პირველად ამიერკავკასიაში - სფფ უეფას სემინარს მასპინძლობს

AutoSharing Option
22 თებერვალს თბილისში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება დაიწყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას ეგიდით გამართულ სემინარებს მასპინძლობს, რომლის მთავარი თემებიც საკლუბო ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-პლეის საკითხებია. სემინარები სასტუმრო "რედისონში" მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სემინარები პირველად ტარდება როგორც საქართველოში, ასევე, მთლიანად, ამიერკავკასიაში. სემინარებს გაუძღვებიან უეფას ლიცენზირებისა და ფეარ-პლეის განყოფილების უფროსი ანდრეა ტრავერსო და უეფას ფინანსური ფეარ-პლეის მენეჯერი ფილიპ რასმუსენი. თბილისს უეფადან სხვა ოფიციალური პირებიც ეწვევიან.

უეფას სემინარებში მონაწილეობის მისაღებად თბილისს აზერბაიჯანის, სომხეთის, ბოსნიის, ბელარუსის, ბულგარეთის, ესტონეთის, ყაზახეთის, ლიტვის, ლატვიის, მოლდოვის, მაკედონიის, ჩერნოგორიის, პოლონეთის,
სერბეთისა და უელსის წარმომადგენლები ეწვევიან, რომელთა შორისაც უმეტესად ლიცენზირების მენეჯერები და ფინანსური ექსპერტები იქნებიან. ზემოთ ნახსენებ ქვეყნებში საკლუბო ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-პლეის სემინარები ყოველწლიურად ტარდება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც მასში მუდმივად მონაწილეობენ.

სფფ-ს დიდი ხანია, ჰქონდა სურვილი, საქართველოც გამხდარიყო ამ ღონისძიების მასპინძელი და ჩვენს ფედერაციაში მნიშვნელოვან ფაქტად მიიჩნევენ იმას, რომ უეფამ სწორედ ჩვენ მოგვანიჭა მასპინძლობის უფლება. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საქართველოში ოფიციალური თანხმობა გასული წლის შემოდგომაზე გამოგზავნა და სფფ-ში მოსამზადებელი სამუშაოები მაშინვე დაიწყო.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ სემინარების ფარგლებში უეფას ექსპერტები ერთ სამუშაო შეხვედრას საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კლუბების წარმომადგენლებთანაც გამართავენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაგეგმილი აქვს მცირე კულტურული პროგრამაც - სემინარის მონაწილეები დაათვალიერებენ თბილისს და მოინახულებენ ეროვნულ მუზეუმს.

სფფ-ის ლიცენზირების განყოფილების ხელმძღვანელი ბაქარ ჟორდანია მიიჩნევს, რომ ასეთი მასშტაბის ღონისძიების თბილისში ჩატარება იმ მხრივაცაა მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ ჩვენი ფედერაცია მსგავსი ღონისძიებების ჩატარების გამოცდილებას შეიძენს და სამომავლოდ არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის მასპინძლობას შეძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული