გიორგი ჯანელიძე: არ მეგონა თემურ ქეცბაია ყურადღებას ასე მალე თუ მომაქცევდა

AutoSharing Option
მიმდინარე ჩემპიონატის პირველი ეტაპის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გიორგი ჯანელიძე "ვიტ ჯორჯიას" გამოკვეთილი ლიდერია და ისიც სავსებით ლოგიკურია, რომ 22 წლის ასაკში გუნდის კაპიტანია.

გასული წლის ნოემბერში მის კარიერაში ღირსშესანიშნავი ამბავი მოხდა - საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. რა თქმა უნდა, ჯანელიძეს "ვიტ ჯორჯიასთან" დაკავშირებულ თემებზეც ვესაუბრეთ.

- მოლდოვასთან ამხანაგურ მატჩში მოედანზე მცირე დრო დაჰყავი, მაგრამ ჩვენს ნაკრებს პენალტი მაინც მოუპოვე.
- ბედნიერი ვარ, რომ ასეთი წარმატებული დებიუტი გამომივიდა. არადა, ამ შეხვედრამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ
თემურ ქეცბაია ასე მალე მომაქცევდა ყურადღებას. მოედანზე სულ რამდენიმე წუთი გავატარე და მოხარული ვარ, ამ დროში თერთმეტმეტრიანი რომ მოვიპოვე.

- ერთი შეხედვით, მოედანზე მღელვარების გარეშე გახვედი.
- ასე იყო. შევეცადე, ნერვები მაქსიმალურად მომეთოკა და გამეკეთებინა ის, რაც შემეძლო. ბუნებრივია, მღელვარების დაძლევაში ის ფაქტიც დამეხმარა, რომ მატჩი ამხანაგური იყო და არა - ოფიციალური.

- ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპზე რამდენიმე მატჩი ტრავმის გამო გაგიცდა. რა სახის დაზიანება გქონდა და ახლა როგორი მდგომარეობა გაქვს?
- ბარძაყის უკანა კუნთი მქონდა დაჭიმული, რამაც ძალიან გამაწვალა. საბედნიეროდ, ტრავმა უკვე ბოლომდე მოვირჩინე და სრული დატვირთვით ვარჯიში და თამაში შემიძლია.

- "ვიტ ჯორჯია" რამდენიმე დღის წინ თურქული შეკრებიდან დაბრუნდა. რამდენად ნაყოფიერი გამოდგა იქ გატარებული დღეები გუნდისთვის?
- უცხოური შეკრების მნიშვნელობაზე საუბარიც კი ზედმეტია - ამის გარეშე ოფიციალური მატჩებისთვის სათანადოდ მომზადება ძალიან ძნელია. თურქეთში გამოცდილებაც შევიძინეთ და კონდიციებიც გავიუმჯობესეთ. განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა აზერბაიჯანულ "ყარაბახთან" გამართული ამხანაგური მატჩი. ტრავმის მოშუშების შემდეგ ფორმაში სწორედ შეკრებისას შევედი, სადაც სათამაშო დროს მწვრთნელები შეხვედრიდან შეხვედრამდე მიზრდიდნენ.

- "ვიტ ჯორჯიამ" ძალები "ბენდელას თასზეც" მოსინჯა, სადაც საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს.
- ამ ტურნირმაც დიდი სამსახური გაგვიწია. შედეგს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ მაინც საწყენია, რომ ფინალში ასე დასანანი მარცხი ვიწვნიეთ.

- საქართველოს ჩემპიონატს ფოთის "კოლხეთთან" გასვლითი მატჩით განაახლებთ.
- ფაქტია, რომ ეს ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ფოთში ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულის მოპოვება იქნება, რაც პირველი ეტაპის ბოლომდე დარჩენილ მატჩებში ამოცანის, ჩემპიონატის რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრის შესრულებას გაგვიადვილებს.

- "ვიტ ჯორჯიას" ამის დიდი შანსი აქვს, თუმცა ისიც ნათელია, რომ ზედა რვა გუნდს შორის დიდი ამბიციები ვერ ექნება. ამის გამო მოტივაციას ხომ არ დაკარგავთ?

- ეს გამორიცხულია, რადგან საუკეთესო ქართულ კლუბებს შევხვდებით და მათთან ბრძოლით დიდ გამოცდილებას შევიძენთ. ამავდროულად, შედეგზეც ვიფიქრებთ და შევეცდებით, ჩემპიონატი რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე დავასრულოთ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის მეორე ნახევარში "ვიტ ჯორჯია" უფრო შედეგიანად ათამაშდება, რადგან ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოცდილებას ყოველდღიურად იმდიდრებენ.

- რომელი გუნდები მიგაჩნია საქართველოს ჩემპიონატის ფავორიტებად?
- დღესდღეობით ყველაზე ხარისხიან და სანახაობრივ ფეხბურთს "ზესტაფონი" თამაშობს, თუმცა მას რამდენიმე ძლიერი კონკურენტი ნამდვილად ეყოლება და ვფიქრობ, წინ საინტერესო ჩემპიონატი გველოდება.

- შენი ამპლუის ფეხბურთელებიდან უმაღლეს ლიგაში ვის გამოარჩევდი?
- საკმაოდ კარგი ნახევარმცველები გვყავს, ჩემი აზრით, ამჟამად საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე ძლიერი შემქმნელი შოთა გრიგალაშვილია.

- უნდა ველოდოთ თუ არა ზაფხულში შენს ტრანსფერს?
- ჯერჯერობით, მთლიანად "ვიტ ჯორჯიაზე" ვარ კონცენტრირებული და სეზონის ბოლომდე მისთვის დავიხარჯები, შემდეგ კი ვნახოთ, თუ საინტერესო წინადადება მივიღე, კლუბი ნამდვილად არ დამაბრკოლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული