რა მოთხოვნების დაკმაყოფილებაა აუცილებელი?
შარშან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თბილისში 2012 ან 2013 წელს ევროპის ლიგის ფინალის ჩატარების სურვილი რომ გამოთქვა, უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა: "თქვენი მონდომება ძალიან დიდია და მე მას ვაფასებ, მაგრამ აუცილებლად უნდა შეიქმნას საჭირო პირობები".
ცხადია, ბევრად მაღალ მოთხოვნებს უყენებენ ევროპის ჩემპიონატის მსურველ კანდიდატებს.
სტადიონები
უეფა კანდიდატებისგან მინიმუმ 8 ელიტ-კატეგორიის სტადიონის წარდგენას ითხოვს: გახსნისა და ფინალური მატჩები
სტადიონზე უნდა იყოს მინიმუმ 24 სატელევიზიო კამერის განსათავსებელი ადგილი, რომლითაც ტურნირის მაღალ დონეზე ჩვენება იქნება გარანტირებული. უცილებელია ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვა. თითოეულმა ქვეყანამ მინიმუმ 4 სტადიონი უნდა წარადგინოს, ერთიც - სარეზერვო.
ბაზები
ჯერ უცნობია, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე რამდენი გუნდი ითამაშებს. დღევანდელი რაოდენობაც (24) რომ არ გაიზარდოს, საქართველოსა და აზერბაიჯანს 12-12 გუნდის მასპინძლობა მოუწევთ. თითოეულ გუნდს უნდა ჰქონდეს სავარჯიშო სტადიონისა და მოედნის არჩევის საშუალება. თანაც ყველა ელიტ-კატეგორიის უნდა იყოს.
თბილისის "დინამოს," ეროვნული ნაკრების, "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" ბაზები, - ძალიან მალე ეს ბაზები ელიტ-კატეგორიის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
სასტუმროები
ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნები დაახლოებით 3-იდან 5 მილიონამდე ტურისტსა და სტუმარს მასპინძლობს. უეფას მოთხოვნები კი ძალიან მკაცრია.
სადღეისოდ, თბილისში მაღალი კატეგორიის სასტუმროებია "შერატონ მეტეხი პალასი", "რედისონი", "ქორთიარდ მერიოტი", "თბილისი მერიოტი", "ჰოლიდეი ინი"; მშენებარე და პროექტშია კიდევ რამდენიმე - "კემპინსკი", "ინტერკონტინენტალი", "ჰილტონი". მაგრამ ბათუმში და განსაკუთრებით, ქუთაისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები ჯერჯერობით ცოტაა. ამას გარდა, საჭიროა ბევრი მცირე სასტუმრო, ჰოტელი და B&B-ს ტიპის "სადგომი".
აეროპორტები და ქვეყნის ინფრასტრუქტურა
"მარტო კარგი სტადიონი არ კმარა. ასეთი დონის ფინალის მასპინძლობა აეროპორტიდან იწყება", - მიანიშნა პლატინიმ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მართლაც, საქართველოში განსაკუთრებულად მწვავე პრობლემაა აეროპორტის გამტარუნარიანობა და მომსახურების ხარისხი. მარტო ევროპის ლიგის ფინალის დღეს მინიმუმ 100 ჩარტერული რეისი უნდა შესრულდეს, ევროპის ჩემპიონატის დროს კი გაცილებით მეტი მოგვეთხოვება.
აუცილებელია აეროპორტების, მაგისტრალებისა და ტრასპორტის (საზღვაო პორტებისა და სარკინიგზო სადგურების) მუშაობის გაუმჯობესება. მაგრამ მთავარი კრიტერიუმი მათი ხარისხი იქნება.
"ვიცით, რომ ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობას დავიწყებთ", - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა.
საკანონმდებლო ბაზა
უეფა მასპინძელი ქვეყნისგან საკანონმდებლო ბაზის შესაბამისობაში მოყვანასაც ითხოვს: ტურნირის დროს არ უნდა დაიბეგროს უეფას ეგიდით გაყიდული პროდუქცია (სპორტული ატრიბუტიკა, გამაგრილებელი სასმელები), სარეკლამო ბანერები, შემოსავლები ბილეთებიდან...
სტადიონზე დარღვევისთვის სასჯელიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსთვის მისაღები და ლიბერალური უნდა იყოს. მაგალითად, ბოთლის სტადიონზე სროლისთვის არ უნდა მიესაჯოს თუნდაც ხანმოკლე პატიმრობა.
ერთიც: უეფა მკაცრად ითხოვს სტადიონზე შესვლის დროს გულშემატკივრის გაჩხრეკას. ეს კი, თურმე, ქართული კანონმდებლობით აკრძალულია. ამ ხარვეზის მოგვარება შედარებით ადვილია.
სპორტული მიღწევები
ცხადია, უეფა ყურადღებას აქცევს მასპინძლობის მოსურნე ქვეყნების სპორტულ შედეგებსაც. ამ კუთხით აზერბაიჯანი და საქართველო კონკურენტებს აშკარად ჩამოუვარდება.
ცხადია, თემას აზერბაიჯანშიც აქტიურად განიხილავენ: ევრო 2020-ის მასპინძელს უეფა 2014 წელს გამოავლენს. მანამდე კი მეზობელ კავკასიურ სახელმწიფოებს საშუალება ექნებათ, "ბებერი კონტინენტი" თავიანთი განაცხადის მიზანშეწონილობაში დაარწმუნონ.
ისევ დაწყევლილი პოლიტიკა
უეფა მასპინძლის შერჩევისას ყურადღებას პოლიტიკურ ფაქტორსაც აქცევს: მასპინძელი საომარ მდგომარეობაში არ უნდა იმყოფებოდეს. სამწუხაროდ, ჩვენთვის აფხაზეთ-სამაჩაბლო, აზერბაიჯანისთვის კი ყარაბახი ჯერაც მოურჩენელი ტკივილებია. რუსეთი ამ შემთხვევაშიც ჩვენი განაცხადის მინუსია... სამწუხაროდ, "გაზპრომი" ყველგან ანათებს.
გარანტიები
უეფაში მხოლოდ კანდიდატურის წარდგენა არ არის საკმარისი. საამისოდ სავალდებულოა, აზერბაიჯანმა და საქართველომ უეფაში წარადგინონ მყარი სამთავრობო ფინანსური და ყველა ზემოხსენებული მოთხოვნების შესრულების გარანტიები. ყველაფერი კი უნდა მოესწროს 2014 წლამდე, როდესაც მასპინძელი ქვეყანა გაირკვევა.
გაჯიბრება კი თურქეთთან, ჰოლანდიასთან, ბელგიასთან, რუმინეთ-ბულგარეთთან, ჩეხეთ-სლოვაკეთთან, ბოსნია-ხორვატია-სერბეთთან და ირლანდია-შოტლანდია-უელსთან მოგვიწევს.
ერთხელ უოლტ დისნეიმ თქვა, მთავარია, მთვარეზე მოხვედრას ეცადო და თუ ამას ვერ შეძლებ, ვარსკვლავებს შორის მაინც იტრიალებო. დრო გვაჩვენებს, ვარსკვლავებს შორის მოვხვდებით თუ მთვარეზე. მთავარია, თავად ეს სურვილი ქართულ ფეხბურთს წაადგება.
იმედია, 2014 წლისთვის დღევანდელზე მეტი და უკეთესი სტადიონები, ბაზები, სასტუმროები და ინფრასტრუქტურა გვექნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"