მიხეილ მესხი - ლეგენდა 75 წლისა გახდებოდა

AutoSharing Option
წელს მიხეილ მესხი 75 წლისა გახდებოდა. არ ვიცი, როგორ გავბედო, როგორ გამოვთქვა ის აზრი, რომელიც შეიძლება მკრეხელობად ჩამეთვალოს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რასაც ვგრძნობ - მე ვერ წარმომიდგენია მოხუცი მიშა თეთრი თმა-წვერით შემოსილი.

"სიბერე ბოლშევიზმზე უარესი ყოფილა", - უთქვამს არქიტექტორ ოთარ ბაგრატიონს და ეს მართლაც ასეა. მიუხედავად დროის სვლისა, სიკვდილს რომ გვაახლოებს და გვავიწყებს განვლილ ცხოვრებას, მე მიშა მესხი ისეთივე უცვლელად მიდგას თვალწინ, როცა სრულიად ნორჩი ჭაბუკი ვიხილე და მე სწორედ იმ მიშაზე ვისაუბრებ, რომლის დავიწყება შეუძლებელია.

ვარსკვლავივით ჭაბუკი ღმერთმა
მოგვივლინა და ასეთი წაიყვანა ჩვენგან. გვახსოვს მოსხეპილი ტანადობის ჭაბუკი, რომელიც ბურთისთვის იყო გაჩენილი. როგორ შვენოდა მის გარეგნობას, მის თამაშს, მის სიჩაუქეს სახელი - მესხი! მიშა მესხი, განუმეორებელი ინდივიდუალობის ფეხბურთელი, რომლის გამო სამართლიანად თქვა მსოფლიოს ერთ-ერთმა უძლიერესმა ფეხბურთელმა მურთაზ ხურცილავამ: "ასეთი გარემარბი მე არ მინახავს". არ შეიძლება, არ დაეთანხმო მურთაზ ხურცილავას, რომელიც პლანეტის ბევრი ცნობილი ფეხბურთელის თვითმხილველია.

დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ფეხბურთის მატჩებს ვუყურებთ. განებივრებული ვართ გასაოცარი შეხვედრებით, მაგრამ იყო დრო, როცა ვცდილობდით, ჭურში არ ვმსხდარიყავით და პანტიანში დავდიოდით, უცხოეთის ფეხბურთს რომ გავცნობოდით ხარვეზებით სავსე ცისფერ ეკრანზე, საიდანაც მოისმოდა თურქული კომენტარები.

ასე იყო, ვიდრე ერთ საღამოს იქ ავტომატიანი "ფეხბურთის მოყვარული" მილიციელები არ დაგვხვდნენ და სამუდამოდ არ აგვიკრძალეს შუაღამით ფეხბურთის ყურება, თუმცა სხვა საეჭვო გადაცემებსაც გულისხმობდნენ, ალბათ.

დღეს ყველას შეუძლია ოჯახში უყუროს უცხოეთის გუნდების თამაშს. ცხადია, მეც, მაგრამ ვერ ვიღებ იმ სიხარულს, რასაც ჩვენი "დინამო" და მისი განუმეორებელი ინდივუდუალობის ფეხბურთელები გვანიჭებდნენ (თქვენ გეღიმებათ? ამაოდ!) რაშია საქმე? რატომ გაქრა აღტაცება? შეიძლება იმიტომ, რომ მშობლიური სიმღერა თუ ფეხბურთი გულთან უფრო ახლოსაა? არა მარტო ეს, ჩვენების თამაში სხვა ფეხბურთი იყო. ჩვენ რომ თამაშებს ვუყურებდით, ის იყო ქართული ფეხბურთი. ეს არ იყო ნასწავლი ფეხბურთი ევროპელთა თუ სამხრეთამერიკელთა ტაქტიკის მიბაძვით. ქართული ფეხბურთი ჩვენმა ბუნებამ შვა. პაიჭაძე იყო თავი-სახე ქართული ფეხბურთისა. იმ დროს არ ემორჩილებოდნენ საფეხბურთო სისტემებს. მიმბაძველობა შემდეგ დაიწყო და დაიკარგა კიდევაც საკუთარი სახე.

