მევლუდ მიმინოშვილი - ფრაგმენტი ჩემი კარიერიდან

AutoSharing Option
მევლუდ მიმინოშვილს ახლახან 74 წელი შეუსრულდა. ის ფიფას არბიტრი იყო და არაერთი საინტერესო მატჩზე უმსაჯია, არაერთ დიდ ნაკრებთან თუ კლუბთან ერთად გასულა მოედანზე, ფეხბურთში ბევრის მნახველი კაცია.

მიმინოშვილმა იმსაჯა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი 1990 წელს თბილისის "იბერიასა" და ფოთის "კოლხეთს" შორის.

მიმინოშვილმა იმსაჯა ჩვენი ეროვნული ნაკრების პირველი თამაშიც 1990 წელს ლიტვასთან.

მას მდიდარი ბიოგრაფია აქვს და,რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ერთ საგაზეთო წერილში ვერ დაეტევა. მიმინოშვილი ოდენ რამდენიმე საინტერესო ამბავს იხსენებს.

* * *
1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში
ავსტრია - ჰოლანდიას მსაჯობა დამავალეს. ეს ის პერიოდი იყო, ჰოლანდიის ნაკრებში ახალი ვარსკვლავები რომ მოდიოდნენ: მარკო ვან ბასტენი, რუუდ გულიტი, ფრანკ რიიკარდი, რონალდ კუმანი. ჩემი ასისტენტები ანატოლი მილჩენკო და მკრტიჩიანი იყვნენ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ასეთი რანგის მატჩს ამიერკავკასიის მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა.

თამაში ვენაში გაიმართა და სტადიონზე ბევრი ქართველი-ებრაელი მოვიდა. ისინი ტრიბუნიდან შეძახილებს არ გვაკლებდნენ. როცა ვენის სტადიონზე ქართული ხმამაღლა გესმის, ეს ძალიან სასიამოვნოა და რა თქმა უნდა, ასეთი ყურადღება ძალიან დასაფასებელია. ავსტრიაში საქართველოდან წასულ ებრაელებს თამაშის შემდეგ უნდოდათ ჩვენი მონახულება, მაგრამ სტადიონის დაცვამ ჩვენამდე არ მოუშვა.

მატჩის მეორე დღეს მე, მილჩენკომ და მკრტიჩიანმა ქალაქში გავისეირნეთ. მაღაზია ჩახვაშვილი, მაღაზია მიხელაშვილი...ვენის იმ უბანში მოვხდით, სადაც საქართველოდან წასული ებრაელების მაღაზიები იყო. ერთ-ერთ ასეთ მაღაზიაში შევედით და ჩვენი იქ მისვლა ძალიან გაუხარდათ. ებრაელებმა გვითხრეს, აქ მეტი თავისუფლება კი არის, მაგრამ საქართველო და ქართული ურთიერთობები მაინც ძალიან გვენატრებაო.

მათ ისიც გვითხრეს, მაღაზიაში რასაც ხელს დაადებთ, საჩუქრად მოგართმევთო. მოკლედ, ჩვენს მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინეს. სუვენირი მეც აღმომაჩნდა -თან მქონდა გაზეთი "ლელო" და ქართული ხალხური სიმღერების კასეტა, რაც ძალიან დიდი საჩუქარი აღმოჩნდა ქართველი-ებრაელებისთვის.

* * *
1981 წელს "ჰამბურგი" - "აბერდინი" ვიმსაჯე. "ჰამბურგი" იმ დროისთვის მოწინავე კლუბი იყო და იქ მაშინ ფრანც ბეკენბაუერიც კი თამაშობდა თავისი კარიერის მიწურულს. "ჰამბურგს" სხვა ცნობილი ფეხბურთელებიც ჰყავდა - ჰორსტ ჰრუბეში, ფელიქს მაგათი, მანფრედ კალცი...

თამაშის წინ "ჰამბურგის" ხელმძღვანელობამ კლუბის ოფისი და ბაზა დაგვათვალიერებინა, კლუბის დირექტორატში მაშინ გიუნტერ ნეცერი და უვე ზეელერი მუშაობდენ და ასეთი ხალხის გაცნობა ძალიან სასიამოვნო იყო.

