თბილისის "დინამოს" ფანკლუბებს შორის დაპირისპირება დასრულდა

AutoSharing Option
წლების წინათ, როდესაც თბილისის "დინამოს" ძალიან უჭირდა, ლევან და ზურაბ ღამბაშიძეეებმა, გიორგი გულბანმა, როლანდ გაფრინდაშვილმა და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდამ თბილისელთა ფანკლუბი ჩამოაყალიბეს.

სამწუხაროდ, "ბალუ" (ლევან ღამბაშიძე) გარდაიცვალა, გიორგი გულბანი ჟურნალისტიკაში გადავიდა და კლუბში ძველებიდან მხოლოდ როლანდ გაფრინდაშვილი შემორჩა და "გლადიატორების" ის სახე ჩამოაყალიბა, რომლითაც დღეს უმაღლესი ლიგის მონაწილე გუნდების ქალაქებსა და სტადიონებზე კარგად ცნობენ - ისინი ყველაზე უკეთ ორგანიზებული საკლუბო ფანები არიან, აღარავის უკვირს "დინამოს" მატჩებზე გამოფენილი პლაკატები და ბანერები, მცირე ჯგუფის საკმაოდ ეფექტური შეძახილები და გუნდის გასვლით მატჩებზე მათი
ხილვა.

"გლადიატორები" კლუბის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აქტიურად მონაწილეობენ, აქვთ საკმაოდ კარგი და ინფორმაციული ვებგვერდი და ამით "დინამოს" ის ელფერი შესძინეს, რაც ტრადიციულ კლუბებს უნდა ახასიათებდეს.

2010 წელს კი "ქართული სპორტის ქომაგებმა" დაარსეს "დინამოს" მეორე ფან-კლუბი "დინამიტები". ერთი ხანობა მათ შორის დაძაბული ურთიერთობა იყო და საყვარელ გუნდს სტადიონის სხვადასხვა სექტორებიდან ქომაგობდნენ.

მაგრამ მოსახდენი მოხდა და ერთი კლუბის სიყვარულით დაპირისპირება დაძლიეს: ბოლო რამდენიმე თამაში ერთ სექტორში მოთავსდნენ, "რადიო 1"-ის ეთერში, ელენე ბილიხოძის საავტორო გადაცემა "ესტაფეტაში" კი გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ამიერიდან ერთად იქნებიან, ერქმევა "გლადიატორები" და "დინამოს" კიდევ უფრო ძლიერი ფანკლუბი ეყოლებაო.

ასეც იქნება, რადგან ძალა ერთობაშია, შინ და გარეთ კიდევ უფრო მეტი შემართებითა და ენერგიით უგულშემატკივრებენ "დინამოს".

იმედია, ასევე მოხდება ეროვნული ნაკრების გულშემატკივართა სხვადასხვა დაჯგუფებების შემთხვევაშიც - გაერთიანება უფრო მეტ ეფექტს მოიტანს. "გლადიატორების" გადაწყვეტილება იმ კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნაკრებს "ქართული სპორტის ქომაგებთან" ერთად უგულშემატკივრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
20 კაცის ორგანიზებას რა უნდა თქვენ. :) ქუთაისის შემდებ ბატონო მერაბ არიან კი საუკეთესოები
toto
16:12 18-02-2012
0

სიახლეები პოპულარული