დავით ოდიკაძე: ბოდიშს ვიხდი უხეშობისთვის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და მარტვილის "მერანის" შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და 2:2 დასრულდა.

მატჩის 43-ე წუთზე მეტოქეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ყველაფრის თავი და თავი დავით ოდიკაძე აღმოჩნდა. 30 წლის გამოცდილი ფეხბურთელი უხეშობით არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ ამ ეპიზოდში უჩვეულოდ მოიქცა, ბურთისთვის ბრძოლაში მარტვილელთა ნახევარმცველს, ლაშა ჩალაძეს სახეში წიხლი ჩაარტყა.

ცხადია, ამან მარტვილელთა უკმაყოფილება გამოიწვია და პატარა დაპირისპირებაც მოხდა. საბედნიეროდ, ყველაფერი მალე ჩაწყნარდა, მაგრამ მოჰყვა გაგრძელება: 18 მარტს თავად დავით ოდიკაძე დაგვიკავშირდა და ვფიქრობთ, ისე მოიქცა, როგორც ნამდვილ სპორტსმენს შეშვენის.

"თავის მართლება არ მიყვარს,
მაგრამ "მერანთან" პირველი ტაიმის ბოლოს მომხდარ ეპიზოდს ძალიან განვიცდი და ამიტომაც მოგმართეთ, რომ საჯაროდ ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ.

ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი იყო, მაგრამ აზარტში შესულმა და ნერვებს აყოლილმა ვერ მოვზომე და ლაშა ჩალაძეს ნიკაპში ბუცი მოვარტყი.

რამდენი ხანია, ვთამაშობ, მაგრამ ტრავმა არავისთვის მიმიყენებია. მე თვითონ ფეხი ორჯერ მომტეხეს და ვიცი, რომ უხეშობა მოთამაშეს არ შეშვენის. ეს შეგნებულად არც გამიკეთებია, მაგრამ ადამიანს ტკივილი მივაყენე. ამიტომ თამაშის შემდეგ ლაშა ვნახე და მომხდარის გამო პირადად მოვუბოდიშე.

მასთან უხეშობას ორმაგად იმიტომ განვიცდი, რომ ცხინვალის "სპარტაკში" ერთად ვთამაშობდით. ახლა იგივე მსურს გაზეთის საშუალებით ვთქვა. ლაშას, მოწინააღმდეგეს, "მერანისა" და "დინამოს" გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი", - ამბობს დავით ოდიკაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული