ქართველმა მეკარეებმა "არაქართულად" თამაში ისწავლეს

AutoSharing Option
მეკარე მხოლოდ კარის დარაჯი არ არის, მას გაცილებით მეტი ევალება და გაცილებით მეტიც უნდა შეეძლოს.

მეკარის ერთ შეცდომას მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, ეს არის პოზიცია, სადაც შეცდომის დაშვების უფლება არ არსებობს.

მეკარე კარნახობს, მეკარე ლიბეროსავით თამაშობს, მეკარე 11-მეტრიანს არტყამს. გოლკიპერის დიაპაზონი დიდია.

და როგორი მეკარეები ჰყავს საქართველოს? ბოლო დროს ეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა იყო, უცხოელის ნატურალიზაციაზეც კი ლაპარაკობდნენ, რადგან ქართული სამეკარეო სკოლა ვერ იყო ძლიერი.

გამოჩნდებოდნენ ხოლმე კარგი მონაცემების მქონე მეკარეები, მაგრამ მათი კარიერა ისე ვეღარ ვითარდებოდა, რომ საქართველოს
ნაკრებს ევროპული დონის გოლკიპერი ჰყოლოდა.

ამ დროისთვის მეკარის პრობლემა ალბათ უწინდელივით მწვავე აღარ არის. ყოველივე ამასთან დაკავშირებით ასლან ბალაძეს მივმართეთ, ბათუმის და თბილისის "დინამოს" ყოფილ მეკარეს, A კატეგორიის მწვრთნელს, ვინც ბოლო პერიოდში საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობდა.

- ქართველ მეკარეებს ყოველთვის უწუნებდნენ გამოსვლებზე თამაშს, ეს შეხედულება თითქმის სტერეოტიპადაც კი ჩამოყალიბდა. რა არის ამის მიზეზი, რატომ გახდა ქართველი მეკარეებისთვის გამოსვლაზე თამაში დაუძლეველ პრობლემად?
- ვფიქრობ, ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ჩემპიონატში თამაშობს მეკარე. ზოგადად, გამოსვლებზე თამაში ყველას უჭირს, ეს ურთულესი კომპონენტია. ადრე შედარებით იოლი იყო გამოსვლაზე თამაში, ახლა კი გაცილებით ძნელია - თანამედროვე ფეხბურთი უფრო სწრაფია, უფრო სწრაფად ხდება მეტოქის მხრიდან იმ ზონების შევსება, სადაც მეკარეს უწევს გამოსვლაზე თამაში.

გერმანელი და ინგლისელი მეკარეები გამორჩეულები იყვნენ ამ კომპონენტში, თუ გახსოვთ, საბჭოთა მეკარეებიც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ გამოსვლებზე, ჩვენებისთვის კი ეს აქილევსის ქუსლი იყო, ქართველი მეკარეები უფრო ხაზზე თამაშით გამოირჩეოდნენ, ჩემი მეკარეობის დროსაც უფრო ამაზე კეთდებოდა აქცენტი.

ხანდახან მწვრთნელები მეკარეებს კალათბურთის თამაშსაც ურჩევდნენ გამოსვლაზე თამაშის დასახვეწად. რა თქმა უნდა, ახლა ვითარება შეიცვალა. როცა სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ვმუშაობდი, ამ კომპონენტის დახვეწაზე განსაკუთრებულად ვამზადებდი მეკარეებს. მხოლოდ ჩაწოდებებით და სხვა ვარჯიშებით ეს შეუძლებელია, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მეკარემ გაბედულად ითამაშოს და იყოს დამოკიდებული რისკის ფაქტორზე.

ადრე ქართველი მეკარეები ასე ვთქვათ, შიგნით იდგნენ, ლამის კარში იყვნენ შესულები; მაშინ, როცა საჭიროა კარის ხაზიდან ერთ-ორი ნაბიჯით წინ ყოფნა. ამის გამომუშავება ხდება ვარჯიშითა და იმ ლიგის დონით, სადაც მეკარე თამაშობს.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, მოსკოვის "სპარტაკის" და კიევის "დინამოს" გარდა, ჩვენი მეტოქეები სწორხაზოვან ფეხბურთს თამაშობდნენ, თუმცა უმაღლესი ლიგის თითქმის ყველა გუნდს კარგი მეკარე ჰყავდა. მიმაჩნია, რომ დღესდღეობით ქართველმა მეკარეებმა საერთო ჯამში გამოასწორეს ხაზზე თამაში.

სტაბილურობით ყველაზე უფრო ნუკრი რევიშვილი გამოირჩევა, გიორგი ლორია თავიდან ერიდებოდა რისკიან თამაშს, მაგრამ ბოლო დროს ეს გამოასწორა, როინ კვასხვაძემაც გააუმჯობესა გამოსვლაზე თამაში.

- კიდევ როგორ დაახასიათებდით საქართველოს ნაკრების მეკარეებს?
- საქართველოს ნაკრებს ახლა მართლაც ღირსეული მეკარეები ჰყავს, ვფიქრობ, ამ მომენტში ყველაზე წინ მაინც რევიშვილი დგას სტაბილურობის ხარჯზე. მას ბავშვობიდან ვიცნობ, ყოველთვის სხვებზე უფრო გაწონასწორებული იყო, მას საკუთარი გუნდის თამაშში არანაირი ნერვიულობა არ შეაქვს და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

ფსიქოლოგიური ფაქტორია - მეკარის თავდაჯერებული თამაში მთელი გუნდისთვის გადამდები ხდება. ლორია თანდათან ყალიბდება გამოცდილ მეკარედ, ცოტა რისკი და დიდი მეკარე გახდება.

რაც შეეხება კვასხვაძეს, ის უფრო ტიპიურად ქართველ მეკარეს ჰგავს თავისი ხასიათით, შეიძლება მისი ოთარ გაბელიასთან შედარებაც, კვასხვაძეც ძალიან მკვირცხლია და ხაზზე თამაშით ერთ-ერთი საუკეთესო. მას ახლა გამოსვლებზე თამაშის გაუმჯობესების გარდა ცოტა თავდაჯერებულობაც სჭირდება.

- როცა საქართველოს ნაკრებს კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა, მეკარის ძიებაში იყო და საბოლოოდ არჩევანი ახლაგაზრდა გიორგი მაკარიძეზე შეაჩერა, ვისაც "დინამოს" მეორე გუნდშიც კი არ უწევდა სისტემატურად თამაში. ტოპმიოლერის ამ გადაწყვეტილებას დიდი მითქმა-მოთქმა და კამათი მოჰყვა. მაშინ თქვენ ჩვენი ნაკრებების მწვრთნელთა გუნდში იყავით და საინტერესოა თქვენი აზრი ამ ყველაფერზე.
- მაკარიძე არ უნდა დაგვავიწყდეს! ის მართლაც კარგი მეკარეა და უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. მაკარიძის ბრალი არ არის, რომ 17 წლის ასაკში ჩააყენეს ეროვნული ნაკრების კარში. თუ გახსოვთ, იკერ კასილასი 16 წლის იყო, "რეალში" დებიუტი რომ ჰქონდა.

ყველაფერს იღბალი სჭირდება. როცა ტოპმიოლერი იყო ჩვენი ნაკრების მწვრთნელი, დააკვირდა მაკარიძეს და, ასე ვთქვათ, გარტყმაზე წავიდა - მისი არჩევანი ან გაამართლებდა, ან -არა. მაკარიძე მაშინ მართლაც უთამაშებელი იყო და კლუბში ხელშეწყობა სჭირდებოდა.

- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, მაინც რამ მიაღებინა ტოპმიოლერს ასეთი გადაწყვეტილება?
- მაკარიძე ჯერ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეკარე იყო, მაშინ გუნდს ჰერბერტ ცანკერი თავკაცობდა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის თამაშები თბილისში გაიმართა, ჩვენებმა ტონი კროოსის გერმანიასთან მართლაც კარგად ითამაშეს, თუმცა 0:1 წააგეს. ამ შეხვედრის დასრულებისთანავე ტოპმიოლერი გასახდელში შემოვიდა და ფაქტობრივად, გასახდელიდან "მოხსნა" მაკარიძე.