როგორი იყო იგი? უპირველესად, ის იყო თამაში, სანახაობა, თავისი თავის ჩვენება. ზოგჯერ დამარცხებულები ვბრუნდებოდით სტადიონიდან, მაგრამ აღტაცებულნი ვიყავით ჩვენების კარგი თამაშით. რა ფეხბურთს გვიჩვენებს უბრწყინვალესი გუნდი "ბარსელონა"? ისინი დაუმარცხებელნი არიან. "ბარსელონა" მოგებაზე თამაშობს, დიდხანს უჭირავს ბურთი.

ესაა კალათბურთი ფეხით. ისინი თამაშს აგებენ მოკლე-მოკლე პასებზე, დიდხანს ინარჩუნებენ ბურთს, ხანდახან მარცხენა ფრთიდან უკან აწვდიან მარჯვენა მცველს. ისევ იწყებენ ბურთის გორებას და გოლის გატანისათვის მზადებას, ვიდრე ბოლოს და ბოლოს მოწინააღმდეგის ბადეში არ გაეხვევა ბურთი.

საყურებლად ასეთ ფეხბურთს აკლია ემოციურობა, ხალისი; აკლია მოულოდნელობა. მარადონას ენით რომ ვთქვათ, "სიგიჟე!"

ერთხელ მურთაზ ხურცილავამ სინანულით ისიც დაიჩივლა: "არ შეიძლება ბურთის უკან მიწოდება" და ამ თქმაში მოისმის ქართული ფეხბურთის ხასიათი, შეტევა!

უდიდესი არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა თავის მშვენიერ წიგნში ასახელებს მრავალ ფეხბურთელს, განიხილავს მათ თამაშს, მათ ტექნიკურობას, მოედნის ხედვას, ფიზიკურ მომზადებას, აქებს და ადიდებს და მოულოდნელად... "ეს ფეხბურთელი ხომ ასეთი ძალისაა, დიდი ფეხბურთელია, მაგრამ მას აკლია თამაშით სიხარული, ხალისი, აღტაცება ბურთით".

აი, გასაღები მესხის დასახასიათებლად. მიშა ფეხბურთისთვის იყო გაჩენილი. ფეხბურთი იყო მისი სიცოცხლე. ის ბურთით ხარობდა და სხვასაც ახარებდა. მას გააჩნდა განუმეორებელი ინდივიდუალობა და უზომო სურვილი თამაშისა. მას უხაროდა თამაში. ამიტომ იყო, რომ გაიძახოდა სტადიონი მის სახელს. მისი მოულოდნელი თავდასხმა თავბრუს ახვევდა მცველებს.

ის მიმინოს მიაგავდა, მწყერებს რომ დაერევა. დაფეთებული მცველები ერთმანეთს აწყდებოდნენ, აღარ იცოდნენ, ვინ საით გარბოდა.

ფეხბურთის მოყოლა შეუძლებელია. ის უნდა ნახო, საკუთარ თვალით იხილო. უნდა ნანახი გყავდეს ეს ჭაბუკი ბურთიანად მცველებში შეჭრილი. როგორ შეიძლება მისგან მოგვრილი აღტაცება და სიხარული გადმოსცეს შავ-თეთრმა ფირმა? თუმცა გურამ თიკანაძის ფოტოზე კარგად ჩანს მესხის შეტევის შედეგი! მოტყუებული, ამოყირავებული მცველი... მესხი კი ახალი მსხვერპლისაკენ მიიწევს!

ახლა, როცა დიდი დრო გასულა და შორიდან ვჭვრეტთ იმჟამინდელ ჩვენს ფეხბურთს, არაფერი გვაქვს სასაყვედურო. ჩვენც გვქონდა საკუთარი სახის ფეხბურთი - არავის მსგავსი, არამედ ქართული, შემტევი, ვაჟკაცური და ლამაზი, ულამაზესი ფეხბურთი, რომელიც უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებდა. ამ ლამაზი, მომხიბლავი ფეხბურთისათვის ლომის წილი მიხეილ მესხს ეკუთვნის. იმიტომაა, რომ ვერ ივიწყებენ მას.

