ერთი კვირის ათასი წვრილმანი: ბურთი არის კიტრი, არის მწვანე და იჭმევა

AutoSharing Option
29 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ მატჩს ითამაშებს, მეტოქე ალბანეთია, ჩვენთვის კარგად ნაცნობი და რაღაცით მსგავსი.

საქართველო ალბანეთს მაშინაც ეთამაშა, ჩვენს ნაკრებს კლაუს ტოპმიოლერი რომ წვრთნიდა, მაშინაც ამხანაგური შეხვედრა იყო, ოღონდ ტირანაში. როგორც ჟურნალისტს, მეც მომიწია იმ თამაშზე წასვლა ალბანეთის დედაქალაქში.

ტირანას აეროპორტი სიდიდით ჩვეულებრივი სუპერმარკეტის ხელა იყო. ჩავედით თუ არა, იქაური სპეცსამასახური გერმანული ნაგაზებით დაგვხდა, ოთხფეხა მეგობრები ქართველთა ჩანთებს საგულდაგულოდ ყნოსავდნენ. დახვედრა მართლაც საშიში გამოუვიდათ მასპინძლებს. აეროპორტის აურაც გვეუცნაურა არამხოლოდ ნაგაზების გამო, თითქოს ენვერ ხოჯას სული ტრიალებდა იქ.

გზა აეროპორტიდან ქალაქამდე ისეთი იყო, ორი ავტობუსი გაჭირვებით რომ აუქცევდა გვერდს. გზის პირას შეხვდებოდით შინაურ ფრინველებს, ცხოველებსა და მწყემსებს.
ტირანაში სახელმწიფო დაწესებულებების შენობათა სახურავზე ავტომატიანი ხალხი იდგა.

ტაქსისტების უცხო ენა - იტალიური, მგზავრობა კი თბილისურ ფასებზე იაფი. ბრენდულ სასტუმროებში მომსახურება უმაღლეს დონზე იყო, იქაურ "შერატონს" კი რატომღაც გალავნისმაგვარი ჰქონდა შემორტყმული ცალ მხარეს.

ხალხთან გამოლაპარაკება პრობლემა არ იყო, ქართველებს გვიცნობდნენ, შუაგულ ევროპაში ჩვენ ერთნაირად გვიყურებენო, ამბობდნენ ალბანელი ბიჭები და იცინოდნენ.
სკანდერბეგის ძეგლთან ვალუტის გადამცვლელები იდგნენ, რასაც პატარა სიხარული მოჰქონდა - ჩვენთვის ეს უკვე უკანმოტოვებული რამე იყო.

დედა ტერეზას ძეგლი თითქოს ობლად იდგა, ტურისტი ტირანაში ძვირი სანახავი გახლდათ და დედა ტერეზას ქანდაკებასაც თითქოს აქტუალურობა დაეკარგა.

იმ სტუმრობიდან ძალიან მალე, 2009 წელს ალბანეთი ნატოში მიიღეს. ალბანეთი ალბათ სხვა რაღაცით იყო ჩვენზე წინ და იმიტომ. მაგალითად, ჰანს-პეტერ ბრიგელი რომ დაინიშნა ალბანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად, საჯაროდ ითქვა, ხელფასი თვეში 17 ათასი ევრო ექნებაო. ჩვენთან კი ასეთი ინფორმაციის გამოქვეყნება დღესაც მიუღებელია.

საქართველო და ალბანეთი - უინტერესო თემა არ უნდა იყოს, საფეხბურთო თვალსაზრისითაც მდარე საკითხი ვერ იქნება, თუნდაც ის რად ღირს, რომ სწორედ ალბანეთთან მატჩებში იყო ჩვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მერაბ ჟორდანია, ვინც მაშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც გახლდათ.

* * *
თემურ ქეცბაიას ამოცანა სხვანაირი გახდა. სამი წლის წინ საქართველოს ნაკრებში ის სხვის გაფუჭებულ საქმეზე მოვიდა მწვრთნელად, ახლა კი თავისივე დაწყებული საქმე უნდა გამოასწოროს.

მას ძველებური ავანსები აღარ აქვს, გულშემატკივრის მხრიდანაც აღარ არის უწინდელი ეიფორია, ქეცბაია მხსნელი ვერ გამოდგა და ხელახლა უნდა გვიჩვენოს, რისი გაკეთება შეუძლია ამ პოსტზე.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა განსაკუთრებულად რთულია, რადგან ვითარებაა ასეთი - ფეხბურთს ის ხალხი მართავს, ამ საქმეში გამოცდილებას ახლა რომ იღებს. სხვა დროს სხვანაირად კი იყო და ნაკრებს შედეგი არც მაშინ ჰქონდა.

საქართველოს ეროვნულ გუნდს გასაღები ჯერ ვერავინ ვერ მოარგო, ეს ქეცბაიასაც არ გამოუვიდა პირველ ცდაზე და რადგან მეორე შანსიც მისცეს, შეფასებებიც უწინდელზე მკაცრი იქნება.

ყველას აინტერსებს, ალბანეთთან ითამაშებს თუ არა ლევან ყენია, როგორ ფორმაშია ის და რა პირი უჩანს მის კარიერას.

ყოველთვის საინტერესოა, როგორ წარმოაჩენენ თავს ნაკრების დებიუტანტები. ირაკლი ძარიას ზონების შევსებაში ძნელად თუ მოეძებნება კონკურენტი ქართულ გუნდებში და ვნახოთ, რას მოახერხებს სანაკრებო დონეზე.

მამუკა კობახიძე ის მცველია, დიდი პერსპექტივა რომ უჩანს.

საინტერესო სხვაც ბევრია, თუნდაც ის, რამდენი გულშემატკივარი მოვა სტადიონზე.

ეროვნული ნაკრების თამაში ზეიმი უნდა იყოს, მაგრამ არა ისეთი, უფასოდ რომ დაესწრო. ასეთ პოპულისტურ გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, კარგი არაფერი მოაქვს, დაბალ საფეხბურთო კულტურას ჰგავს ეს ყველაფერი. ეროვნული ნაკრების თამაში არ უნდა გაუფასურდეს - შესაძლოა, კატეგორიულადაა ნათქვამი, მაგრამ არგუმენტიც ხომ ხელის გულზე გვიდევს.

* * *
26 თებერვალს ეროვნული ჩემპიონატის ტურია. ყველაზე საინტერესო ახლა ის არის, ვინ მოხვდება ზედა რვა გუნდში. სხვათა გარდა, ამის შანსი ხმამაღლად მოღონიერებულ გორის "დილასაც" აქვს.

წინა ტურში "დილა"-"მეტალურგი" გადაიდო, მიზეზად კი ეს დასახელდა - 29 თებერვალს საქართველო-ალბანეთია და მიხელ მესხის სახელობის სტადიონის მინდორი კარგ კონდიციაში უნდა იყოსო.

ზოგადად, ყველაფრის გამართლება შეიძლება, კაცი რომ კაცს კლავს, მიზეზს მაშინაც მოიგონებს. ისიც კი ითქვა, "დილა"-"მეტალურგის" ჩასატარებლად ხელოვნურსაფრიანი მოედნის დაქირავებაც გაჭირდაო.

"დილა" შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდია და როგორ გგონიათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დისიდენტი პრეზიდენტი მართავს?

მალე შეიძლება ისიც გვითხრან, რომ ბურთი არის კიტრი, არის მწვანე და ის იჭმევა. ესეც უნდა დავიჯეროთ, რადგან ასე მოიტანა ამ ცხოვრებამ.

"დილას" ეს თამაში რეზერვში დარჩება, ეს კი რვა საუკეთესო გუნდში მოსახვედრად მებრძოლ კონკურენტებთან პატარა უპირატესობა ვერ იქნება. "დილამ" დრო მოიგო, დროს მოგება კი ცოტა არ არის.

ვაგლახ, რომ ყოველივე ეს ნამდვილი ამბავია და არ ჰგავს უხრწნელი ქალწულის სუფთა სიზმარს.

ვაჟა სიმონიშვილის კარიკატურა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
შსს ფეხბურთში სუფთა ხელებით და უმწიკვლო რეპუტაციით მოვიდა. დიდი მადლობა პარტიას მორიგი ბრძნული გადაწყვეტილებისთვის! პარტია ჩვენი მესაჭეა და ვისაც არ მოგწონთ, საით მივდივართ, ჩაბრძანდით! ჩაბრძანებულების პროცენტული წილით პირველ ადგილზე ვართ ევროპაში:)
dudu
12:51 26-02-2012
0
წამრმატებებს ვუსურვებ ქეცბაიას და საქართველოს ნაკრებს!!!! მუდამ გამარჯვება მოეტანოთ! მაგრამ ერთი რამ არ მესმის: როცა ნაკრების მწვრთნელიც ქართველია, არ შეიზლება ხელფას-ანაზღაურება გამჭვირვალე იყოს??? თუ მართლაც და იმბოლურ ფასად მუშაობს, როგორც პატრიოტი, მით უმეტეს არ უნდა ვიცოდეთ? და თუ მართლაც და 7 ნიშნა ციფრზეა საუბარი, აქაც არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ თქვით რაღა დალოცვილებო!!! არ უნდა ვიცოდეთ, რა და როგორი მომთხოვნი უნდა ვიყოთ? თუ გულშემატკივართა აზრი და არსებობა საერთოდ არ გაინტერესებთ???
დევიდ აირონს
21:23 25-02-2012
0

სიახლეები პოპულარული