- მეკარისთვის რომელი ასაკია პიკი?
- უმეტესობა მიიჩნევს, რომ 25 წლის ზევით, თუმცა მეკარეს მანამდეც შეუძლია სტაბილურობის მიღწევა.

- როგორი მეკარეები ჰყავს ახლა საქართველოს - ამ კითხვაზე არის მკაფიო პასუხი?
- მეკარეები არ გვყავსო, ახლა ამას ვერავინ იტყვის. საჭიროა ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლება და მეკარეთა პროგრესიც სახეზე იქნება.

- ევროპაში ვის მიიჩნევთ საუკეთესო მეკარედ?
- ძალიან მომწონს "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი მეკარე დევიდ დე ხეა. ტრადიციულად კარგი მეკარეები ჰყავთ გერმანელებს, ადრე რუსი მეკარეებიც მომწონდა, მეკარეთა საბჭოთა სკოლა მართლაც არ იყო ურიგო. ჩავარდნები კი ვის არ ჰქონია, მაგალითად, არკონადა - სუბისარეტას შემდეგ ესპანეთს საკმაო ხანი არ ჰყოლია ტოპ-კლასის მეკარე.

- როცა თქვენ მეკარეობას იწყებდით, საქართველოში იყვნენ მეკარეთა მწვრთნელები?
- ახლა საფეხბურთო სკოლებში რომ ჰყავთ მეკარეების მწვრთნელი, ჩვენ დროს ეს არ იყო. მახსოვს, ერთხელ სერგო კოტრიკაძემ მავარჯიშა დახლოებით ერთი თვე და ის ვარჯიშები ჩემთვის ძალიან სასარგებლო გამოდგა. კოტრიკაძისგან ბევრი ვისწავლე. ძალიან კარგია, ახლა დიდი ყურადღება რომ ეთმობა ჩვენთან მეკარეების აღზრდას. სკოლებში გასათვალისწინებელია ასაკობრივი ფაქტორი - სხვადასხვა ასაკში მეკარემ სხვადასხვანაირად უნდა ივარჯიშოს.

- აჭარიდან ხართ და ალბათ გაქვთ ინფორმაცია, ამ მხრივ რა ვითარებაა იქ?
- ბათუმში მეკარეების სკოლის ჩამოყალიბებას ვაპირებდი, მაგრამ მერე თბილისში მომიწია ჩამოსვლა და შევრჩი დედაქალაქს. რაც შეეხება ვითარებას, თამაშს თავი 1997 წელს რომ დავანებე, მას შემდეგ აჭარიდან წამოსული მეკარე არ ჩანს.

- რა არის უმთავრესი პროფესიონალ მეკარეთა მწვრთნელის მუშაობაში?
- მეკარეების მწვრთნელი - ძალიან საპასუხიმგებლო პროფესიაა. გარდა იმისა, რომ მეკარე სპორტული ფორმის თვალსაზრისით სულ ტონუსში უნდა გყავდეს, მასთან სულ უნდა გქონდეს საუბარი, სულ იმას უნდა ცდილობდე, რომ ფსიქოლოგიურად მზად იყოს. როცა მეკარე ვიყავი, ყოფილა შემთხვევები, ნახტომები არ მიკეთებია, მაგრამ ორი კილოგრამი დამიკლია ნერვიულობისგან. ერთი სიტყვით, ფსიქოლოგიური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია, მწვრთნელს სისტემატური კონტაქტი უნდა ჰქონდეს მეკარესთან, რათა ის ყოველი მატჩისთვის მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს, მეკარე აუცილებლად ლიდერი უნდა იყოს და ეს მას პირველ რიგში მწვრთნელმა უნდა აგრძნობინოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამდენი თუ იცოდი 9 ბურთი როგორ გაუკვეხეს შენს მეკარეს?
კაკო
15:36 16-02-2012
0

სიახლეები პოპულარული