"ტორპედომ" სეზონის განახლებისთვის მზადება თბილისში დაიწყო, შემდეგ ქუთაისში გააგრძელა პროცესი, მერე კი თურქეთშიც იყო და საკონტროლო შეხვედრები გამართა.
გია გეგუჩაძემ "ტორპედო" მაშინ ჩაიბარა, სეზონი უკვე დაწყებული რომ იყო. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ერთი მოსამზადებელი პერიოდი უკვე გაიარა და საინტერესოა, რა სიახლეები შეიტანა ახალმა მწვრთნელმა.
გეგუჩაძეს გუშინ დავუკავშირდით და მეტწილად "ტორპედოს" თურქულ სამზადისზე ვესაუბრეთ.
- შეკრებაზე შედეგი უმთავრესი არ არის, თუმცა "ტორპედო" ამბიციურ გუნ
- შედეგი მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ იყო გადამწყვეტი. ბევრი რამე იყო გასარკვევი, თუნდაც ის, რამდენად ჩაჯდებოდნენ ახალწვეულები ჩვენს სქემებში.
ფეხბურთელებსა და რგოლებს შორის შეთამაშება - თურქულ შეკრებაზე ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით. ერთი სიტყვით, თურქული შეკრება დადებითად უნდა შეფასდეს, ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ და კარგად დავინახე ის, თუ რა მიმართულებით უნდა წარვმართოთ მუშაობა.
- თურქეთში გამართულ საკონტროლო მატჩებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ "ტორპედოსთვის" პრობლემატურია ცენტრალური თავდამსხმელის პოზიცია. ეს, ალბათ, იმითაც არის განპირობებული, რომ ვახტანგ კვარაცხელიამ თურქულ შეკრებამდე მძიმე ტრავმა მიიღო.
- გეთანხმებით, კვარაცხელია მართლაც მნიშვნელოვანი დანაკლისია, მან აქილევსის მყესი გაიწყვიტა და სამწუხაროდ, ამ სეზონში ვერ შეძლებს თამაშს. "ტორპედოში" თავდამსხმელის საკითხი ღიად რჩება. ამ პოზციაზე რევაზ გოცირიძესა და ნიკა საბანაძეს მოუწევთ თამაში, თუმცა გაძლიერებაზეც ვფიქრობთ.
ისიც უნდა ითქვას, რომ გოლის გატანა მხოლოდ ნომინალური თავდამსხმელის საქმე არ არის და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ.
- როგორც ჩანს, შესაძლოა, "ტორპედომ" კიდევ ერთი თავდამსხმელი დაიმატოს - ლეგიონერის მოწვევას ხომ არ აპირებთ?
- არ არის გამორიცხული, რომ ახალი თავდამსხმელი მოვიყვანოთ. ამ ეტაპზე ლეგიონერის მოწვევისგან კი თავს შევიკავებთ.
- კვარაცხელიას გარდა ტრავმირებული კიდევ ვინ არის?
- დავით გამეზარდაშვილს, დავით დიღმელაშვილსა და ალექსანდრე კვახაძეს მიკროტრავმა აქვთ, სეზონის განახლებისთვის კი ისინი სრულ მზადყოფნაში იქნებიან.
- თურქეთში ალბათ რამდენიმე ტაქტიკური სქემა მოსინჯეთ. უფრო რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
- 4-4-2, 4-3-3, 4-5-1...რამდენიმე ვარიანტი მოვსინჯეთ და კარგია, რომ ფეხბურთელთა კონტინგენტი ამის საშუალებას გვაძლევს. ჩვენთვის ამომავალი წერტილი ის არის, რომ მძლავრად გამოვიყურებოდეთ შეტევაში, თუმცა ეს დაცვის საზიანოდ არ უნდა მოხდეს.
- თურქეთში გამართული ტესტ-მატჩებისგან შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ "ტორპედო" აქცენტს აკეთებდა მარჯვენა ფლანგზე თავისუფალი სივრცის შექმნაზე და იქიდან გრიგოლ დოლიძის ინდივიდუალურ თამაშზე.
- ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტი იყო, სხვა სქემებსაც ვამუშავებდით. ჩვენ, ფაქტობრივად, ახალ გუნდს ვაყალიბებთ და ვცდილობთ, რომ ფეხბურთელების კარგი თვისებები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. თურქული შეკრებით ფეხბურთელებმა ბევრი რამ შეიძინეს, ბევრზეც კიდევ სამუშაო გვაქვს.
- ალბათ, ყურადღებით ადევნებთ თვალყურს, თუ როგორ ემზადებიან სეზონის განახლებისთვის სხვა მოწინავე გუნდებიც. როგორ ფიქრობთ, ძალათა რა ბალანსია შექმნილი და როგორია მასში "ტორპედოს" პოზიციები?
- კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით "ტორპედოს" ამ ეტაპზე ერთი მიმართულება აქვს: სრულფასოვან, ძლიერ გუნდად ჩამოყალიბება. პირველ პლანზე შედეგი კი იქნება, მაგრამ გუნდის ჩამოყალიბებაც მნიშვნელოვანია - "ტორპედოს" საქართველოს ფარგლებს გარეთაც უნდა შეეძლოს შედეგის მიღწევა.
- ამ სეზონში კი "ტორპედოს" მიზანი, ალბათ, ევროსარბიელზე მოხვედრაა.
- ეს არ იქნება კატეგორიული მოთხოვნა. თუ გავალთ ევროპაზე, ხომ კარგი, თუ არადა, ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. ერთი სიტყვით, უკეთესი იქნება, თუ დროს გუნდის შექმნაში დავხარჯავთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"