გიორგი ქინქლაძე: ვხედავ, რაც საქართველოს ნაკრების გარშემო ხდება, მაგრამ...

AutoSharing Option
"ფეხბურთი ისეთი ბაცილაა, თუ შეგეყარა, მისგან განკურნება შეუძლებელია" - ეს სიტყვები შოთა არველაძეს ეკუთვნის, თუმცა მსგავსი სხვასაც უთქვამს სხვანაირი ენამჭევრობით.

ფეხბურთში ბევრ რამეზე დაობენ და კამათობენ, თუმცა არის ისეთი რამეებიც, რაც სადაო არ არის, მაგალითად ის, რომ 90-იანელების თაობაში ყველაზე ნიჭიერი გიორგი ქინქლაძე იყო.

ქინქლაძემ ფეხბურთელის კარიერა ექვსი წლის წინ დასრულა და თითქმის ამდენი ხანი, ფაქტობრივად, ფეხბურთს ჩამოცილებული იყო. ქინქლაძე უფეხბურთოდ? დიახ, ასთებიც ხდება, ოღონდაც ქინქლაძეს უქმობა უსასრულო ვერ იქნებოდა - შარშან შემოდგომაზე გიო ფამაგუსტას "ანორთოსისში" მივიდა სპორტულ დირექტორად.

"ამ
კლუბში 2004-05 წლებში ვთამაშობდი, მაშინ თემურ ქეცბაიაც "ანართოსისში" იყო. კლუბის დირექტორატი თითქმის არ შეცვლილა და ძველმა ნაცნობებმაც აქ ჩამოსვლა შემომთავაზეს", - გვითხრა ქინქლაძემ.

მას გაცილებით უკეთეს საფეხბურთო ქვეყნებში უთამაშია და არის კი "ანორთოსისი" ის, რაც მას უნდოდა?

"როგორც უნდა იყოს, "ანორთოსისში" მუშაობა ჩემთვის საინტერესოა, რაც მთავარია, ფეხბურთში ვარ და ჯერჯერობით უკმაყოფილების არანაირი საბაბი არ გამაჩნია", - გვიპასუხა იმან, ვისაც ალბიონზე KINGladze-საც კი ეძახდნენ...

ფეხბურთელ ქინქლაძის ისტორია საოცარიც იყო და გულდასაწყვეტიც. ალბათ იმიტომაც, მას თავისებურად ესმის გამოწვევების მნიშვნელობა. "ანორთოსისი" დიდი გაქანების კლუბი არასდროს ყოფილა, თუმცა ქეცბაის მწვრთნელობისას ბევრს მიაღწია და ვინძლო ამიტომაც მიიწვიეს იქ ახლა ქინქლაძე.

"ძირითადად ფეხბურთელთა ტრანსფერებით ვარ დაკავებული. თუ ვინმე გასაშვებია, ესეც ჩემს კომპეტენციაში შედის. "ანორთოსისში" ჩემი რეკომენდაციით აიყვანეს დავით კვირკველია. ამ ფეხბურთელის შესაძლებლობები კარგად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ გამიმართლებს. მან ჯერ მხოლოდ ორჯერ ითამაშა "ანორთოსისში" და საკმაოდ ნორმალურადაც", - გვითხრა ქინქლაძემ და ისიც დაამატა, რომ კიდევ სურს ქართველების "ანორთოსისში" მიყვანა.

"ამ სეზონში უკვე აღარავის არ დავიმატებთ, მაისიდან კი სატრანსფერო ბაზარზე შედარებით გავაქტიურდებით. მართალია, "ანორთოსისი" დიდი გუნდი არ არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქეცბაიამ ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, მოსვენება დაკარგული აქვთ, იგივეს განმეორება სურთ. ვნახოთ, იქნებ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი შეგვემატოს", - განგვიმარტა ქინქლაძემ.

"ანორთოსისი" კვიპროსის თოთხმეტგუნდიან ჩემპიონატში ამ დროისთვის მე-4 ადგილზეა და ლიდერ "ომონიას" ხუთი ქულით ჩამორჩება.

"კლუბს ახლა იმდენი ფული არ აქვს, რამდენიც ქეცბაის მწვრთნელობის დროს ჰქონდა, ალბათ გახსოვთ, რომ მაშინ "ანორთოსისში" ბრაზილიელი სავიოც კი თამაშობდა, კლუბს ჰქონდა იმის საშუალება, დიდი ხელფასი გადაეხადა ფეხბურთელებისთვის. მოგეხსენებათ, როგორია ეკონომიური სიტუაცია საბერძნეთში, კვიპროსი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ეს საკლუბო ფეხბურთზეც მოქმედებს. მაგრამ, თუ ჩემპიონები გავხდებით, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. ვფიქრობ, ჩემპიონობის შანსი რეალურია".

ქინქლაძე სპორტული დირექტორი კი არის, მაგრამ მხოლოდ მენეჯერიბით ვერ მოიკლავს საფეხბურთო ჟინს.

"შეიძლება ითქვას, რომ ფორმა შენარჩუნებული მაქვს. არც თუ იშვიათად, მეც გავდივარ ხოლმე გუნდის ვარჯიშზე, ვთამაშობ "კვადრატს", ორკარას და გრეხეტბოლს. კვიპროსში ისეთი ამინდი და მოედნებია, ამაზე უკეთესი რა უნდა გააკეთო?!"

ქინქლაძემ ისიც გვითხრა, არ არის გამორიცხული, საქართველოში ჩამოვიდე და ფეხბურთში დავსაქმდე, თუმცა ეს უფრო შორეული პერსპექტივა არისო.

საქართველოს ნაკრების ერთ დროს ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელს იმაზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა, თუ რა ხდება ჩვენს ეროვნულ გუნდში, თუ რა ტენდენციებია და ვინ ვის როგორ აკრიტიკებს.

"ყველაფრის საქმის კურსში ვარ, ყურადღებით ვადევნებ თვალყურს ნაკრების გარშემო გაჩაღებულ პოლემიკას, მაგრამ არანაირი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ", - მოკლედ მოჭრა სიტყვა ქინქლაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველაზე მრტად იმაზე მწყდება გული, რომ გიო ქინქლქზემ ვერ(თუ არ) გამოამჟღავნა თავისი შესაძლებლობების ალბათ ნახევარი.როგორც სტაჟიანი გულშემატკივარი, მგონია,რომ ასეთი ტექნიკური და რაც მთავარია მოწინააღმდეგისთვის ამოუცნობი ფორვარდი საქართველოს არ ჰყოლია
დათო
16:45 23-08-2012
0
დაჭერა თუ არა, ნაკრების თამაშებზე ბურთის მომტანად მაინც უნდა დააყენო ერთი შესარჩევი მაინც:D
ქინქი
13:24 08-02-2012
0

სიახლეები პოპულარული