ტარმო კინკი ლვოვის "კარპატიში" ქართველებმა გადაიყვანეს?

AutoSharing Option
უკრაინულმა ინტერნეტ სააგენტო Bigmir.net-მა ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერები შეაფასა.

ათეულში ორი ისეთი ტრანსფერი მოხვდა, რომლებიც ქართველებს უკავშირდება.

მე-7 ადგილზე დაასახელეს "ოლექსანდრიადან" დავით თარგამაძის დონეცკის "შახტარში" გადასვლა, რაც სააგენტომ ასე დაასაბუთა: "თარგამაძეზე ნადირობდნენ კიევის "დინამო", ხარკოვის "მეტალისტი" და "შახტარი". "ოლექსანდრიას" ქართველმა ლეგიონერმა კი უპირატესობა მეშახტეებს მიანიჭა. თუმცა, ახალ კლუბთან მხოლოდ თებერვლის შეკრებაზე იყო, რის შემდეგაც ოსტატობის დასახვეწად და "შახტარისთვის" საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად მარიუპოლის "ილიჩივეცში" გადავიდა".

სააგენტომ მნიშვნელოვან შეთანხმებებში მე-6 ადგილი მიუჩინა ინგლისის პრემიერშიფის "მიდლსბროდან" ლვოვის "კარპატში" გადასული ესტონელი ტარმო
კინკის
ტრანსფერს. რა შუაშია ესტონეთის ნაკრების თავდამსხმელი ქართველებთან?

"ამ ტრანსფერზე მიხეილ გულორდავასთან ერთად ვმუშაობდი და მიხარია, რომ ასეთი ცნობილი მოთამაშე თანამშრომლობაზე დავითანხმეთ. კინკი ადრე მოსკოვის "სპარტაკში" თამაშობდა, ბოლოს კი "მიდლსბროში" იყო. ინგლისიდან იტალიაში, "კატანიაში" გადადიოდა, მაგრამ მოველაპარაკეთ და ლვოვის "კარპატში" გადავიყვანეთ.

სხვათა შორის, 2008 წელს ტალინში ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს პენალტით გოლი გაუტანა და საერთოდაც, ძლიერი თავდამსხმელია. ეს ტრანსფერი უკრაინაში უკვე სეზონის ერთ-ერთ სენსაციად შეაფასეს", - გვითხრა ქართველმა მენეჯერმა სერგო ქუთათელაძემ, რომელიც ბოლო დროს უკრაინულ ბაზარზე დამკვიდრდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული