა ქმნიდა საქართველოს ისტორიას? კახური ღვინო, ბაგრატიონების დინასტია და თბილისის "დინამო" - ასეთი იყო ისტორიკოსის და ცნობილი მწერლის, აკა მორჩილაძის პასუხი.
როცა თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ხარ და მოედანზე გადიხარ, აღარც სვანეთისუბნელი ხარ და აღარც ნახალოვკელი - მე ასე მგონია და თუ სხვა სხვანაირად ფიქრობს, ამის საჯაროდ თქმაც არ უნდა მოერიდოს.
ცოტა ხნის წინათ, როცა "დინამოს" სხვა ხელმძღვანელობა და მწვრთნელი ჰყავდა, დინამოელებმა თამაშის მერე, გასახდელიდან რომ გამოვიდნენ, მერე იჩხუბეს. ალბათ ყველას გაუკვირდა, რომ ეს დინამოელებმა მოურიდებლად გააკეთეს, თორემ ჩხუბი შეიძლება "დინამოზე" დიდ გუნდებშიც მოხდეს.
ჩვენში ხშირად ერთმანეთში ერევათ მოჩხუბრები და ავტორიტეტები. როცა "დინამოს" რაინერ ცობელი წვრთნიდა და მასთან ბაიერნულ ამბებზე მივედი ინტერვიუსთვის, ჰერ ცობელმა მითხრა, "ბაიერნის" ლიდერი და კაპიტანი ფრანც ბეკენბაუერი თამაშის დროს სულ გვიყვიროდა და გვიფუცხუნებდა, ხანდახან ამას ძალიან უხეშადაც აკეთებდა, მაგრამ თამაშის მერე ხელს გვართმევდა, გვეფერებოდა და ბოდიშის მოხდასაც არ თაკილობდაო.
როი კინი, შტეფან ეფენბერგი... ასეთი კაპიტანი და ლიდერი საჩუქარი ვერ იქნებოდა თანაგუნდელებისთვის, მაგრამ ისინი მძიმე ტვირთსაც ეზიდებოდნენ, არც ქურდულ-ძველბიჭური მენტალიტეტი ჰქონდათ და საკუთარ იმიჯს ძალიან უფრთხილდებოდნენ - ზედმეტი მოუვიდოდათ და კლუბი ამას არ აპატიებდა, არც მედია დააკლებდა კრიტიკას და პირველ გვერდზე გამოჭენებას.
ერთხელ იყო, ქართული გუნდების ფეხბურთელებმა თამაშის მერე გასახდელში რომ იჩხუბეს, დანა გაიხსნა და გამშველებელს მოხვდა - მე იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ეს ამბავი მთელმა საფეხბურთო მილეთმა იცის. დანის დამრტყმელი ფეხბურთელი კი მერე სხვა, ბევრად უკეთეს გუნდში გადავიდა და მისთვის კაპიტნის სამკლავურიც არავის დაუმადლებია.
როცა ასეთი მაგალითი არსებობს, "დინამოს" თუ სხვა გუნდის ფეხბურთელებს ცუდ რამეზე აგულიანებს - ამ მახინჯ სტანდარტებს კლუბების პრეზიდენტები და მწვრთნელები აყალიბებდნენ, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა და ალბათ, შეიცვლება "დინამოც".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"