მარტვილის "მერანმა" სომხურ "ულისთან" ფრედ 1:1 ითამაშა

AutoSharing Option
7 თებერვალს მარტვილის "მერანმა" მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. მალხაზ ჟვანიას გუნდი ურეკში სომხურ "ულისს" შეხვდა და ფრედ, 1:1 ეთამაშა.

ორივე გოლი შეხვედრის პირველ ტაიმში გავიდა - მე-20 წუთზე ანგარიში გიგა ბოხუამ გახსნა, ორიოდე წუთში კი ერევნელებმა თანაფარდობა ანზორ სუხიაშვილის ავტოგოლით აღადგინეს.

"მერანმა" ამ შემადგენლობით ითამაშა: შეროზია, კაკუშაძე (75. გეგეჭკორი), ჟვანია, იობაშვილი, სუხიაშვილი, დიდავა, მანწკავა, ე. გრიგალაშვილი (75. ფონიავა), ტორონჯაძე (46. ტაპე), ბოხუა (60. ტორაძე), ჩალაძე (46. ამბროლაძე).

"იმის მიუხედავად, რომ თამაში მძიმე გრუნტზე მიმდინარეობდა, მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ჩემი გუნდის
თამაშით უკმაყოფილო არ ვარ.

ვფიქრობ, უკვე მზად ვართ იმისთვის, რომ ჩემპიონატის განახლების მომენტისთვის ჩვენი საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ", - გვითხრა მალხაზ ჟვანიამ.

8 თებერვალს "მერანი" სამტრედიაში ჩავა და ამხანაგურ შეხვედრას ადგილობრივ გუნდთან გამართავს. მატჩში მონაწილეობას უმეტესად, ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებსაც "ულისთან" არ უთამაშიათ. 10 თებერვალს კი "მერანი" ქუთაისს ეწვევა და "ტორპედოსთან" ცენტრალურ სტადიონზე ითამაშებს.

მარტვილელები სეზონის მეორე ნახევარს 15 თებერვალს დაიწყებენ, როცა უმაღლესი ლიგის მე-19 ტურში ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლებენ. "მერანი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა და რვა საუკეთესო გუნდში დამკვიდრება, ფაქტობრივად, დაბევებული აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული