ლადო ვარძელაშვილი: თბილისი, ქუთაისი და ბათუმი ევრო 2020-ის მიღებას შეძლებს

AutoSharing Option
"საქართველოსა და აზერბაიჯანს ერთობლივად უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ 2020 წელს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ნებართვა მიიღონ" , - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით, საჭიროა სპორტული კონცეფციის შექმნა და პრეზენტაცია. როგორც ვარძელაშვილმა აღნიშნა, უახლოეს ორ კვირაში სტამბულში დაგეგმილ უეფას კონგრესზე გადაწყდება, თუ როდიდან დაიწყება განაცხადების მიღება "ევრო 2020"-ის მასპინძლობასთან დაკავშირებით.

მინისტრის აზრით, ის ქვეყნები, რომლებიც ასევე პრეტენზიას აცხადებენ 2020 წელს ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის სერიოზული კონკურენტები
არიან.

"საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად წარადგენენ 2020 წლისთვის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით განაცხადს.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანს იმიტომ შესთავაზა ერთობლივი განაცხადის წარდგენა, რომ ცალ-ცალკე ჩემპიონატის მასპინძლობის შანსი უფრო მცირე იქნებოდა. ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული, რომ მაქსიმალურად ხარისხიანად და სწრაფად ჩატარდეს ის სამუშაოები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის ჩატარებისთვის ქვეყანაში არის საჭირო.

უეფას კრიტერიუმები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. სავარაუდო ქალაქები კი, სადაც 2020 წლისთვის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, იქნება - თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. ეს სამი ქალაქი მსგავსი თამაშების გამართვისთვის მოთხოვნებს 2020 წელს სავსებით დააკმაყოფილებს", - განაცხადა ლადო ვარძელაშვილმა.

7 მარტს აზერბაიჯანის მილი-მეჯლისში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობის შესახებ უეფაში განაცხადს შეიტანენ.

უეფამ "ევრო 2020"-ის მასპინძელი ქვეყანა 2014 წელს უნდა დაასახელოს.

იხილეთ ვიდეო

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ამ ტიპს როცა ვხედავ მინდა ხოლმე/.. ვინც შენ მაგ თანამდებობაზე დაგნიშნა ნეტა იმის თავში ჩამახედა რაა
Gocha
16:46 08-03-2012
0

სიახლეები პოპულარული