გორის "დილას" ამბიციურ კლუბად ქცევის პერსპექტივას მისი გულშემატკივრები, ბუნებრივია, თავიდანვე სიხარულით შეხვდნენ. ზოგადი განწყობა დღესაც იგივეა, თუმცა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია პრესაში ახლახან გუნდის სავარაუდო შემადგენლობის დასახელებამ, რომლის მიხედვითაც 26 კაციან განაცხადში ოთხი ადგილობრივი ფეხბურთელიღა დარჩა.
ეს შემადგენლობა, მართალია, დაზუსტებული არაა, მაგრამ მასში მხოლოდ მცირე კორექტივები თუა მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, რომ "დილა" პირველ წრეში ძირითადად გორელ მოთამაშეებს ეყრდნობოდა. ახალი მეპატრონის მოსვლისა და ამბიციის ზრდასთან ერთად, როგორც მოსალოდნელი იყო, შემადგენლობაც გადახალისდა და ხელმძღვანელობამ დასახული მიზნების მიხედვით ააგო კლუბის საკადრო პოლიტიკაც.
ახლახან თურქეთში
შეკრებაზე მყოფი 33 ფეხბურთელიდან მხოლოდ 8 იყო ადგილობრივი. ამ რვიდანაც, როგორც "დილას" პრეს-ატაშემ ზურაბ კარტოზიამ გვითხრა, სადაღაშვილი და ლომიძე დუბლებში გადაიყვანეს; ქარქუზაშვილი, ნოზაძე, პ. ხორგუაშვილი, ვ. ხორგუაშვილი, გოგინაშვილი და ახალკაცი კი ისევ გუნდთან ერთად ვარჯიშობენ.
17 თებერვალს თბილისში დაგეგმილია კლუბის პრესკონფერენცია, სადაც ახალწვეულ ფეხბურთელებს წარადგენენ და გამოცხადდება ის შემადგენლობა, რომელიც განაახლებს სეზონს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"