- რა გააწყალეთ გული ამ ნახევარსიმართლით? ბოლომდე რატომ არ ამბობთ სათქმელს?
- იმიტომ, რომ უტყუარი ფაქტები გვჭირდება, არც მწვრთნელი, არც ფეხბურთელი და არც მოხელე საინტერვიუდ სიმართლეს ბოლომდე არ ლაპარაკობს.
- აბა, რა უნდა ვქნათ?!
- რჩევების მიცემა ჩვენი საქმე არ არის.
- სტადიონზე აღარ უნდა ვიაროთ?
- ისევ რჩევას მეკითხები...
- გაზეთს აღარ წავიკითხავ!
- შესაძლოა, წიგნების კითხვა ჯობდეს, ისე, წიგნსაც გააჩნია...
- ჰო, იქნებ ლექციაც წაგვიკითხოთ ფეხბურთის პროფესორებო.
- არა, არც ესაა ჩვენი საქმე.
- საერთოდ რა
- საზოგადოებისთვის პოზიტიური როლის შესრულება.
- ეგ რაღაა?
- თუნდაც ნახევარსიმართლის წერა.
- მაშინ კაცურად მითხარი, - ქეცბაია მაგარი მწვრთნელია?
- ვფიქრობ, ამ კითხვას მისმა დამნიშნავმა უნდა უპასუხოს.
- აი, ასეთები ხართ ეს ვითომ პროფესორი ჟურნალისტები, თავს არიდებთ კონკრეტიკას, სულ იოლად გამოძრომას ცდილობთ...
- მთლად მასეც არ არის საქმე, მაგალითად, ბევრი რამის გამოცნობა შეგვიძლია.
- მაგალითად?
- წლეულს საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" გახდება.
- თასს ვინ აიღებს?
- რა თქმა უნდა, გორის "დილა"!
- მაგარია! ბილეთის შევსებაშიც ხომ ვერ დამეხმარები?
- არა, ეს უკვე მეტისმეტი იქნება.
- "დინამოზე" რას გვეტყვი ახალს და საინტერესოს?
- "დინამოდან" საფრთხე აღარ არის, "დინამო" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აღარ აპირებს, ესპანური პროექტის ჩაფლავების შემდეგ ეს საქმეც შეჩერებულია. "დინამო" ამ სეზონში მეორე ადგილზე გავა.
- არა, ეს ნახევარსიმართლე კი არა, რაღაც აბდაუბდაა.
- რას ვიზამთ, შეცდომის უფლება ჩვენც გვაქვს.
- საქართველოს ჩემპიონატი მოგწონს?
- ძალიან.
- მაინც რა მოგწონს მასში?
- ბევრი კარგი თამაშია, საქართველოში ახლა არც თუ ცოტა კარგი ფეხბურთელი თამაშობს.
- ყველაზე ლამაზად ვინ თამაშობს?
- არ ვიცი.
- თქვენგან ხომ კაცი სიმართლეს ვერ გაიგებს, მარტივ კითხვაზეც კი არ გაქვთ ზუსტი პასუხი...
- იცი, რატომ?
- რატომ?
- იმიტომ, რომ სილამაზე ფაქიზი ნიუანსების სამყაროა.
- ქართული ფეხბურთი რაღაა?
- განსაკუთრებული არაფერი, კარგი და ცუდი ნიუანსების სამყარო.
- უბრალო ხალხზე თქვენც არ ფიქრობთ, გულრწფელად გეუბნებით, რომ არ მომწონხართ ეს ვითომ ჟურნალისტები!
- რა გაეწყობა, ხალხს ლარი ფლინტიც არ უყვარდა, მაგრამ ყურებზე ხახვი ვერ დააჭრა.
- ისევ დამიწყე პროფესორობა...
- ნაკრების თამაშზეც აღარ წახვალ?
- შესვლა ისევ უფასო იქნება?
- საქართველოს ნაკრებს ისევ ეყოლება ნიჭიერი ფეხბურთელები.
- ეს ზოგადი, რაღაც უმნიშვნელო ლაპარაკია.
- არსებობენ კი უმნიშვნელო რაღაცეები?..
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"