ფეხბურთისათვის ყველა რასა კი არ გამოდგება, მეომარი რასაა საჭირო. ჩვენს წინაპრებს უყვარდათ სპორტი. "ვეფხისტყაოსანი", ჩვენი უპირველესი წიგნი, ხშირად შეგვახსენებს სპორტს. ავთანდილი რომ ტარიელს მოიკითხავს, ეტყვიან, ბურთს თამაშობსო და ავთანდილი ნახავს ცხენზე ამხედრებულ ტარიელს, ცხენბურთის მოთამაშეს! ამ თამაშობებით იმაგრებდნენ გულსა და მკლავს ჩვენი წინაპრები, ამიტომ იყვნენ ომში მამაცნი და ძლიერნი, მოედანზე კი მომხიბლავნი. იყვნენ ფეხბურთელები - გოლების გამტანნი, მესხი იყო სიხარულის მომტანი.

საუბედუროდ, მიშას იმ დროს მოუწია თამაში, როდესაც ზენიტს მიაღწია რუსულმა შოვინიზმმა. როცა დასჭირდებოდათ, რუსი ფეხბურთელი მესხიო - წერდნენ; ხოლო, როცა მსოფლიო ფეხბურთელებში საუკეთესოდ დაასახელეს და ლონდონში მიიწვიეს, მესხი ინგლისში არ გაუშვეს. ახლაც უკვირს ილო დათუნაშვილს, ხუსეინოვი წაიყვანეს და მესხი დატოვესო!

მიშამ განიცადა ეს დევნა, მაგრამ არ შემდრკალა, არ დაშინებულა. დღეს ყველამ ვიცით, მაგრამ მაშინ კაციშვილს არ შეუტყვია, როგორ შეიფარა და მალავდა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას. მიშას არ აინტერესებდა, ვინ რა პარტიას ეკუთვნოდა. მას ერთი პარტია სწამდა - ეს იყო საქართველო. ის იყო უშიშარი, საქართველოს სადიდებლად ყოველთვის გამზადებული.

ბრაზილიაში ფეხბურთის ფანების მოთხოვნით დადგეს ზიკოს ძეგლი. ეს ტრადიცია უხსოვარი დროიდან საბერძნეთიდან მოდის. ოლიმპიადებში გამარჯვებულებს დაფნის გვირგვინით უმკობდნენ შუბლს და ძეგლებსაც უდგამდნენ.

ჩვენმა სახელოვანმა მოქანდაკემ, გოგა შხვაცაბაიამ, რომლის "მშვიდობის ჩირაღდანი" ქანდაკების სამშობლოში, საბერძნეთში დადგეს, დიდი ხანი იმუშავა მესხის ძეგლზე. ქართველ ფანებს ამაზე დიდებულ სიხარულს რა მიანიჭებდა? მაგრამ რატომღაც ადრე მიჩუმათდა ეს ამბავი.

მოქანდაკის საქმეში არავინ უნდა ჩაერიოს, მაგრამ მიშას ძეგლი თუ მართლა დაიდგა, სასურველია, მესხთან ერთად არ დავკარგოთ მისი გასაოცარი ფინტი. ბრინჯაოში ეს ცხადად უნდა მოჩანდეს.

მიხეილ მესხი გამოგვიგზავნა ღმერთმა, რათა ჩვენი მოღლილი სული გაეღვიძებინა მოსაწყენ და დათრგუნვილ ცხოვრებაში. ერთადერთი სიხარული იყო არა ის, ხუთწლედები რომ სრულდებოდა და გარდამავალ დროშას მიიღებდნენ, არამედ ის წამი, როცა მიშა მიიღებდა ბურთს. აი, ახლაც მესმის შორეული ძახილის მკრთალი ექო, ის თანდათან ძლიერდება და ჩვენს გულებში მძლავრად გაისმის მქუხარება: მესხი! მესხი! მესხი!

ელგუჯა ბერძენიშვილი
საქართველოს დამსახურებული მხატვარი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული