ეს საოცარი და ვგონებ, უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედარაციამ მიიღო, უალტერნატივო დაწესებულებამ ლამაზი ოფისითა და აგრესიულად მორჩილი აღმასკომით.
და როგორია მიმდინარე ჩემპიონატი? ვის მოსწონს ეს სისტემა? რას მოიტანს ჩემპიონატის რვა-რვა გუნდად დაყოფა?
უცნაურობებს მოჰყვა ის, რომ რამდენიმე გუნდმა ისეთი ორგანიზაციის შექმნა განიზრახა, კლუბთა ინტერესებს რომ
ვინც თანხმობა უნდა გასცეს, იმდენი ჭკუაც აქვს, მიხვდეს, რომ სოლიდარობა ძალიან დიდი ძალაა. საქართველოს პირველად რომ ესტუმრა ლენარტ იუჰანსონი, თქვა კიდეც, უეფა ისეთი ორგანიზაციაა, ერთიანობის და სოლიდარობის პრინციპზე რომ დგასო. მაშინ ალბათ რთული იყო, კარგად განგეჭვრიტა ეს სიტყვები, რადგან ჩვენ ქვეყანას სულ სხვა პრობლემები ჰქონდა.
ახლა ისეთი დროა, სოლიდარობას ჩვენთან დიდი ფასი რომ დაედო, რადგან სოლიდარობის ძალიან ეშინიათ. უწყებრივი კლუბების მოზღვავება სოლიდარობის რისკს მინიმუმამდე ამცირებს და ფეხბურთზე ტოტალურ კონტროლს აძლიერებს. მაშ, როგორღა უნდა განვითარდეს საქართველოს ჩემპიონატი? ლამაზ ოფისში ამაზე კი ფიქრობენ, მაგრამ იქაც ისეა, რომ ზოგს მხოლოდ ფიქრის უფლება აქვს და მეტი არაფრის.
საფეხბურთო კლუბი კი გრძელვადიანი პროექტია. ძალიან კარგია, უწყებრივი კლუბები რომ მოფულიანდნენ, ოღონდაც მხოლოდ ფული საკმარისი ვერ იქნება - გრძელვადიან პროექტებს ის პრინციპიც სჭირდება, იუჰანსონი რომ ამბობდა და მაშინ ნაკლებად მნიშვნელოვანი, ეტიკეტური რამე გვეგონა.
ჩემპიონატის განახლება გულს უხარია. ჩვენი ჩემპიონატი არ არის ფუყე, ბევრი ნიჭიერი და საინტერესო ადამიანი იყო და არის ამ საქმეში. საქართველოს ჩემპიონატს აქვს თავისი ისტორია და ეს ყოველთვის აძლიერებს იმ მონატრებას, რაც ახლაც არის. შესაძლოა, ცოტა პათეთიური იყოს, მაგრამ ჯერ კიდევ გოეთე ამბობდა: საუკეთესო, რასაც ისტორია გვაძლევს, ენთუზიაზმიაო.
* * *
ფეხბურთს სოლიდარობის გარდა ძლიერი პარტნიორებიც უნდა ჰყავდეს. სახელმწიფო ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, მაგრამ არის კიდევ ერთი, სასიცოცხლო მნიშვნელობის პარტნიორიც - მასმედია.
რამდენიმე წლის წინ საფეხბურთო კლუბ "ამერის" მფლობელმა და იმავდროულად სპორტული გაზეთის, "სარბიელის" გამომცემელმა ზურაბ ფოცხვერიამ თქვა, საქართველოში მედია ფეხბურთის სუსტი პარტნიორიაო.
ვფიქრობ, მართალი იყო ფოცხვერია და ეს დღეს რომ ეთქვა, კიდევ უფრო მართალი იქნებოდა.
საქართველოში მედია-ბაზარი ძალიან პატარაა და შესაბამისად ძალიან ძნელია ღონიერი მარკეტინგული ქსელის შექმნა. გაზეთში მუშაობაც ეგეთია, თუ საქმე ძალიან არ გიყვარს, სხვა რამ ვერ დაგაკავებს. მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ჟურნალისტიკა ხელობაა და არა მხოლოდ რაღაცის დამტკიცების საშუალება. ხელობა კი ის არის, იმუშაო და ღირსეულად იცხოვრო.
ტელევიზიებში ამ მხრივ უკეთ უნდა იყოს საქმე. ელექტრონული მედია ჩვენთან გაცილებით ძლიერი მანქანაა, ტელევიზორის საშუალებით შესაძლებელია, რომ მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილი ტელევიზორში აცხოვრო. ამ ეფექტური იარაღის ამოქმედებას ბევრად დიდი ფული ჭირდება, ვიდრე გაზეთის დაქოქვას.
ახლახან იყო, "ლელომ" რომ დაწერა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად ალექსანდრე ჩივაძე ინიშნებაო. ეს ამბავი ტელეარხებმაც აიტაცეს, ოღონდაც მათმა უმეტესობამ, ჩივაძის დანიშვნა საკუთარ ინფორმაციად გაასაღა.
ჟურნალისტური კოლეგიალობა, ადამიანური ურთიერთობები, ელემენტარული პატივისცემა... სახელი თუ ზუსტად ვერ შევურჩიე მომხდარს, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენთან ზუსტად არც კი იციან, რა რა არის.
ტელეჟურნალისტი ფულის გამოძალვის გამო ციხეში ჩასვეს, გამოვიდა იქიდან და ისევ ჟურნალისტობს.
ტელეჟურნალისტი ასლან აბაშიძის მომხრე იყო, მაგრამ მაინც ჟურნალისტად დარჩა, მერე პარლამენტარიც კი გახდა.
დიდად წარმატებულმა ტელეჟურნალისტმა ქალბატონმა ზიგმუნდ ფროიდზე თქვა, ეს ის კაცია, სექსუალურ პრობლემებზე რომ წერდაო, ანუ ფროიდი სექსოპათოლოგი ეგონა...
* * *
ამასობაში ზუგდიდის "ბაიას" ყოფილი ფეხბურთელი ჩისამბა ლუნგუ აფრიკის ჩემპიონი გახდა და დაგვანახა, რომ ჩვენი ჩემპიონატი პატარა ტრამპლინი არ არის.
სანაკრებო ბატალიებიც ახლოვდება, ათი დღეში ეროვნული გუნდი ალბანეთს დაუხვდება.
ფეხბურთის ხმებმა სულ სხვანაირი მონატრება იცის, კაცის ბუნების არსიც მოძრაობა უნდა იყოს.
ხვალიდან ქართულ მოედნებზე ბურთი გაგორდება...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ამიტომ ვართ ესეთ დღეში ყველა სფეროში არამარტო ფეხბურთში რო არავინ თავის საქმეს არ აკეთებს,წერე რა შე კაი კაცო ფეხბურთის ძირეულ პრობლემებზე და შეეშვი ამ პოლიტიკურ ქვეტექსტებს!