ომარ მიგინეიშვილი: საქართველოს ჩემპიონატში თამაში ადვილი არ არის

AutoSharing Option
ვინც ფეხბურთში საქმიანობს, საერთო მიზნისთვის შრომობს - მაყურებელი სტადიონზე მიიყვანოს და სახლში ნასიამოვნები გაუშვას.

გულშემატკივრის გულის მოგება კი გვარიანად რთულია - საკუთარი საქმე კარგად უნდა იცოდე და ალბათ, ადამიანური თვისებებითაც გამორჩეული უნდა იყო.

ჩვენთან ჯერ ბევრი ხალხი არ დადის ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე, მაგრამ ქართულ საკლუბო ფეხბურთში ბოლო დროს რიხიანი ამბებია და ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს უფრო მეტი ქომაგი სტადიონებზე.

კლუბებიც უკვე განსაკუთრებულად ეკიდებიან გულშემატკივრის ფაქტორს. მაგალითად, ქუთაისის "ტორპედოს" ვებგვერდი გამოკითხვას აწარმოებს: ვინ მიგაჩნიათ სეზონის პირველ ეტაპზე "ტორპედოს" საუკეთესო ფეხბურთელად. გამოკითხულთა
57,34 პროცენტმა ხმა ომარ მიგინეიშვილს მისცა. მიგინეიშვილი ძალიან დიდი უპირატესობით ლიდერობს - მეორე მაჩვენებელი დავით გამეზარდაშვილს აქვს, 5,33 პროცენტი.

"ტორპედო" მიმდინარე ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ქომაგთა ყველაზე მეტი ხმა მეკარეს შეხვდა. ასეთი იშვიათად ხდება, ქუთაისელებს მართლაც თავისებურად უყვართ ფეხბურთი და ფეხბურთელები. ისიცაა, რომ ამ დროისთვის "ტორპედოს" შეტევაში გამორჩეული მოთამაშე ძნელად მოეპოვება.

"გულშემატკივარს ასე რომ უყვარხარ, ეს ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "ტორპედომ" პირველ ლიგაში ორი სეზონი რომ გაატარა, კარში მაშინაც მე ვიდექი და ალბათ, ამ ფაქტორმაც დიდად განაპირობა, ვებგვერდის გამოკითხვაში ბევრმა გულშემატკივარმა რომ მომცა ხმა. ისიცაა, რომ ამ სეზონის პირველ ეტაპზე ურიგოდ ნამდვილად არ მითამაშია. ყველა გულშემატკივარს მადლობას ვუხდი", - გვითხრა მიგინეიშვილმა.

"ტორპედო" ახლხან დაბრუნდა თურქული შეკრებიდან და ქუთაისელთა მეკარეს ამაზეც ვკითხეთ.

"მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ვერც ერთი მატჩი ვერ მოვიგეთ, შეკრება ნორმალურად უნდა შეფასდეს. მწვრთნელებმა ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოსცადეს, მუშავდებოდა სხვადასხვა კომბინაციები. შეკრების შედეგი კი მაშინ გამოჩნდება, სეზონი რომ განახლდება. საკუთარი თავითაც კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, რომ მეორე ეტაპზე უკეთეს ფორმაში ვიქნები".

ომარს შეკრების ბოლო მატჩზეც ვკითხეთ - ქუთაისელებმა ლუგანსკის "ზარიასთან" 1:3 წააგეს და თუ უკრაინულ წყაროებს დავუჯერებთ, ლუგანსკელებს ყველაფერი გამოსდიოდათ.

"შეკრების ბოლო დღე იყო და უფრო ამას ვაბრალებ ყველაფერს. ისიც უნდა ითქვას, რომ ლუგანსკელები ძალიან ხისტად, უხეშადაც კი გვეთამაშებოდნენ და ჩვენი ფეხბურთელები შესაძლოა, ტრავმას ერიდებოდნენ", - გვითხრა ტორპედოელთა მეკარემ.

მიგინეიშვილს "ტორპედოს" გარდა "სამტრედიასა" და "ლოკომოტივში" უთამაშია.

"სამტრედიაში" შვიდი წლის წინ ვიყავი, "ლოკომოტივში" კი მაშინ მივედი, როცა გუნდის პირველი მეკარე დავით გვარამაძე იყო. თამაში არ მიწევდა, თუმცა გვარამაძისგან ბევრი ვისწავლე. მეკარედ მაინც "ტორპედოში" ჩამოვყალიბდი. სათამაშო პრაქტიკა ყველასთვის მნიშვნელოვანია, მეკარესთვის კი - განსაკუთრებულად".

მიგინეიშვილს საქართველოს ჩემიონატში საუკეთესო გოლკიპერებად გიორგი ლორია და როინ კვასხვაძე მიაჩნია. საკუთარ თავზე კი ამბობს, რომ: "მცირე ნაკლი ალბათ ყველა კომპონენტში მაქვს, თუმცა ვარჯიშით და პირველ რიგში სათამაშო პრაქტიკით ამის გამოსწორება შეუძლებელი ნამდვილად არ არის.

ვფიქრობ, ორივე ფეხით ნორმალურად ვთამაშობ და მცველების დაზღვევაც ურიგოდ არ გამომდის. მთავარი, რაც უნდა გამოვასწორო, ხაზზე თამაშია, უკთესი რეაქცია უნდა მქონდეს".

ხშირად გაიგონებთ, ქართველი მეკარეების უმთავრესი ნაკლი გამოსვლაზე თამაშიაო და მიგინეიშვილს ამაზე ცალკე ვკითხეთ.

"საქართველოს ჩემპიონატში ისეთი ჩაწოდებები არ არის, როგორიც ინგლისის პრემიერლიგაში და ბუნდესლიგაში, თუმცა საქართველოში მოთამაშე მეკარეებს არც თუ იშვიათად გვიწევს კარგ ჩაწოდებასთან გამკლავება.

საერთოდაც, საქართველოს ჩემპიონატში არ არის ადვილი თამაში, გუნდები უმეტესად ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობენ და ასეთ დროს ძალიან ძნელია ქულების დაგეგმვა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული