მსაჯთა საფიხვნო: ტურმა მშვიდობიანად ჩაიარა

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის გასულმა ტურმა განსაკუთრებული ვნებათაღელვის გარეშე ჩაიარა. იყო დაძაბული მატჩები და მოულოდნელი შედეგები, თუმცა ამჯერად მსაჯთა მიმართ განსაკუთრებული პრეტენზიები არავის გამოუთქვამს.

ყველა თანხმდება იმაში, რომ მსაჯების რაიმე არასწორ გადაწყვეტილებას შეხვედრათა შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. ამიტომაც საკამათო ეპიზოდების დეტალური განხილვით თავს აღარ შეგაწყენთ და ვიმედოვნებთ, რომ მსაჯების შეცდომები მომავალშიც მინიმალური იქნება.

მათი გადაწყვეტილებების განხილვა შემდეგი ტურისთვის გადავდოთ, ქვემოთ კი მოკლედ იმ პრობლემას შევეხოთ, რამაც მსაჯთა მზადების გრაფიკში იძულებითი კორექტივები შეიტანა. ალბათ მიხვდით, რომ უამინდობას ვგულისხმობთ.

დიდთოვლობამ მხოლოდ კლუბები კი არა,
მსაჯებიც შეაფერხა. სეზონის განახლებამდე მათი ტესტირება უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ უამინდობამ ეს შეუძლებელი გახადა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილება მხოლოდ სემინარით შემოიფარგლა. თუმცა უმაღლესი ლიგის მსაჯები ნორმატივებს მაინც ჩაატარებენ – დღეს და ხვალ, "დინამო-არენის" სარბენ ბილიკებზე. უახლოეს დღეებში ტესტირება და სემინარი პირველი ლიგის მსაჯებსაც ელით.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი, რომელიც 29 თებერვალს უნდა გამართულიყო და დავით ხარიტონაშვილის ბრიგადას უნდა ემსაჯა, 10 მაისისთვის გადაიდო, თუმცა მას მაინც ხარიტონაშვილი გაუძღვება.

რამდენიმე დღეში ანთალიაში ყაზახეთისა და ლატვიის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ამხანაგურად შეხვდებიან. ამ მატჩის არბიტრი ლაშა სილაგავა იქნება.

მარტის ბოლოს თბილისი ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის ერთ-ერთ ჯგუფს უმასპინძლებს, სადაც ქართველი მსაჯები მეოთხე მსაჯის ფუნქციებს შეასრულებენ, რითაც დამატებით გამოცდილებას შეიძენენ. დიდი ალბათობით, 17 და 19-წლამდელთა ელიტრაუნდის სხვა ჯგუფებში რამდენიმე ქართველ მსაჯს მიიწვევენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული