"ზესტაფონის" ლაზარეთი ცარიელდება

AutoSharing Option
"ზესტაფონისა" და "სპარტაკის" მატჩში, რომელიც კვირას დიდთოვლობის გამო ვერ ჩატარდა და 2 მარტისთვის დაინიშნა, შესაძლოა, მასპინძელთა რამდენიმე ისეთმა ფეხბურთელმა მიიღოს მონაწილეობა, რომლებსაც ტრავმების გამო კვირას თამაშის შანსი არ ჰქონდათ.

უპირველესად, ეს ჯაბა დვალზე ითქმის, რომელსაც არცთუ სერიოზული ტრავმის გამო ჩემპიონატის საწყისი ორი მატჩი გაუცდა. იგი უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და სავარაუდოდ, "სპარტაკთან" მოედანზეც გავა. ეს კი "ზესტაფონის" შემტევ პოტენციალს საგრძნობლად გააძლიერებს. გუნდთან ერთადაა თემურ ღონღაძეც, რომელმაც წინა ტურში "ბაიასთან" შინ ჩატარებული მატჩი სიცხის გამო გამოტოვა.

საწვრთნელ პროცესს
დაუბრუნდნენ თორნიკე აფციაური და გიორგი ხიდეშელი, თუმცა მათი "სპარტაკთან" თამაში ნაკლებად მოსალოდნელია. შეგახსენებთ, ორივე ესპანურ შეკრებაზე დაშავდა. ხიდეშელს მძიმე ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი უკვე გავლილი ჰქონდა, როცა ექიმებმა კიდევ ერთთვიანი დასვენება ურჩიეს.

აფციაურისა და ხიდეშელის მსგავსად, ინდივიდუალური პროგრამით მზადებას განაგრძობს ნიგერიელი ახალწვეული აბაიომი ოვონიკოკო და არც მისი მოედანზე დაბრუნების დღეა შორს.

საქართველოს ჩემპიონთა შემადგენლობაში ამჟამად მხოლოდ ორი ფეხბურთელი ვერ ვარჯიშობს - ალექსი ბენაშვილი და შოთა ბაბუნაშვილი ესპანეთში დაშავდნენ, თუმცა უახლოეს პერიოდში თამაშს ისინიც შეძლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული