ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სახელების შეცვლას არსი არ შეუცვლია - არსებობს საფეხბურთო სკოლა და იმავე ტერიტორიაზე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაც, რომელთაც ერთი დამფუძნებელი ჰყავს - მამუკა გუგეშაშვილი.
"ჩვენს საფეხბურთო სკოლაში დაახლოებით 350 ბავშვი დადის. ჯგუფები ყველა ასაკში გვყავს", - გვითხრა გუგეშაშვილმა.
ჯიქიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სკოლა"თბილისის" განკარგულებაში ხუთი
"ოლიმპი" სპორტული სკოლა არ არის, მაგრამ ყველანაირად ხელს უწყობს იმ ბავშვებს, რომლებიც პარალელურად ფეხბურთზეც დადიან. ნორჩი ფეხბურთელების განკარგულებაშია სატრენაჟორო დარბაზიც.
"თბილისს" ამ დროისთვის ხუთი მოედანი კი აქვს, თუმცა ყველა მისი საკუთრება როდია. სტანდარტული ზომის და ორი მომცრო მოედანი იმ ტერიტორიაზეა, რომელიც ესტონურ კომპანიას ეკუთვნის და "თბილისს" იჯარით აქვს აღებული.
"ესტონელები ბოლომდე ჯერაც არ არიან ჩამოყალიბებულნი იმაზე, გაყიდონ თუ არა ეს ტერიტორია. მათი ყოყმანი ჩვენც ხელს გვიშლის. მოედნების საფარი გამოსაცვლელია, მაგრამ სანამ გაურკვევლობაა, ჩვენც გაჩერებულები ვართ. თუ ეს ტერიტორია გაიყიდება, სხვაგან უნდა მოვძებნოთ მიწა მოედნების ასაშენებლად და ორ სხვადასხვა ადგილას გვექნება მოედნები", - გაგვიმარტა გუგეშაშვილმა.
"რა თქმა უნდა, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კლუბთან, მაგალითად, "საბურთალოს" 3-4 თაობის კარგი ფეხბურთელები მივაწოდეთ. ისეც მოხდა, რომ ლევან გვანცელაძემ თბილისის "დინამოში" ჩვენთან მოლაპარაკების გარეშე ერთი თაობა წაიყვანა, 1999 წელს დაბადებულები. ეს ისეთი ასაკია, რომ "თბილისი" იურიდიულად პრეტენზიას ვერ წამოაყენებდა", - გვამცნო გუგეშაშვილმა.
"თბილისში" სწავლის საფასური 40-50 ლარია, 14 წლის ზევით ნიჭიერი მოზარდებისთვის კი გადასახადი გაუქმებულია. გუგეშაშვილმა გვითხრა, რომ კარგი, საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს თბილისის "ლოკომოტივთან" და მის პრეზიდენტ ლექსო თოფურიასთან.
"ჩვენგან სამი ნიჭიერი ფეხბურთელი უკვე გადავიდა "ლოკომოტივში" და ამ კლუბთან თანამშრომლობა გაგრძელდება. კარგი ურთიერთობა გვიყალიბდება ქუთაისის "ტორპედოსთანაც", სამი ნიჭიერი ფეხბურთელი ახლახან იქაც წავიდა "თბილისიდან".
გუგეშაშვილმა ისიც გვითხრა, რომ მის სკოლაში გადადგეს პირველი საფეხბურთო ნაბიჯები გიორგი ჭანტურიამ და ვაკო ყაზაიშვილმა, რომლებიც შემდეგ "საბურთალოში" გადავიდნენ და მერე აღმოჩნდნენ არნემის "ვიტესში". გუგეშაშვილის სკოლაში დაიწყო ფეხბურთის თამაში სანდრო კობახიძემაც, რომელიც თანდათან ყალიბდება ეროვნული ნაკრების საკვანძო მოთამაშედ.
"სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, პირველ რიგში, მოედნების საკითხი უნდა მოვაგვაროთ. ამ პრობლემას რომ გადავჭრით, ჩვენი სკოლა კვლავ საუკეთესოზე განაცხადებს პრეტენზიას. მიმაჩნია, რომ სამუშაო პროცესის მხრივ "თბილისი" ახლაც საუკეთესოა. ჩვენთან 12 მწვრთნელია დასაქმებული და ვფიქრობ, სპეციალისტთა საუკეთესო კონტინგენტი სწორედ ჩვენთანაა თავმოყრილი. სკოლის დირექტორი და მთავარი მწვრთნელი პაატა მეტრეველი გახლავთ. არც იმის თქმა მომერიდება, რომ ყველაზე ნიჭიერი ბავშვები ჩვენს სკოლაში დადიან".
გუგეშაშვილის თქმით, "თბილისთან" პარტნიორობის სურვილს რამდენიმე ქართული და უცხოური კლუბი გამოთქვამს. გამოჩნდნენ პოტენციური სპონსორებიც, რომლებთანაც მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა.
რაც შეეხება პროფესიული კლუბის შექმნას, "თბილისის" უახლოეს გეგმებში ეს არ შედის. გუგეშაშვილისვე განმარტებით, ეს უფრო შორეული პერსპექტივაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"