"ჰამბურგმა" 4:1 მოიგო, თამაშის მერე კი ბეკენბაუერმა მაისურა მაჩუქა. გაოცებული დავრჩი მისი თამაშით, სულ თავაწეული იყო, ბურთს არ უყურებდა და ისე ჰქონდა ფეხზე აკრული, მისი ხელის ჩამორთმევა და მაისურის ჩუქება დიდი სითბოს გამოხატვა იყო.

* * *
1984 წელს ანთალიაში მომიწია ჩასვლა, თურქეთის ნაკრები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნულ გუნდს ხვდებოდა. მაშინ თურქეთი პირველ ნაბიჯებს დგამდა ფეხბურთის ასაღორძინებლად, ანთალია კი ისეთი სულაც არ იყო, დღეს რომ არის - მოედნებით აღჭურვილი ბევრი ლამაზი სასტუმრო და კოპლექსი იმ დროისთვის იქ არ არსებობდა.

ჩავედი იქ და ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ხალხი ორი დღით ადრე ემზადებოდა სტადიონზე მისასვლელად, თამაშის წინა ღამეს თურქ გულშემატკივრებს არ ეძინათ, ისინი დიდი ზეიმის მოლოდინში იყვნენ, მათთან ხომ დიდი ნაკრები ჩამოდიოდა. ქომაგის მხრიდან ასეთი დიდი მუხტი არასდროს მენახა. გერმანელებმა 2:1 მოიგეს, თუმცა ამ შეხვედრაში შედეგი ვერ იქნებოდა მთავარი - თურქებისთვის დასავლეთგერმანელთა სტუმრობა ძალიან დიდი მოვლენა იყო.

* * *
1985 წელს უეფას თასზე მილანის "ინტერი" ავსტრიულ "ლინცერს" ხვდებოდა. პირველი მატჩი ავსტრიაში იყო და "ინტერმა" 0:1 წააგო.

ვინც იტალიაში არ ჩასულა სამსაჯოდ, იმაზე შეიძლება იმის თქმა, რომ ფეხბურთი არ უმსაჯია. "სან-სიროზე" საოცარი ატმოსფერი სუფევდა. მაყურებელი ფანტასტიკურად ემოციური იყო. "ინტერმა" მეტოქე პირწმინდად დაჯაბნა და 4:0 მოიგო. რა თქმა უნდა, ასეთი მატჩის მსაჯობა შედარებით იოლია, გულშემატკივრის მხრიდანაც არანაირი ზეწოლა არ იგრძნობოდა.

"ინტერს" ჰყავდა ირლანდიელი ლაიამ ბრეიდი, ის დიდებული გამთამაშებელი გახლდათ. მილანელთა თავდასხმაში იყო ალესანდრო ალტობელი, საოცარი ბომბარდირული თვისებებით დაჯილდოებული ფორვარდი. "ინტერში" იყო 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი გამარჯვებული, მცველი ფულვიო კოლოვატი. მთავარი კაცი კი იქ მაინც კარლ-ჰაინც რუმენიგე გახლდათ, ვისაც "ლინცერთან" გოლი არ გაუტანია, თუმცა სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ერთ-ერთ ეპიზოდში ის მცველთან ორთაბრძოლაში "ლინცერის" საჯარიმოში წაიქცა, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, გადაწყვეტილების მიღება ადვილი რომ არ არის. პენალტი არ დავნიშნე, რუმენიგე წამოდგა და ცერა თითის ჟესტიკულაციით მითხრა, კარგი ჰქენი, 11-მეტრიანი რომ არ მოგვეციო.

ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ფეხბურთელისგან ასეთი ღირსეული საქციელი იშვიათია.

რუმენიგეს ნაჩუქარი მაისურა სუვენირად კი წამოვიღე, მაგრამ ვინ შეგარჩინა - რკინიგზის სამმართველოს პროკურორმა ონიანმა დაადგა თვალი და ჩუქებაზე უარი ვეღარ ვუთხარი, არადა გული ძალიან დამწყდა.

"ინტერის" ხელმძღვანელობა განსაკუთრებული პატივისცემით გვეპყრობოდა მსაჯებს. თამაშისწინა ოფიციალური ვახშამი დახურულ რესტორანში მოეწყო, ღონისძიების შემდეგ კი რაფაელა კარა მოიყვანეს და მცირე კონცერტიც გაიმართა.

* * *
1985 წელს ფინეთში მომიწა წასვლა, იქაურთა ნაკრები დასავლეთგერმანელებს ხვდებოდა. მოგეხსენებათ, ფინეთში ცივი კლიმატია და შეხვედრა 14:00 საათზე დანიშნეს.
პირველი ტაიმის ბოლოს გამოიდარა, ფინეთში მზე ძვირი სანახავია და ეს განსაკუთრებით ქალბატონებს გაუხარდათ. ტრიბუნის ერთი მხარე გადახურული არ იყო და იმ ადგილს მზე კარგად სწვდებოდა.

გოგოებიც იქ გადაჯდნენ და...გაიხადეს, ბიუსტჰალტერის და ბიკინების ამარა დარჩნენ, თან ნაკრებს ქომაგობდნენ და თან გარუჯვას ცდილობდნენ.

ყველაფერმა ამან გევრდითი მსაჯების ყურადღებაც მიიქცია, მე ყველანაირად ვცდილობდი, მსაჯები მთლიანად თამაშზე რომ ვყოფილიყავით კონცენტრირებული, მაგრამ როცა ბურთი გვერდითი ხაზისკენ გადავარდებოდა, ფითქინა და მკერდგათქვირული გოგოებისკენ თვალს მეც ვაპარებდი.

* * *
მსაჯობა 1990 წელს დავასრულე, რადგან ავარიაში მოვყევი და ცოტათი ახლაც ვკოჭლობ. შემთხვევა ქარელთან მოხდა, "ფიატს" ვმართავდი და საპირისპირო მხრიდან "ზაპოროჟეცი" დამეჯახა, მანქანამ მიმართულება დაკარგა და მერე ისე მოხდა, რომ "კამაზმა" ჩემი მანქანის კაპოტზე გადაიარა, ფეხი საჭის ქვევით ჩამრჩა სატერფულებთან და დამიშავდა.

სამკურნალოდ სანკტ პეტერბურგში მიმიწვა "ზენიტის" ხელმძღვანელობამ. 1984 წელს "ზენიტი" საბჭოთა კავშირის ჩემპიონი რომ გახდა, გადამწყვეტ მატჩში "ჩერნომორეცს" 3:2 მოუგო და ის შეხვედრა მე ვიმსაჯე.

ქრთამი არასდროს ამიღია და არც არასდროს შემოუთავაზებიათ, მხოლოდ ერთ, ოფიციალურ საჩუქარს ვიღებდი - სპორტულ პიჟამოს. ეს ყველაფერი "ზენიტშიც" კარგად იცოდნენ და ალბათ ამიტომაც დამიდგნენ გვერდში გაჭირვების ჟამს.

* * *
1987 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონობისთვის მოსკოვის "სპარტაკი" და კიევის "დინამო" იბრძოდნენ. გადამწყვეტი მატჩი კიევში იყო. უმცროსმა მიხეილ მესხმა დიდად განაპირობა ჩემპიონის ბედი - საგოლე გადაცემით დააჯილდოვა ფიოდორ ჩერენკოვი, რომელმაც ფეხებშუა გაუტარა ბურთი კიეველთა მცველ სერგეი ბალტაჩას და ჩემპიონობისთვის საჭირო ბურთი გაიტანა. ის თამაშიც მე ვიმსაჯე.

დაბოლოს, ერთიც მინდა ვთქვა: ბედნიერი ვარ, ქართველ არბიტრებთაგან სანაკრებო დონეზე ყველაზე მეტი მატჩი ვიმსაჯე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული