Georgia-Azerbaijan EURO 2020 - რა შანსი გვაქვს?

AutoSharing Option
7 მარტს აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მეზობელი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობისთვის უეფაში განაცხადს წარადგენს.

ამ ინფორმაციამ, ბუნებრივია, როგორც ქართველ, ისე აზერბაიჯანელ გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

რა შანსი ექნება უეფაში ჩვენს განაცხადს და რამდენად შესაძლებელია 8 წლის შემდეგ ევროპის საფეხბურთო პირველობას ვუმასპინძლოთ, საკმაოდ ვრცელი თემაა, რომელზე სჯა-ბაასიც ჯერ ახლა იწყება.

საინტერესო უნდა იყოს, რას ფიქრობენ ჩვენი მეზობლები ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე. საიტმა azerisport.com-მა "ევრო 2020"-ის ამ
ორ სახელმწიფოში გამართვის შესაძლებლობა შეაფასა.

- ეს მოსალოდნელი იყო და ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მეჯლისში გამოსვლისას განაცხადა კიდეც.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩატარების სურვილი ვინმეს შესაძლოა გადამეტებულად მოეჩვენოს და არცთუ უსაფუძვლოდ: ამ დროისთვის არც საქართველო და არც აზერბაიჯანი, არც ცალკე და არც ერთობლივად, ამ დონის შეჯიბრის მასპინძლობისთვის მზად არ არიან.

თუმცა წინ კიდევ 2 წელია (ევრო 2020-ის მასპინძელს უეფა 2014 წელს გამოავლენს), რომლის განმავლობაშიც კავკასიურ სახელმწიფოებს საშუალება ექნებათ, "ბებერი კონტინენტი" თავიანთი განაცხადის მიზანშეწონილობაში დაარწმუნონ.

და როგორია უეფას მინიმალური მოთხოვნები? მოდით, ჯერ სტადიონებზე ვთქვათ. ევროპის საფეხბურთო კავშირი კანდიდატებისგან, მათ განკარგულებაში ორი 50 000-იანი, სამი 40 000-აინი და ოთხი 30 000 მაყურებლის ტევადობის მოედნის ქონას ითხოვს.

ბაქოს ოლიმპიური სტადიონი (80 000 მაყურებელი), რომელიც მზად 2015 წელს იქნება და თბილისის "ბორის პაიჭაძე" (55 000) "პირველი რანგის სტადიონების" ნორმებს აკმაყოფილებენ.

"ტოფიკ ბახრამოვი" ბაქოში და "მიხეილ მესხი" თბილისში ასევე დაიტევენ 30 000 გულშემატკივარს, თუმცა აქ უკვე უნდა შევჩერდეთ. ცხრა აუცილებელი მოედნიდან მხოლოდ ოთხი გვაქვს, დანარჩენებს ან რეკონსტრუქცია უნდა ჩავუტაროთ, ან თავიდან ავაგოთ.

აღარაფერს ვამბობთ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის მოსურნე ქვეყნებში მაგისტრალების, საზღვაო პორტებისა და სარკინიგზო სადგურების, ასევე აეროპორტებისადმი წაყენებულ მაღალ მოთხოვნებზე. მოკლედ, თუკი საქართველოსა და აზერბაიჯანს თავიანთი განაცხადით ევროპის მოხიბვლა მართლა სურთ, მუშაობა ამ მიმართულებითაც ახლავე უნდა დაიწყონ.

ახლა მასპინძლობის მოსურნე ქვეყნების სპორტული შედეგებიც გავითვალისწინოთ, რომელსაც უეფა ყურადღებას აქცევს.

ორი ქვეყნის მიერ ევროპის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობის უფლება პირველად 2000 წელს ჰოლანდიამ და ბელგიამ მიიღეს. ჰოლანდიის ადგილზე მსოფლიო ფეხბურთში არაფერს ვიტყვით, აი, ბელგიას კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ სტადიებზე არცთუ იშვიათად უასპარეზია.

2008 წლის ჩემპიონატი ავსტრიამ და შვეიცარიამ მიიღეს, რომელთა ნაკრებები ევროპულ ფეხბურთში "საშუალოდ" სამართლიანად ფასდება. 2012-ში კი ეს პატივი ასევე "არასუსტ" პოლონეთსა და უკრაინას ერგოთ.

ამ ქვეყნების ნაკრებების ფონზე საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნული გუნდები არცთუ წარმოსადეგნი არიან და ერთსაც და მეორესაც შედეგების გაუმჯობესება აუცილებლად მართებთ.

არის კიდევ ერთი გასათვალისწინებელი წესი: ევროპის ჩემპიონატის ქვეყანა-ორგანიზატორი საომარ მდგომარეობაში არ უნდა იმყოფებოდეს... ყარაბახის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემები კი ჩვენ ჯერაც გადაუჭრელი გვაქვს.

სხვათა შორის, საინტერესო დეტალია: შარშან გერმანულ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომ "ევრო 2020"-ის ერთობლივად მასპინძლობაზე განაცხადს საქართველო, აზერბაიჯანი და.. სომხეთი ამზადებდნენ. მიუხედავად "კავკასიური" განაცხადის მთელი ეგზოტიკურობისა, ის აბსურდულია, რადგან სამიდან ორ პოტენციურ მასპინძელ ქვეყანას (აზერბაიჯანსა და სომხეთს) ერთმანეთში დიპლომატიური კავშირიც კი არ აქვთ.

რაც შეეხება ქართულ-აზერბაიჯანული განაცხადის მოცილეებს, ამ დროისთვის ასეთი შვიდია: ბელგია, ბოსნია/ხორვატია/სერბეთი, ჩეხეთი/სლოვაკეთი, რუმინეთი/ბულგარეთი, ჰოლანდია, ირლანდია/შოტლანდია/უელსი და თურქეთი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული